მრავალმხრივ განვითარებული სააკაშვილი - კვირის პალიტრა

მრავალმხრივ განვითარებული სააკაშვილი

პრეზიდენტი სააკაშვილი გასულ კვირას ერთ-ერთი ახალგახსნილი სკოლის პედაგოგებს შეხვდა. ახალი სკოლა მართლაც კარგი სანახავი იყო, კიდევ უკეთესი კი სააკაშვილის სენსორულ ეკრანთან დგომა.

როგორი აღტყინებით აჭერდა ეკრანს ხელს და პედაგოგებს სხვადასხვა პროექტს უჩვენებდა. აღტყინებაზე ეტყობოდა, რომ ახალი ტექნოლოგია ახალი ათვისებული ჰქონდა. მახსოვს, დაახლოებით ერთი წლის წინ ერთ-ერთი ოპოზიციონერი, რომელიც ადრე სააკაშვილის თანაგუნდელი იყო, მიმტკიცებდა, სააკაშვილს კომპიუტერის არაფერი გაეგება, მე რომ მასთან ვიყავი, ტექსტებსაც კი ხელით წერდაო. უსწავლია, ბატონო ჩემო! ვიდრე თქვენ ერთ ადგილს ტკეპნით, სააკაშვილი წინ მიიწევს. არათუ უბრალო კომპიუტერი, უკვე უახლესი ტექნოლოგიებიც აუთვისებია.

მართალია, ჯერ ეკრანს თითებს მოუხეშავად უტყაპუნებდა, მაგრამ ჩანს, რომ მონდომებულია. თქვენ კიდევ იმ ეპოქაში ჩარჩით, როდესაც სააკაშვილი ხელით წერდა. სააკაშვილს ჩვენს ოპოზიციონერებთან ერთი უპირატესობა აქვს: ისინი მუდმივად ან ერთ ადგილს ტკეპნიან, ან წრეზე ტრიალებენ, სააკაშვილი კი მუდმივად წინ მიდის. მართალია, ზოგჯერ თავადაც არ იცის საით, მაგრამ ხომ მიდის?! აბა, დათვალეთ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, რამდენი რამ ისწავლა: თვითმფრინავის ტარებით დაწყებული, არქიტექტურით დამთავრებული. და თუ მისი პრეზიდენტობის დასასრულს ქვეყანა ვერ იქნება საგრძნობლად წინ წასული, ექსპრეზიდენტი ნამდვილად გვეყოლება მრავალმხრივ განვითარებული.

თოჯინების თეატრი

გასულ ხუთშაბათს პალიტრატვ-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მოწვევა მინდოდა. როგორც წესი, მათ პრესსამსახურს დავუკავშირდი და რომელიმე დეპუტატის გამოგზავნა ვთხოვე. მიპასუხეს, დღეს საღამოს, ზუსტად მაგ დროს, როდესაც თქვენ გადაცემა გაქვთ, კინოთეატრ "რუსთაველში" რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის შესახებ გადაღებულ ფილმს აჩვენებენ და მთელი უმრავლესობა იქ მიდისო. როგორც შემდეგ გავიგე, სერგეი მაგნიტსკი კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ცნობილი რუსი ადვოკატი ყოფილა.

მან აღმოაჩინა და ნათელი მოჰფინა რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდ საგადასახადო თაღლითობას. ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ დაუწყეს დევნა და საბოლოოდ სერგეი მაგნიტსკი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება, ფილმის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აპლოდისმენტები არ დაუშურებიათ. საღამოს ტელევიზიებმაც გაუშვეს სიუჟეტი ამ ფილმის ჩვენების შესახებ. გამოდიოდნენ უმრავლესობის წევრები და შეშფოთებული სახეებით გაიძახოდნენ: ერთი შეხედეთ, რა ხდება რუსეთშიო.

ბუნებრივია, ამ ფილმის საქართველოში ჩვენების და იქ მთელი საპარლამენტო უმრავლესობის მიყვანის მთავარი მიზეზი რუსეთში არსებულ ცუდ სიტუაციაზე კიდევ ერთხელ საუბარი იყო. 2008 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების  საზრუნავი ხომ ჩვენი იმაში დარწმუნებაა, რომ რუსეთში საქმე ძალიან ცუდადაა. თუმცა იმ დღეს ხელისუფლებას ცოტა არ გაუმართლა, რადგან ფილმის ჩვენებაზე სახალხო დამცველიც დაპატიჟეს. გიორგი ტუღუშმა ფილმის დასრულების შემდეგ თქვა: "ფილმში ბევრი ისეთი ტენდენციაცაა, რაც საქართველოსთვისაც დამაფიქრებელი უნდა იყოსო".

მე კიდევ მაშინ, როდესაც მითხრეს, მთელი უმრავლესობა ფილმის სანახავად მიდისო, ჩემი ბავშვობა გამახსენდა. დაწყებით კლასებში რომ ვიყავით, მთელი კლასი სწორედ ასე, კოლექტიურად დავყავდით თოჯინების თეატრში.

ძველი ბიჭის სინდრომი

როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკაში მაგარი ბიჭობა მოდაში შემოდის. აბა, რას მივაწეროთ ის გარემოება, რომ ყველაზე ჰალსტუხიანი ლიდერი ირაკლი ალასანიაც კი ძველი ბიჭივით ალაპარაკდა. ჟურნალისტებმა მას ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. გახსოვთ, ალბათ, ოქრუაშვილმა ორი კვირის წინ ჩვენს გაზეთს უთხრა, ალასანია უკანასკნელი ქალწული იყო ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც მიშამ უბიწობა ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა, თავადაც ვერ გაიგოო. ერთი საკითხია, ოქრუაშვილს აქვს თუ არა უფლება სხვისი უბიწობის დაკარგვაზე ილაპარაკოს, მაგრამ მეორეა ალასანიას პასუხი.

"როდესაც პირისპირ შევხვდები, პასუხს მერე გავცემ", - უთხრა მან ჟურნალისტებს. როგორ უნდა გავიგოთ ბატონი ირაკლის ეს განცხადება, ოქრუაშვილს რომ შეხვდება, ცხვირ-პირს გაუერთიანებს? საქმეს გაურჩევს? ყოველ შემთხვევაში, აღმზრდელობით-პედაგოგიური საუბრის სურვილს, ალბათ, არ ნიშნავს.

მაშინ რითი განსხვავდება ის ლევან გაჩეჩილაძისგან, რომელმაც პირდაპირ მიუნხენის აეროპორტში გაურჩია საქმე ბადრი ბიწაძეს? მაშინ რატომ დადის ჰალსტუხით? იაროს გაჩეჩილაძესავით ჯინსებით და უწინდოდ. რისი დამტკიცება უნდოდა ამ განცხადებით? რომ არავისზე ნაკლები მაგარი ბიჭი არ არის? დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკაში მაგარი ბიჭები კი არა, მაგარი პოლიტიკოსები გვჭირდება.