"მიხეილი საქართველოს დირექტორი ვეღარ იქნება!" - კვირის პალიტრა

"მიხეილი საქართველოს დირექტორი ვეღარ იქნება!"

"ნება მიბოძეთ, კასანდრა ვიყო და ვთქვა, - ბურჯანაძე იქნება პოლიტიკაში, მაგრამ პირველი პირი ვერ გახდება"

"ხელისუფლებაში დუღილია, სერიოზული დაპირისპირებაა, რომელიც მალე გარეთ გამოვა. აშშ-ის წნეხი იზრდება. ვიღაც ხელისუფლებაში გატყდება. არ გამოვრიცხავ, ერთ დღეს 4-5-მა ცნობილმა სახემ თქვას, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი:

- საქართველოს არჩევნების გარეშე ხელისუფლების ცვლილება არ სჭირდება. რევოლუცია პოლიტიკური პარტიების საქმე არ არის, მას ხალხი აწყობს. ვიცი, რომ საზოგადოების ნაწილს ძალიან ეჩქარება სააკაშვილთან გამოთხოვება, მაგრამ მის გადაყენებას აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ სააკაშვილი-2 ან სააკაშვილი-5 არ დარჩება ხელისუფლებაში. ყველა გადატრიალებით ხელისუფლებაში ახალი სააკაშვილი მოდის. თუ ვიღაცებმა წინასწარ იციან, რომ არჩევნებში დავმარცხდებით, მე გეტყვით, რომ რევოლუციაშიც დავმარცხდებით. ჩვენი თაობა მოესწრება "ნაცმოძრაობისა"  და სააკაშვილის დამარცხებას არჩევნებში.

- არჩევნებამდე რევოლუციას ორი პოლიტიკური ძალა აანონსებს.

- სინამდვილეში რევოლუციის სურვილი არც ერთს არა აქვს. სახალხო კრება აქამდე ამბობდა, 2 მაისს რაღაც მოხდებაო, ახლა გავიგეთ, რომ 2-ში იტყვიან, 17-ში რაც მოხდება. ეს რევოლუციის გზა არ არის, რევოლუციამ არ იცის მოთმინება და თარიღების დათქმა. ეს ცნობილი ტექნოლოგიაა, რომელსაც რეიტინგული ტივტივი ჰქვია და ემსახურება იმ პოლიტიკური ძალების აქტუალიზაციას, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ სხვა საშუალებებით...

გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში შიდა პროცესი მიმდინარეობს. გამოდის ხელისუფლების ნაწილი (ძირითადად, პალიკო კუბლაშვილი) და ამბობს საარჩევნო გარემოზე, არაფერს დავთმობთო. მათ აშშ-ის განცხადებაც ასე გაიგეს, მიდით, ბიჭებო, არაფერი დათმოთო. მაგრამ არსებობს პალიკოსგან განსხვავებული თვალსაზრისი, რომლის მომხრენიც ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს.

- ვინ დგას ამ თვალსაზრისის უკან, გიგა ბოკერია ხომ არა?

- ეჭვი გვაქვს, რომ ბოკერია სწორედ მკაცრი ხაზის მომხრეა. ისე, არ მეწყინება, თუ გავიგებ, რომ ბოკერია სწორ ხაზს ავითარებს თავის პარტიაში, თუმც არ აღვფრთოვანდები, თუკი ქართველი ხალხი  სააკაშვილს ბოკერიათი შეცვლის. თუ "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა სააკაშვილთან ერთად სიკვდილი, დაფიქრება მართებს. მოკვდა ყველა ის პარტია, რომლებიც პრეზიდენტს ეკუთვნოდა, მაგრამ თუ "ნაციონალურ მოძრაობას" თვითგადარჩენის ინსტინქტი უბიძგებს, გახდეს ჩვეულებრივი პარტია და სააკაშვილს შეელევა, ქართველი ხალხის ნაწილი მას მხარს დაუჭერს...

