"თუ სააკაშვილს ვერ გავისტუმრებ, პირობას ვდებ, ჩემს სახელს ვერასოდეს გაიგონებთ პოლიტიკაში" - კვირის პალიტრა

"თუ სააკაშვილს ვერ გავისტუმრებ, პირობას ვდებ, ჩემს სახელს ვერასოდეს გაიგონებთ პოლიტიკაში"

რა მოლაპარაკება ჰქონდათ "ქართულ პარტიასა" და ნინო ბურჯანაძეს? რა ურთიერთობა აქვს ავანსცენის მიღმა ორ პოლიტიკურ ძალას, ამის გარკვევა "ქართული პარტიის" პოლიტიკურ მდივანთან, ეროსი კიწმარიშვილთან ვცადეთ:

- ჩვენს პარტიებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ შარშან, დეკემბერში, დაწყებულმა ლევან გაჩეჩილაძის პერსონალური დისკრედიტაციის კამპანიამ ორ პარტიას შორის დიალოგის პერსპექტივა შეამცირა. როდესაც პარტიის შექმნა დავიწყეთ, ნინო ბურჯანაძეს შევთავაზეთ გამხდარიყო პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. თუმცა, რომ დავინახეთ, ნინოს არ შეეძლო შეესრულებინა ტოპლიდერის ფუნქცია (რომელსაც ევალება ყველა მიმართულებით სტრატეგიის განსაზღვრა), გადავწყვიტეთ, რაც ერთ ადამიანს არ გამოსდის, ჯგუფმა გააკეთოსო. ნინოს ვუთხარით, რომ ერთად გაგვეკეთებინა ის, რასაც ცალ-ცალკე ვერც ერთი ვერ აკეთებდა, მაგრამ ბურჯანაძემ უარი თქვა.

- უარი ნინო ბურჯანაძემ ნდობის დეფიციტით ახსნა.

- თუ ადამიანი არავის ენდობა, მარტო დარჩება. ვინც აცხადებს, არ ვენდობიო, აჩვენებს, რომ არ არის მზად ლიდერობისთვის. მას მერე,  რაც ურთიერთობა შევთავაზეთ, ნინო ჯერ ცდილობდა, არ გავერთიანებულიყავით, მერე კი ჩვენი რიგები გაეთიშა, ცალკე-ცალკე ეთანამშრომლა ყველასთან და თვითონ გამხდარიყო დომინანტი. ამაზე უარი რომ ვუთხარით, "სახალხო კრებიდან" აგრესიული დარტყმები წამოვიდა.

- "სახალხო კრება" აცხადებს, რომ პირველმა ოქრუაშვილმა დაარტყა.

- შარშან სექტემბრიდან არ შეწყვეტილა კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, უაპელაციოდ გვლანძღავენ. წინასწარმეტყველებენ, რომ "ქართული პარტია" დაიშლება და  ლიდერები ერთმანეთს  დაჭამენ. ამის გაგრძელება იყო ის, რომ ბურჯანაძემ ირაკლისთან მოინდომა პირისპირ შეხვედრა. ამას რომ გეუბნებით, ბურჯანაძისთვის რაიმეს დაბრალებას კი არ ვცდილობ, არამედ მინდა დაგანახოთ, რაშია წინააღმდეგობა და პრობლემა. შუამავლებს, რომლებიც ბურჯანაძემ მიუგზავნა, ირაკლიმ უარი უთხრა და პარიზიდან წავიდა, რომ ნინოს არ შეხვედროდა.

ბურჯანაძე მიუნხენის კონფლიქტამდე ორი კვირით ადრე იყო ჩასული პარიზში, მაგრამ ირაკლიმ შეუთვალა, სანამ ლევანთან არ მოაგვარებდა ურთიერთობას, მანამ არ შეხვდებოდა. ამის მერე მიუნხენში გადავეყარეთ ბადრი ბიწაძეს და მოხდა ის ინციდენტიც.

შემდგომ უკვე ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ბურჯანაძეს შევხვედროდით. მე და ლევანი პარიზში ნინოსთან შესახვედრად წავედით, ნინოსაგან პრინციპული თანხმობა გვქონდა, რომ მზად იყო, შეხვედრისთვის, მაგრამ პარიზში აღარ ჩამოვიდა. თან, არც აგვიხსნა, რატომ.

ბურჯანაძესთან კიდევ ბევრ სხვა თემაზე გვქონდა ლაპარაკი, რაზეც არაფერს ვიტყვი, რადგან  იმედი მაქვს, ხვალ შეთანხმებას შევძლებთ მხოლოდ ბურჯანაძესთან კი არა, არამედ ყველა იმ პირთან, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" სისხლი არ გადასხმია. ის, რაც ვთქვი, უნდა თქმულიყო. ეს არის მწარე წამალი, ურომლისოდაც გამოფხიზლებას ვერ დაიწყებ. ჩვენ ვიტყვით სიმართლეს და ხალხმა განსაჯოს, არის თუ არა ჩვენს ქმედებაში ამბიციის ნატამალი. ერთადერთი, ვისაც ამბიცია ვერ გადაულახავს, ნინო ბურჯანაძეა. საქართველო მას არ მიიღებს მომავალ ბელადად. ჩვენ  არავის მივცემთ საშუალებას, საქართველოს მორიგი ავტორიტარი ხელისუფალი გახდეს.

