"სანამ კომპრომისი პიროვნულ ტრაგედიად ჩაითვლება, მანამდე გაგვიჭირდება ქვეყნის წინ წაწევა" - კვირის პალიტრა

"სანამ კომპრომისი პიროვნულ ტრაგედიად ჩაითვლება, მანამდე გაგვიჭირდება ქვეყნის წინ წაწევა"

"ოცნება" ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას კი არა, ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას ცდილობს"

"იმედია, მხარეები სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას. პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს ყურადღება კოვიდპანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ - ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას", - ამ განცხადებით დაასრულა მძიმე და ხანგრძლივი მოლაპარაკება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თბილისში ვიზიტი. მედიატორის თქმით, ევროკავშირმა და აშშ-მ დიდი შრომა გასწიეს, რომ დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში. "პრეზიდენტ მიშელის 6 პუნქტიდან ზოგიერთში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ამ ყველაფრის შესახებ მე მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს", - აღნიშნა დანიელსონმა. რა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია, რამდენად აქვს ქართულ პოლიტიკურ კლასს გააზრებული გამოწვევების სირთულე და როგორ აპირებს პროცესის წარმართვას ოპოზიცია, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- როდესაც მედიატორმა თავისი დოკუმენტი დადო და თქვა, ეს არის ჩემი დოკუმენტი, რომელსაც ვათანხმებ ორივე მხარესთანო, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 6 პუნქტიდან 5,5-ზე შეთანხმება მიღწეულია. ჩვენ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი, თუმცა საბოლოოდ მედიატორის შემოთავაზებული პუნქტებიდან და საკითხებიდან აბსოლუტურად აღარაფერი დარჩა.

"ქართული ოცნება" არ აღმოჩნდა მზად არც ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებისა და რეფორმისთვის სასამართლო სისტემაში, საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის ჩართულობისთვის, პასუხისმგებლობის განაწილებისთვის, ვადამდელი არჩევნებისთვის, პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტისთვის...

მმართველმა გუნდმა მედიატორების ძალიან საინტერესო იდეები არ გაიზიარა. ამიტომაც მოექცა მოლაპარაკება ჩიხში. დავრწმუნდით, რომ "ოცნება" ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას კი არა, ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას ცდილობს.

- "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მაგიდაზე იდო მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი და შავით თეთრზე ეწერა მართლმსაჯულების, მათ შორის, პროკურატურის, მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი და ამ ყველაფერს ოპოზიციამ ხელი ჰკრა, მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდა. - გასაკვირია, ალეკო ამას რომ ამბობს. მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" მედიატორების იდეებში კორექტირება შეიტანა, არანაირ სასამართლო რეფორმაზე აღარ იყო საუბარი. პირიქით, გამოჩნდა, რომ რეფორმებისა და ცვლილებებისთვის მზად არ არიან.

მედიატორებმა შემოგვთავაზეს თავიანთი ვერსია, შემდეგ "ოცნებამ" შეიტანა თავისი შესწორება, რომლის შედეგადაც მედიატორების ვერსიამ სხვა სახე მიიღო. დაგვიდეს დოკუმენტი და გვითხრეს, რომ პოზიციები უნდა დაგვეახლოებინა, მეორე დღეს კი ვნახეთ დოკუმენტი, სადაც საერთოდ სხვა რაღაცებზე იყო საუბარი. დადგება დრო და საზოგადოება პირველი დოკუმენტის შესახებაც გაიგებს ყველაფერს და იმ დოკუმენტის შესახებაც, რამაც საბოლოოდ მოლაპარაკება ჩაშალა.

- ოპოზიციას არ ჰქონდა პრინციპული მოთხოვნა, რამაც მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლებელი გახადა?

- ჩვენ არანაირი რადიკალური მოთხოვნა არ დაგვიყენებია. პირიქით კი იყო, მედიატორების ზოგიერთი წინადადება "ოცნებამ" არ გაიზიარა.

იყო საკითხები, რომლებზეც დავეთანხმეთ. ველოდით, რომ "ოცნება" დათანხმდებოდა რეფორმებს... სანამ კომპრომისი პიროვნულ ტრაგედიად ჩაითვლება, მანამდე გაგვიჭირდება ქვეყნის წინ წაწევა.

პოლიტიკურ კრიზისს მხოლოდ ოპოზიცია ვერ განმუხტავს, საჭიროა ხელისუფლების ნებაც. დიდი შეცდომაა, როდესაც მმართველი ძალა გამაერთიანებლის ნაცვლად კონფრონტაციას ირჩევს და ხალხს ერთმანეთთან აპირისპირებს.

- შეინიშნება ასეთი ტენდენცია, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა პოზიტივისკენ მიდის, საცაა შეთანხმება უნდა შედგეს, უცებ ვრცელდება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ვიდეორგოლი ან განცხადება და ყველაფერი თავიდან იწყება... - არ ვადევნებ თვალს სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლებს. "ლელოს" თავისი დღის წესრიგი აქვს და მისგან გამომდინარე ვმოქმედებთ.

- ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ნებსით თუ უნებლიეთ, თქვენც სააკაშვილის თამაშში ხართ ჩათრეული. - ეს ხელისუფლების ნარატივი და ოპონენტების დისკრედიტაციის მიზანდასახული ცდაა. სხვათა შორის, აპრობირებული მეთოდია, რომელსაც გებელსმა ჩაუყარა საფუძველი - ხან რეკეტიორებს გვეძახიან, ხან კრიმინალებს, ხან კი "ნაციონალების" სატელიტებს.

- რას აპირებს "ლელო"? - უპირველესად სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობას, რათა უფრო გაძლიერდეს მათი ჩართულობა პროცესში. ამასთანავე, მშვიდობიან მანიფესტაციებში მივიღებთ მონაწილეობას.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანის გამო კვლავ უყურადღებოდ რჩება მთავარი საკითხები, მაგალითად, რეგიონული რისკები და სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები? - ამიტომ არის საჭირო რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმება, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და უზრუნველყოფს ოპოზიციის ჩართულობას პროცესებში.

- კიდევ დარჩა სივრცე შეთანხმებისთვის?

- ნურავის ექნება მოლოდინი, რომ "ოცნების" მეოხებით ჩაშლილი მოლაპარაკების გამო დასავლეთი ხელს აიღებს ჩვენზე, პირიქით, პროცესებში მასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთვება.

ხათუნა ბახტურიძე