"მეთაურმა მითხრა, მცირე რესურსს ქალში ვერ დავხარჯავთ, უმჯობესია, კაცში დავხარჯოთო" - როგორ აღმოჩნდა სამხედრო მფრინავი ქალი პოლიტიკაში - კვირის პალიტრა

"მეთაურმა მითხრა, მცირე რესურსს ქალში ვერ დავხარჯავთ, უმჯობესია, კაცში დავხარჯოთო" - როგორ აღმოჩნდა სამხედრო მფრინავი ქალი პოლიტიკაში

"ყველაზე რთული ის იყო, როცა ერთსა და იმავე საკითხზე მამაკაცი რაღაცას აკეთებდა, იყო ოვაციები, ვაუ, რა მაგარია, ყოჩაღ, მაგრამ იმავეს ქალი რომ აკეთებდა, ამბობდნენ, გამოუვაა? შეძლებს? საცდელი ბაჭიასავით ვიყავი. ბოლოს იტყოდნენ, გამოუვიდაო. სულ გჭირდებოდა მტკიცებითი ფორმა, ისეთ მარტივ რამეზეც კი, რისთვისაც დროის დახარჯვა არც ღირდა"

"ლელოს" ერთ-ერთ აქტიურ წევრს, ეკატერინე ქვლივიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ჯერ კიდევ 21 წლის გოგონა ძალიან პოპულარული გახდა. მან სტერეოტიპები დაამსხვრია, სამხედრო ფორმა ჩაიცვა და ამით ოცნება აისრულა. მაშინ სამხედრო მფრინავი გოგონას ფოტოებით და ინტერვიუებით აჭრელებული იყო ჟურნალ-გაზეთები.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად 2007 წლიდან მუშაობდა. აგვისტოს ომის დროსაც აქტიურად იყო ჩართული პროცესებში. მას არა ერთხელ გამოუცხადეს მადლობა, 2017 წელს კი II ხარისხის მედალი მისცეს უმწიკვლო სამსახურისთვის. მერე იგი სასწავლებლად ამერიკაში წავიდა და 10 თვეს იქ ისწავლა. იქიდან დაბრუნებულს ახალი ცოდნის გამოყენება საჰაერო ძალებში სურდა, თუმცა აქ ჩამოსულმა, აღმოაჩინა, რომ მისი ადგილი იქ აღარ იყო. კაპიტანი გოგონა, რომელიც მთელი ცხოვრება ამ პროფესიაზე ოცნებობდა და 12 წელი თავდაცვაში იმსახურა, საბოლოოდ, იძულებული გახდა, საყვარელ საქმეზე უარი ეთქვა. სამსახურიდან მისი წამოსვლა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, რადგან უწყება ყოფილ სამხედროს კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში უჩიოდა და მისგან 28 000 ლარის გადახდას ითხოვდა. თავად ეკა კი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ამხელდა. დავა სასამართლომდე მართალია მივიდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტრომ უკან გაიხმო თავისი სარჩელი და ეკას არანაირი ჯარიმა არ გადაუხდია. იგი დღემდე განიცდის, საყვარელი საქმის კეთების საშუალება რომ არ მისცეს. მას დღეს ახალი საქმე აქვს, აქტიურად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და საგარეჯოში მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო.

როგორ აღმოჩნდა პარტია "ლელოში" ეკა ქვლივიძე, რა გზის გავლა მოუხდა თავდაცვის სამინისტროში, რაზე წყდება გული? - ამ და ბევრ საინტერესო ამბავს თავად მოგვიყვება.

- ეკა, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი იყავით,  გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიას დაუფლებოდით?