მოვუწოდებ ნინო ბურჯანაძეს, ამბიცია დასძლიოს, დაანებოს თავი ნდობასა და უნდობლობაზე ლაპარაკს. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - სააკაშვილს მარტო ვერავინ მოერევა. მორევა არც  არის მთავარი პრობლემა. ის სადმე გადაიჩეხება, შეიძლLება, გადაჭარბებული დოზა მოუვიდეს ან ფხა გაეჩხიროს ყელში, რადგან ზღვარგადასული ჭამა უყვარს. ქვეყანას ვერ გამოვაჯანმრთელებთ, თუ არ შევქმნით სისტემას, რომელიც გათვლილი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ინტერესების რეალიზაციისათვის.

- ლევან ბერძენიშვილმა თქვენსა და ბურჯანაძის მიერ არჩეულ ტაქტიკას "რეიტინგული ტივტივი" უწოდა.

- აჯობებს, ლევან ბერძენიშვილმა საკუთარი განწყობების ცვალებადობის ამპლიტუდას გადახედოს ბოლო რვა წლის განმავლობაში და გვითხრას, როდის იყო გულწრფელი. მუცლითმეზღაპრეობას და ბრალდებებს თავი დაანებოს. მე, ირაკლი ოქრუაშვილს, სოზარ სუბარსა და ლევან გაჩეჩილაძეს სატივტივო არაფერი გვჭირს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ ქვეყნის მომავალი შევქმნათ. ეს კაცი 30 წელი ლუზერია და აჯობებს, თავი დაანებოს წყევლა-კრულვას. ჩემი ყველა პროექტი წარმატებული იყო, ეგ კაცი კი 30 წელია, ყველაფერში მარცხდება.

- როდის აპირებთ ხელისუფლების შეცვლას?

- წელს. ხალხში დაუყოვნებელი ცვლილებების უდიდესი მოლოდინი და მოთხოვნილებაა. მდგომარეობა აუტანელია. შემიძლია დაგისახელოთ სოფელი წიწკანაანთსერი, რომელიც ყვარლის ტბასთან არის. ამ სოფლის მცხოვრებთ ტბასთან მისასვლელი ტყე დაუკეტეს. ტბის თავზე წამოჭიმეს სასტუმრო და რესტორანი, სადაც დღევანდელი რეჟიმის ელიტა განცხრომაშია, ქეიფობს და ქალებთან ერთობა. ამ სოფლის მცხოვრებნი ხშირად ხედავენ სააკაშვილსა და მისი დაცვის მოძუნძულე თანამშრომლებს. ამ ხელისუფლების მხიარული კამპანიის  ზეიმს რომ უყურებს ხალხი, რა განწყობა ექნება? ამის მერე შეიძლება დავსვათ კითხვა, არის თუ არა რევოლუციური ვითარება? წიწკანაანთსერში 94% აიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ახლა მოუსმინეთ, რას ამბობენ იქაურები. ასევეა სოფლების უმეტესობაში. ერთ დღესაც ეს ხალხი სახრეებით გაყრის ამ ხელისუფლებას.

- ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების შეცვლის საშუალებად არჩევნები მიაჩნია.

- სოციალურ ქსელებში ნახავთ, რამდენად რადიკალიზებულია საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ლიბერალურს ვუწოდებთ. საზოგადოებას ძალიან აბნევს, როცა პოლიტიკოსთა ნაწილი ეუბნება, ყველაფერი 2 მაისს დამთავრდებაო, მეორე ნაწილი კი 2012 წელს ელოდება. ბურჯანაძის ხისტი, ამბიციური პოზიცია და რვაN პოლიტიკური პარტიის ილუზიაში ყოფნა ხელის შემშლელია საზოგადოების კრიზისიდან დროულად გამოყვანისთვის.

- ბოლოს მინდა ტელეკომპანია "მაესტროსა" და "სილქნეტს" შორის არსებულ დაპირისპირებაზე გკითხოთ.

- "მაესტროს" მმართველი კომპანია ჩემია, მაგრამ ყოველდღიურ მენეჯმენტში არ ვმონაწილეობ. "სილქნეტი" სააკაშვილის კომპანიაა და, ბუნებრივია, სააკაშვილის ბიზნესის წარმომადგენელს არ ექნება სურვილი ჩართოს თავისი ოპონენტის საინფორმაციო საშუალება. მე პრაქტიკული ადამიანი ვარ. ვიღაცების წინასწარმეტყველების მიუხედავად, გავაკეთე "მაესტრო"  და საზოგადოებას ჩავაბარე პროდუქტი, რომელიც ბევრად საინტერესო გახდება. ჩემი ოპონენტებისაგან განსხვავებით, მე "მაესტრო" გავაკეთე და ამ რეჟიმსაც გავისტუმრებ. ეს განსხვავებაა ლუზერებსა და აქტიურ ადამიანებს შორის.

სააკაშვილს წელს გავისტუმრებთ, თუ ეს ვერ გავაკეთე, თქვენთან ვდებ პირობას, ჩემს გვარსა და სახელს ვერასოდეს გაიგონებთ პოლიტიკაში.

ხელისუფლება წელს შეიცვლება ან რევოლუციით, ან ევოლუცით, ანუ არჩევნებით.