მიხეილ მაჭავარიანი: "ჭექა-ქუხილი არის გზა ჩიხისკენ" - კვირის პალიტრა

მიხეილ მაჭავარიანი: "ჭექა-ქუხილი არის გზა ჩიხისკენ"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ ხელისუფლება 2012-2013 წლებში არჩევნებით უნდა შეიცვალოს, ოპოზიციამ სააკაშვილის განაჩენად მიიჩნია. როგორ შეხვდა ჰილარი კლინტონის განცხადებას სახელისუფლებო გუნდი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ვკითხეთ:

- ჰილარი კლინტონმა ილაპარაკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და თქვა, აშშ ხედავს, ვინ არ ასრულებს ექვსპუნქტიან ხელშეკრულებასო. ქალბატონმა კლინტონმა ასევე ბრძანა, რომ აშშ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესს.

უმრავლესობამ წარუდგინა ოპოზიციას თავისი ხედვა. ზოგიერთი საკითხი ჩვენი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციით გავითვალისწინეთ. მაგალითად, მიგვაჩნია, რომ ბიომეტრიული სიებით არჩევნების ჩატარება კარგი იქნება, მაგრამ ამას დრო სჭირდება.

ოპოზიციასთან პრივატულ შეხვედრებზე არის საუბარი, რომ საბოლოოდ ბიომეტრიულ სიაზე შევთანხმდებით და არა მოწმობებზე, რადგან ბიომეტრიული მოწმობები ძვირი ჯდება, აჯობებს, დავიწყოთ კონკრეტული ადგილით, მაგალითად, თბილისით, სადაც ყველაზე მეტი ამომრჩეველია და მეტი ხარვეზიც იყო სიებში. ვთხოვთ უცხოელ პარტნიორებს, ამ პროცესში ჩაერთონ და დაგვაფინანსონ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მზად ვართ მოლაპარაკებისათვის. ვფიქრობ, შევთანხმდებით.

- მაგრამ ე. წ. რევოლუციონერთა გარდა, აქციების გამართვას აპირებს არჩევნების მომხრე ოპოზიციაც.

- ყველას თავისი ამოცანა აქვს. ჩვენი ამოცანაა, მოვაგვაროთ უმუშევრობის, სოციალური და  ჯანდაცვის პრობლემები, გლეხებს დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაში.

- თუ პროცესები ქუჩაში განვითარდა, ეს ხელისუფლების მიღმა როგორ ჩაივლის?

- შარშან იყო არჩევანი ჭექა-ქუხილსა და დემოკრატიულ არჩევნებს შორის და ჩატარდა არჩევნები, რომელიც შინაურმაც და გარეულმაც წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჭექა-ქუხილი არის გზა ჩიხისკენ და გზა არსაით.

- მაგრამ "სახალხო კრება" მაისში ხელისუფლების შეცვლას აპირებს.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ  ხელისუფლების შეცვლის გზა არჩევნებია.

- ნინო ბურჯანაძის შესაძლო დაპატიმრებაზე ლაპარაკი, ალბათ, თქვენც გსმენიათ?

- საფუძვლიანი ლაპარაკი ამ თემაზე არ გამიგია, ჩავთვალოთ, რომ გამოგონილი ამბავია.

- რაკი საჩხერეში ხშირად ხართ, მინდა არგვეთში მომხდარ "წყლის სკანდალზე" გკითხოთ. იქაურები ამბობენ, პრეზიდენტს ცისტერნებით მოტანილი წყალი დაალევინესო.

- ვიცი, რომ სათავო ნაგებობა გაკეთდა და ახლა მილების დაქსელვა მიდის. პრეზიდენტი არ არის ის ადამიანი, რომელიც სანახევროდ გააკეთებს რამეს და სალაპარაკოს გახდის. აღდგომის წირვას ტრადიციულად საჩხერეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დავესწარი და იქ მსგავსი ჭორი არ მომისმენია.

- ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას სიტუაციის გამწვავება მოჰყვა - ებრაელები აფხაზეთშიც კი აპირებენ ბიზნესსაქმიანობის დაწყებას.

- ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს აგებს. ეს ადამიანები 1992 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში, გადაიხადეს ქრთამი და ეს აღიარა ქრთამის ამღებმაც (სხვათა შორის, მასთან საპროცესო გაფორმდა იმის გამო, რომ 30 ათასი დოლარი აქვს აღებული ებრაელებისაგან). სანაცვლოდ მათ არც ერთი კაპიკი არ ჩაუდვიათ საქართველოში. მოგვიანებით შევარდნაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაცია შექმნა და გააუქმა ხელშეკრულება ებრაელ ბიზნესმენებთან.

ეს ადამიანები ტიპური თაღლითები არიან, ქართველი ხალხის ხარჯზე აპირებდნენ ფულის გაკეთებას. მაოცებს მათი პოზიცია, ვინც ცრემლებს ღვრის ამ თაღლითების გამო. შიმონ პერესი მათ საქმეში იმიტომ ჩაერია, რომ დაკავებული ებრაელები მისი პარტიის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, პერესს არ უთქვამს, დაკავებულები უდანაშაულონი არიანო.

- გავრცელდა ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო კარუსელზე.

- პირველად მესმის. ამიტომ ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.