- დაახლოებით, მეექვსე კლასში სამხედრო ფორმის ჩაცმა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. ზუსტად რამ მოახდინა გავლენა, ამაზე პასუხი არ მაქვს, მიმაჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი საუკეთესო საშუალება, ჩემი ემოცია გამომეხატა ჩემი ქვეყნის წინაშე. მე-9 კლასში კი უკვე ვიცოდი, რომ სამხედრო ავიაციაში მინდოდა მესწავლა. მაშინ ქალბატონებს სამხედრო ავიაციაში არ იღებდნენ და სამოქალაქო განხრით საავიაციო უნივერსიტეტში მომიხდა ჩაბარება. იქაც უარი მითხრეს  საფრენოსნო ფაკულტეტზე, ამიტომ ჩავაბარე საინჟინროზე და ავიაციის მოწყობის სპეციალისტი ვარ. მაშინ ქართულად ლიტერატურაც კი არ იყო, რუსულად გვიწევდა ურთულესი მასალის სწავლა. ქალისთვის შეუფერებელ პროფესიად ითვლებოდა ეს საქმე და ფიქრობდნენ, რომ მობილობას გავაკეთებდი და სხვა ფაკულტეტზე გადავიდოდი. მარტივი ნამდვილად არ იყო, ძალიან მიჭირდა სწავლა, მაგრამ იმდენი ვიშრომე, წითელ დიპლომზე დავამთავრე. მე რომ დავამთავრე უნივერსიტეტი, სწორედ მაშინ თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო სექტორიდან მიღება გამოაცხადა. სამხედრო მფრინავებს არჩევდნენ და გადავწყვიტე, ბედი მეცადა. ასე მოვხვდი 20 წლის გოგონა სამხედრო ავიაციაში. მართლა წლების მანძილზე ვეომე მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს. ფორმა რომ ჩავიცვი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიამაყით გავინასკვე ბათინკებზე ზონრები. მინდოდა მეფრინა, პროფესიონალი ვყოფილიყავი და ამისთვის მართლა ყველაფერს ვაკეთებდი. საგარეჯოდან მარნეულში დავდიოდი. სულ ვხუმრობ ხოლმე, თვითმფრინავის და მანქანის მართვა ერთდროულად ვისწავლე-მეთქი. მთელი ის წლები ჩემი ხელფასი მიდიოდა ხუნდების, ზეთის შეცვლაში და საწვავში, ლოკოკინასავით ვცხოვრობდი მანქანაში, არ დამიწუწუნია, ოღონდ მეფრინა, ოღონდ ფორმა მცმოდა. გააჩერეს ერთი თვითმფრინავი, ვისწავლე მეორე, დავიწყე, ავეწყე, გააჩერეს მეორე, მესამე დავიწყე, ავეწყე, გააჩერეს... 21 წლის ასაკში პირველი დამოუკიდებელი ფრენა შევასრულე. ძალიან ამაყი ვიყავი. საოცარი განცდაა, დიდ და მნიშვნელოვან მიზანს რომ მიაღწევ. თითქოს, ჩაიცვი შენი ოცნება ტანზე და დღემდე ასეთი ემოცია მაქვს სამხედრო ფორმასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით, ფეხსაცმელებს რომ ჩავიცვამდი და შევისწორებდი, ყველა დეტალი იდეალურად რომ ყოფილიყო, მართლა ამაყი ვიყავი, ჩემს ქვეყანას რომ ვემსახურებოდი. ვაკეთებდი ღირსეულ საქმეს. ძალიან რთული პირობები იყო, ახლა რა უჭირთ, ყველაფერი წინ წავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ რომ დავიწყეთ, არ არსებობდა ინფრასტრუქტურული მოწყობა, სველი წერტილებიც კი არ იყო. რა ვარჯიშზე და ტრენაჟორებზე იყო ლაპარაკი! ამ პირობების მიუხედავად, გვიწევდა სახლიდან სიარული. ყოფილა შემთხვევა, მარნეულიდან სახლში, საგარეჯოში ჩავსულვარ, უცებ გამოუცხადებიათ განგაში და სახლში მოსული, ისევ უკან დავბრუნებულვარ. ან გზაში ვიყავი, ან ჰაერში.

- პირველი დამოუკიდებელი ფრენის დღე გაიხსენეთ...

- 2007 წლის ზაფხულში მომიწია ნატახტრის აეროდრომიდან გაფრენა, დამოუკიდებლად, მანამდე ინსტრუქტორთან ერთად დავფრინავდი. ძალიან ბედნიერი და აჟიტირებული ვიყავი, ნახევარსაათიანი ფრენიდან რომ დავბრუნდი. არაამქვეყნიური სამყაროა.

- მაშინ თქვენი ფოტოები ყველა ჟურნალის გარეკანზე იყო, პოპულარული გახდით. – შინაგანად არ ვარ პოპულარობის მოყვარული, ეს გამოიწვია იმ საქმემ, რაც მე ძალიან მიყვარს. საზოგადოებისგანაც დიდი სიყვარული და პატივისცემა მოდიოდა. მადლიერების და სიამაყის განცდა გეუფლება ამ დროს და თავდაჯერებული ხდები. ყველაფერი გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ცხოვრებაში ვყოფილიყავი კარგი მაგალითი, რომ ეთქვათ, ეკამ ეს შეძლოო. ხშირად, როცა გაუკვალავ გზაზე დავფრინავდი, სულ ვფიქრობდი, არაუშავს, ეკა, ეს კარგია, სამაგიეროდ, ეს გზა სხვას გაკვალული დახვდება-თქო. ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს. დღეს სამხედრო და სამოქალაქო ავიაციაში ქალი არ არის უცხო, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. არადა, თავიდან 7 წელი დამჭირდა ამისთვის, სანამ ჩემს პროფესიონალიზმს დავამტკიცებდი, მართლა ვამსხვრევდი სტერეოტიპებს. მერე გაირკვა, რეალურად და დოკუმენტალურადაც, თურმე, არსებობდა მასალა, რომ საქართველოს ისტორიაში საბჭოთა კავშირის დროს საკმაოდ წარმატებულები იყვნენ ქალები ამ სფეროში. საავიაციო უნივერსიტეტს აქვს ეს გაკეთებული და გამოჩნდა, რამდენი ღირსეული ქალი იყო ადრე ამ სფეროში. თურმე, უზარმაზარი ისტორია გვქონია. როცა მე დავიწყე, მაშინ არავინ არაფერი იცოდა ამაზე. მერე ძალიან სწრაფად შემოვიტანეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სწრაფად შემოვიდა ფსიქოლოგიური მასალაც და სწრაფად ინტეგრირდა ჩვენს რეალობაში. ეს არ იყო უცხო სხეულივით. ყველაზე რთული ის იყო, როცა ერთსა და იმავე საკითხზე მამაკაცი რაღაცას აკეთებდა, იყო ოვაციები, ვაუ, რა მაგარია, ყოჩაღ, მაგრამ იმავეს ქალი რომ აკეთებდა, ამბობდნენ, გამოუვაა? შეძლებს? საცდელი ბაჭიასავით ვიყავი. ბოლოს იტყოდნენ, გამოუვიდაო. სულ გჭირდებოდა მტკიცებითი ფორმა, ისეთ მარტივ რამეზეც კი, რისთვისაც დროის დახარჯვა არც ღირდა. დღეს გაზრდილია საზოგადოება და კარგია.

- თუმცა იყო მომენტი, როცა გვერდზე გაგწიეს ... - ეს  ძალიან მტკივნეული იყო ჩემს ცხოვრებაში. სულ ვამბობდი, ჩემი ხელით ფორმას არასოდეს გავიხდი-მეთქი. შეუსრულებელი მისიის განცდა დამყვება იმის გამო, რომ მომიწია წამოსვლა იქიდან, რაც ძალიან მიყვარს. ამერიკაში ვიყავი ერთწლიან კაპიტნის კურსებზე. უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მივიღე. ამ გამოცდილებით მოდიხარ, მზად ხარ, გარდა შენი პროფესიონალიზმისა, უფრო მეტად ჩაერთო კარიერულ წინსვლაში, მიიღო პროფესიულ დაგეგმარებასა და სხვა პროცესებში მონაწილეობა, ცოდნა და რესურსი გამოიყენო და ამ ყველაფრის ნაცვლად აქ დამხვდა იმედგაცრუება. ჯერ კიდევ სწავლების შუა პროცესში მომიხსნეს ხელფასზე დანამატი. რომ დავრეკე, უკვე სხვა მეთაური დამხვდა. ვიკითხე, რატომ არ მერიცხებოდა დანამატი, - ერთი წელია არ გიფრენია და დანამატს ვერ მიიღებო. არადა, ვერ ვიფრინე იმიტომ, რომ სასწავლებლად ვიყავი წასული. ბრძანების თანახმად, თუ ერთი წელი ნაფრენი არ გაქვს, გეხსნება დანამატი. რომ დავბრუნდი, სრულიად ბლოკირებული აღმოვჩნდი. ყველაზე დაბალ თანამდებობაზე დამნიშნეს, იმის ქვემოთ უკვე არაფერი იყო. მხოლოდ მევალებოდა, დილის 9 საათიდან 6 საათამდე უსაქმურად ვმჯდარიყავი სამსახურში, სხვა ფუნქცია არ მქონდა. ამოღებული ვიყავი სასწავლო გეგმიდან, რადგან ამერიკაში ვიყავი. ასე ვთქვათ, კუთხეში მიმაყენეს. არადა, მთელი წელიწადი ვსწავლობდი, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია და ბევრი მასალა რომ წამომეღო ამერიკიდან, რაღაც უკეთესი დაგვენერგა და ამის ნაცვლად დამსვეს კუთხეში. მეთაურს არც კი უკითხავს, რა ვისწავლე და რა ჩამოვიტანე. მაშინ რისთვის მიშვებ სასწავლებლად? რაში ხარჯავ ადამიანურ და ფინანსურ რესურს. სანამ ჩამოვედი, 5 მეთაური შეიცვალა ჩემმა სამსახურმა, იმდენად არასერიოზული დამოკიდებულება იყო სამხედრო ავიაციის მიმართ. არა - სამხედრო საქმიანობა, არა - ფრენა, არა - განვითარება. თან იმ პერიოდში ჯიპაში, მაგისტრატურაზე ვსწავლობდი, საერთაშორისო მიმართულებით და ვითხოვე, რადგან აქ მაინც არაფერს მაკეთებინებთ, იმის საშუალება მაინც მომეცით, მაგისტრატურა დავამთავრო-მეთქი. ინტენსიური სწავლა მჭირდებოდა იქ, დღეში 80-100 გვერდი უნდა მესწავლა. არც ამის საშუალება მომცეს. ტელეფონის გამოყენება აკრძალული იყო, არ მომცეს პირადი კომპიუტერის გამოყენების საშუალება და ასე, დილიდან საღამოს 6 საათამდე ვიჯექი და, უბრალოდ, ვსუნთქავდი. ინტენსიურ განვითარებას და აქტიურობას რომ ხარ მიჩვეული, ისეთი რეჟიმით ხარ ამერიკაში და უცებ აქ ეს ვითარება გხვდება, გიჩნდება შინაგანი პროტესტი. შევეცადე მიმეტანა მასალა მეთაურთან, თუ რამხელა რესურსით ჩამოვედი. მან არც მომისმინა, მითხრა, პრაქტიკულ ფრენაში ვერ გაგითვალისწინებთ, იმიტომ, რომ ამ კუთხით არსებულ მცირე რესურსს ქალში ვერ დავხარჯავთ, უმჯობესია, კაცში დავხარჯოთო. უცებ ჩემმა 12-წლიანმა კარიერამ ჩამირბინა თვალწინ. ეს წლები ყველგან ეკა ჩანდა, მეგონა, საბოლოოდ დავანგრიე სტერეოტიპი, რომ მხოლოდ კაცს შეუძლია იყოს სამხედრო მფრინავი, მაგრამ წლების შემდეგ ისევ ამ პრობლემას წავაწყდი. მივხვდი, ქალი მფრინავი არ სჭირდებოდათ. მას ვუთხარი, მაშინ გამოდის, მე უნდა დავანებო თავი სამხედრო სამსახურს-მეთქი. იქ რისთვის უნდა ვყოფილიყავი და წამოვედი.

- საკმაოდ ხმაურით წამოხვედით. გიჩიოდათ თავდაცვის სამინისტრო, ამერიკაში თქვენს სწავლაში დიდი თანხა იყო დახარჯული და ამის ანაზღაურებას თქვენგან ითხოვდნენ. როგორ დასრულდა ეს დავა სასამართლოში? - სკანდალურად წამოვედი, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იყო. უსაქმურად რატომ უნდა ვყოფილიყავი იქ? ლევან იზორია იყო მინისტრი და ვცდილობდი, მის ყურამდე მისულიყო ეს ამბავი, არა ერთხელ შევეცადე მასთან შეხვედრას, მაგრამ ვერ შევძელი. კონტრაქტის დარღვევა ხომ ჩემი ბრალი არ იყო. რატომ ირღვეოდა ვალდებულობა, ეს ხომ იყო გასარკვევი. აღმოჩნდა, მე მიჩივლეს და მოითხოვეს იმ თანხის ანაზღაურება, რაც ჩემს განათლებაში ჩადეს. დღემდე ძალიან დიდი მოკრძალება და პატივისცემა მაქვს იმ საქმის მიმართ, რასაც ვემსახურებოდი და იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ არიან, ამიტომ სულაც არ ვფიქრობდი ხმაურიანად წასვლას. მაგრამ მათი უპასუხისმგებლობის გამო ატყდა ეს აჟიოტაჟი. პარლამენტში იყო მისული ლევან იზორია და იქ, როგორც იქნა, მოვახერხე დამესვა კითხვა, საერთოდ რას უპირებდნენ სამხედრო ავიაციას. მაშინ იძულებული გახდა იზორია, ჩემთან შეხვედრა ჩაენიშნა. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი შედგა. მე მარტო ვიყავი, ისინი ბევრნი იყვნენ. ეს მოხდა 2019 წელს. იზორიამ მითხრა, ახლა 23 მილიონს ვდებთ სამხედრო ავიაციაშიო, - უნდა გარემონტებულიყო შვეულმფრენები, - და მერე მე და შენ ერთად უნდა ვიფრინოთო. უკან რომ დავბრუნებილიყავი, ვერც ვერაფერს მთავაზობდნენ. ვუთხარი, მანამდე ჩემს კვალიფიკაციას შევინარჩუნებ სამოქალაქო ავიაციაში და როგორც კი საშუალება მომეცემა, გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას-მეთქი. დღემდე არ შემდგარა ეს პროექტი, ისეთი ზედაპირული დამოკიდებულებაა. იქ ვინც არიან, გოგო-ბიჭები, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებიან, სამხედრო სივრცეს ემსახურებიან და უფრო მეტ, ღირსეულ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებენ. ჩემი მხრიდან კონტრაქტის დარღვევა კი გამოიწვია მათი მხრიდან არაერთმა დარღვევამ, იცოდნენ თავად იყვნენ დამნაშავეები და მაინც მიჩიოდნენ, მაგრამ იძულებულები გახდნენ, სასამართლოში შეტანილი სარჩელი თავდაცვის სამინისტროს უკან გაეტანა და გაიტანეს კიდეც. მე არაფერი გადამიხდია.

- ბოლო დროს აქტიურად ჩაერთეთ პოლიტიკაში, რატომ? - იმედგაცრუებაა იმის, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, როდესაც ყოველდღიურად იზრდება მცოცავი ოკუპაციის მასშტაბი, როდესაც ყოველდღიურებაში, ჩვენს ცხოვრებაზე ინტენსიურად აისახება რუსული გავლენა, როგორ შეიძლება თავდაცვის სისტემის მიმართ ასეთი უყურადღებოები და ზედაპირულები ვიყოთ. რატომ არ უნდა გვქონდეს კარგი საჰაერო მიმართულება, რატომ არ უნდა იყვნენ დაფასებული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. ჩვენთან ყველა სამხედრო მოსამსახურე ჩამოკიდებულია ბანკზე და ყველა ოცნებობს, რომ საპენსიო მიმართულება გადაიხედოს, რადგან ყოფილ სამხედროებს სამარცხვინო პენსიები აქვთ. მე ერთი ადამიანის ბრძოლა მართალია მოვიგე, მაგრამ რა შეიცვალა ამით? - შიგნით დარჩნენ ისევ ისინი და უძლიერესი, მაღალკვალიფიციური კადრები ვინც ჰყავდათ, წავიდნენ ემიგრაციაში. ზოგი კაფელ მეტლახს აგებს და ზოგი მუშად მუშაობს, რომ ოჯახი შეინახოს. ჩვენ ჩვენს ადამიანურ რესურს არ ვაფასებთ. ეს იმდენად მტკივნეულია ჩემთვის, ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა. ეს არის ერთადერთი გზა, საიდანაც შეიძლება რაღაცის შეცვლა. მჯერა, რომ აუცილებლად შევცლით და ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ. ჩემი რესურსი, რაც გამაჩნია, მაქსიმალურად მინდა დავხარჯო ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა გვყავდეს ძალიან დაფასებული, ფინანსურად მხრებში გამართული სამხედრო მოსამსახურე, ტაშს უნდა ვუკრავდეთ, როცა მას ვხედავთ და ვეუბნებოდეთ, რა მაგარი ბიჭი ხარ, რა მაგარი გოგო ხარ, რომ შენს მხრებზე გადის ჩვენი მშვიდობაო. მათ ფსიქოლოგიური, მორალური მხარდაჭერა და განვითარება სჭირდებათ.

- "ლელოში" როგორ აღმოჩნდით? - ვხედავდი, ერთი ადამიანის ბრძოლა საკმარისი არ იყო და მინდოდა, სხვებთან ერთად მებრძოლა უკეთესისთვის. ვაკვირდებოდი პოლიტიკურ პარტიებს და  ჩემი ყურადღება "ლელომ" მიიპყრო. აქ არიან ახალი სახეები, ყველა ღირსეული ადამიანია, თავის საქმეში კომპეტენტური, ყველა მოსულია სუფთა ისტორიით. დამტკიცებული აქვთ თავიანთი პროფესიონალიზმი. ჩვენ გვქონდა საქმიანი საუბრები. გუნდი ისეა აწყობილი, რომ სადაც უნდა იყო, გრძნობ, გუნდური დამოკიდებულებაა. ხედავ, შენთან ერთად ბევრი კარგი საქმე გაკეთდება. საათის მექანიზმივით არის აწყობილი პარტიაში ყველაფერი და ეს ძალიან მომწონს. აქცენტს აკეთებენ იმაზე, რაც შეიძლება მეტი ლიდერი გაიზარდოს და ადამიანი იყოს დამოუკიდებელი. სულ ლიდერებს და მაგარ ხალხს ეძებენ და ხელს უწყობენ მათ, რომ განვითარდნენ.

- ეკა, როგორც ვიცი, კარგად ხატავთ, აგრძელებთ ხატვას? - ხატვა ჩემი ჩუმი სამყაროა. ყოველთვის ვცდილობ სიახლეს და გადართვას იმისკენ, რომ ჩემი ნერვული რეცეპტორები დავასვენო. ხატვის ნიჭი მქონდა, ამას დედა სულ მეუბნებოდა, მაგრამ არასოდეს მქონია სურვილი, ამ საქმისთვის ხელი მომეკიდებინა. მერე მოვსინჯე. ვერ ვიტყვი პროფესიონალურად ვხატავ-მეთქი, არ მაქვს ისეთი სითამამე, რომ ნახატები საქვეყნოდ თავდაჯერებულად გამოვიტანო, მაგრამ რამდენიმე ნახატი მიდევს სოციალურ ქსელში. ჩემთვის ვხატავ და ვფიქრობ, ეს ის მიმართულებაა, რომელიც მსიამოვნებს და ჩემს შინაგან ემოციას გადმოსცემს.  ხატვის დროს ვისვენებ.

- კიდევ გაქვთ რამე გატაცება? - რაიონში ვცხოვრობ და განსაკუთრებით პანდემიის დროს, ყველას მოგვიხდა შინ ყოფნა. მანამდე ღამით ვბრუნდებოდი და დილით ადრე გამოვდიოდი, შინ დარჩენილმა კი, სოფლის მეურნეობას მივყავი ხელი და დღეს უამრავ რამეს ვუვლი -  მყავს ქათმები, თიკნები, გავზარდე გოჭები, მყავს ხოხბები, იხვები, მწყერები, სხვადასხვა უცნაური ჯიშის ფრინველი, ფისოებიც, ფაქტობრივად, კონტაქტური ზოოპარკი მოვაწყვე. მეზობლის ბავშვები ამ პანდემიის დროს მოდიოდნენ მის სანახავად. ერთადერთი, ჩემი შინაური ცხოველები და ფრინველები არ ლაპარაკობენ, თორემ ყველა გაწვრთნილი მყავს. ასე რომ, ამ მიმართულებითაც პოპულარული გავხდი. ვუვლი, ასევე, მცენარეებს, ყვავილებს, მომყავს ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი და ეს ძალიან მომწონს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავად ვიყო პროცესში ჩართული და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. ახლა ყველა სულიერი გაიზარდა და უფრო მეტი მოვლა სჭირდებათ. უკვე მამაც ჩავრთე საქმეში და მეხმარება. პარალელურად, სულ ვცდილობ,  კიდევ ახალი შესაძლებლობები მოვსინჯო, ბოლო დროს  საკერავი მანქანა ვიყიდე და ვკერავ კიდეც რაღაცებს. დაუსრულებლად ძიებაში და თვითგანვითარებაში ვარ. მინდა, სხვებმაც მომბაძონ. ხშირად მესმის, განსაკუთრებით, ამ პანდემიის დროს, თურმე, როგორი მოსაწყენი გახდა ცხოვრება. მე ასე არ ვფიქრობ. ცხოვრებას ჩვენ უნდა მივუდგეთ საინტერესოდ და - უკიდეგანოდ საინტერესოა ეს ცხოვრება. ადამიანს საკუთარი ფერადი სამყარო უნდა გქონდეს, რომ ცხოვრება არ გაანაცრისფერო.

- ეს ახალი საქმე ბიზნესად ხომ არ აქციეთ? - არა, ჯერჯერობით გასავალია და - მხოლოდ სიამოვნება. პერსპექტივაში ესეც შესაძლებელია. რაც გავაკეთე და კარგია, სახლისთვის მაქვს - ყველაფერი ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც არანაირი ქიმიით არ არის გაჯერებული. დილით ადრე ვდგები და ვაპურებ ყველა სულიერს. შეშის ღუმელით ვთბებით სოფელში და ფეჩსაც ვანთებ. ეს ყოველდღიურობაა ჩემი და მეხმარება, რომ კარგად მესმოდეს იმ საშუალო მაცხოვრებლების ცხოვრება, რომლებიც ჩემს გარშემო არიან. კომფორტი თუ გაქვს სოფელში, იქ როგორ უძლებო? ხშირად მეკითხებიან ხოლმე. რას ჰქვია უძლებ?! აქ გრძნობ, თუ გრძნობ მზის ჩასვლას და მზის ამოსვლას. რაც უფრო მეტად იქნები ახლოს ბუნებასთან, ეს უკეთესია. დილით, საქმეების შემდეგ მივდივარ "ლელოს" რეგიონულ ოფისში და გვიანობამდე ვმუშაობთ. საღამოს უკვე მამა უვლის ჩემს ფრინველებსა და ცხოველებს. ვაკეთებ დიასახლისის საქმეებსაც, როგორც ყველა ქალი.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება, დაოჯახებული არ ხართ, როგორც ვიცი... -  ჯერჯერობით მარტო ვარ, სერიოზული არაფერი ხდება. ეს ის პროცესია, რომელსაც მე ვერ ვმართავ. ყველაფერს, ალბათ, თავისი დრო აქვს.

(სპეციალურად საიტისთვის)