როდესაც შევარდნაძის პარტიაში იყო, მახსოვს, ბატონმა ბარამიძემ  თქვა, 70 წლით ვართ მოსული ხელისუფლებაშიო. ის ხელისუფლება ორ  წელიწადში წავიდა, მაგრამ ბატონი ბარამიძე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია გამოცხადებულია, მეჩვენება, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე მიაღწევს. ორი ვადა, ათი წელი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რამე გაეკეთებინა. თუკი სააკაშვილი პატიოსან არჩევნებს ჩაატარებს და ისე წავა, ის პლუსი მაინც ექნება, ვთქვათ, კაცურად წავიდაო. მაგრამ გარწმუნებთ, ის საქართველოს დირექტორი ვეღარ იქნება!

- რომც წავიდეს, სააკაშვილის პარტიას ახალი ფავორიტები ეყოლება მომავალ არჩევნებზე, როგორც ამბობენ, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე.

- თბილისი პარიზი არ არის, რომ მისი მერი აუცილებლად პრეზიდენტად აირჩიოს ქართველმა ხალხმა. მეეჭვება გიგის პერსპექტივა მისივე პარტიაში. ასევე გამორიცხულია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბაქრაძე აირჩიოს პრემიერად. ბაქრაძე მაღალი თანრიგის ჩინოვნიკია, მაგრამ არ არის საჯარო პოლიტიკოსი და არასოდეს გადაუდგამს დამოუკიდებელი ნაბიჯი.

ის შევარდნაძესთან იყო და როდესაც მისი მეგობრები მიტინგებზე დადიოდნენ, მათ დასცინოდა, არ სჯეროდა, რომ შევარდნაძე წავიდოდა, ახლა არ სჯერა, რომ სააკაშვილი წავა. ბაქრაძე ის კაცია, რომელმაც ერთი სერიოზული დოკუმენტიდან (აფხაზეთის კონცეფციიდან) თავისი ავტორობა გამოითხოვა იმის გამო, რომ გაიგო, სააკაშვილს არ მოეწონაო. თუ კატაკლიზმები მოხდა და სააკაშვილი გაგვექცა, ბაქრაძეს 45-დღიანი პრეზიდენტობა მოუწევს და მაშინ ექნება შანსი, ამ მომენტით ისარგებლოს, მაგრამ გარწმუნებთ, გამბედაობა არ ეყოფა, რომ სერიოზული ნაბიჯები გადადგას.

- ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რა აზრი აქვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას, თუ არჩევნები ძალოვანი უწყებების მონაწილეობით ჩაატარა ცესკომო.

- ქალბატონი ნონა პოლიტიკოსი არ არის და ამიტომ მსჯელობს ამგვარად. როდესაც არაპოლიტიკოსი ამბობს, ქვეყანა უნდა გადავარჩინოო, ეს ნიშნავს იმას, რომ საცხობში შევიდეს და თქვას, პურის ცხობა არ ვიცი, მაგრამ მაინც გამოვაცხობო. ქალბატონ ნონას ისეთი ღვაწლი და დამსახურება აქვს ქართველი ხალხის წინაშე, არ დავივიწყებთ მაშინაც, თუ 2 მაისს გაირკვევა, რომ არ გამოგვდის რევოლუცია, ან თუ 2 მაისს დანიშნული თარიღი რევოლუციის ჩავარდნის დღე აღმოჩნდება.

დავუშვათ, ვინმეს გაუმართლა და მოაწყო რევოლუცია, არ დაიჯეროს ვინმემ, რომ აურჩევლად დავისვამთ ნინო ბურჯანაძეს საქართველოს დირექტორად. 2007 წლის 7 ნოემბერს დამდგარიყო ხალხთან და ეთქვა, ჩემი ხალხის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემო. გარწმუნებთ, ის იქნებოდა მთელი ოპოზიციისა და ხალხის ფავორიტი და საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა. მაგრამ ბურჯანაძემ ეს შანსი გაუშვა. ნება მიბოძეთ, კასანდრა ვიყო და ვთქვა, - ბურჯანაძე იქნება პოლიტიკაში, მაგრამ პირველი პირი ვერ გახდება. მას არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს.