"სხვა ვისთან­ შეიძლება ვილაპარაკოთ და ვითანამშრომლოთ თუ არა "ოცნებასთან?!" - კვირის პალიტრა

"სხვა ვისთან­ შეიძლება ვილაპარაკოთ და ვითანამშრომლოთ თუ არა "ოცნებასთან?!"

"ამ ეტაპზე დანარჩენი ოპოზიცია არ მაინტერესებს. ჯერ მთავარია კრიზისის განმუხტვის გზა დავინახოთ, მერე შეიძლება თავისით შემოგვიერთდნენ"

"იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, ამ ხალხს ერთად ლაპარაკი არ შეუძლია... არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება, რომლის გამოც მსჯელობა ძნელია. იმედი მქონდა, რომ მოლაპარაკება ამჯერად მაინც შედეგიანი იქნებოდა. იყო პუნქტები, რომლებიც მომწონდა და შესაძლებელი იყო გამხდარიყო კონსენსუსის საგანი, თუ ის იქნებოდა საჯაროდ განხილული და საჯარო წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგდებულად ეკიდებოდნენ ზოგიერთ პუნქტს", - ამბობს "გირჩის" ლიდერი ვახო მეგრელიშვილი.

- სხვა საკითხებს შორის იყო პოლიტპატიმრებისა და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ვისთვისაც 20 ივნისის ღამის გამო ხელისუფლებას შეიძლებოდა პასუხი მოეთხოვა. ძალიან კარგი იყო ის პუნქტიც, რომელიც რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზას გვიხსნიდა.

შემოთავაზებული იყო ადგილობრივი არჩევნების მიბმა პროპორციულ შედეგზე - თუ "ოცნება" გარკვეულ პროცენტზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუმცა ეს სხვებს არ აინტერესებდათ. სასამართლო რეფორმის შესახებ პუნქტები ბუნდოვანი იყო. რაც შეეხება საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას და დელეგაციების უფროსობას, თავიდანვე ბოლომდე მიშელის შემოთავაზებას ჰგავდა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ეს არც იყო საინტერესო.

- ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მისაღები იყო პირველი ვერსია, რომელიც მათ დანიელსონმა წარუდგინა, თუმცა შემდეგ "ოცნებამ" დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა და მიიღეს თვისებრივად სხვა დოკუმენტი...

- დიახ, ნამდვილად იცვლებოდა დოკუმენტის შინაარსი. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხების განხილვა არც ერთ მხარეს არ უცდია, ხელაღებით უარყოფდნენ ყველაფერს.

- რომელი მხარე უარყოფდა? - ორივე... ორივე უკმაყოფილო იყო, თანაც ისე საშინლად, გამორიცხული იყო დათანხმება. ის პუნქტები მათი ასეთი დამოკიდებულების გამო იცვლებოდა.

- დავაზუსტოთ, პუნქტებში ისევ მოდერატორებს შეჰქონდათ ცვლილებები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას ხედავდნენ, თუ თავად მხარეებს? - ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ ჯერზე უარესი ვერსია მოდიოდა. მაგალითად, პირველ დოკუმენტში ეწერა, რომ უნდა ჩატარებულიყო სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით. მე გავაპროტესტე, რომ დაბალი კი არა, უბარიერო უნდა იყოს-მეთქი. შემდეგ დოკუმენტში გაწერილი იყო, რომ დაბალი ბარიერი მხოლოდ 2024 წლის არჩევნებზე იქნებოდა. უბარიეროს ვიღა ჩიოდა, საბოლოოდ ის დაბალი ბარიერიც ერთჯერადად დათქვეს...

- ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ კრიზისის რუსეთის სასარგებლოდ შექმნას. როგორც ცნობილი გახდა, ამ საკითხზე დანიელსონმაც ისაუბრა, თუმცა მისი განცხადება სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. რა თქვა სინამდვილეში დანიელსონმა? - მას არავინ დაუდანაშაულებია, ის კი არ უთქვამს, ხელისუფლება ან ოპოზიცია თამაშობს რუსეთის სასარგებლოდო, თქვა თქვენი კონფლიქტი მტრის ინტერესებში შედისო. მიგვანიშნა, ეს მიუღებელია როგორც თქვენთვის, ისე ევროპელებისთვისო.

- დაგვისახელეთ ისინი, ვინც შეხვედრაზე აგდებულად იქცეოდნენ. - ახლა რომ დავასახელო, ეს სერიოზული ბრალდება იქნება და პასუხს მომთხოვენ, მე კი დამტკიცების საშუალება უნდა მქონდეს.

- "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებას იწყებს? - "გირჩს" ყველა პოლიტიკურ ძალასთან სურს მოლაპარაკება. ოპოზიცია რატომღაც აღარ გველაპარაკება. სხვა ვისთან შეიძლება ვილაპარაკოთ და ვითანამშრომლოთ თუ არა "ოცნებასთან"?! მოლაპარაკების მაგიდასთან ბრძოლა რომ არ გამართულიყო, რაღაც შეთანხმებამდე ხომ მივიდოდით?! თეორიულად მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია. ეს ყველას აინტერესებს, ამის გარკვევა სურს "გირჩსაც".

- ვთქვათ, შეთანხმდნენ "გირჩი" და "ოცნება", დანარჩენი ოპოზიცია სად არის ამ სცენარში?

- ამ ეტაპზე დანარჩენი ოპოზიცია არ მაინტერესებს. ჯერ მთავარია კრიზისის განმუხტვის გზა დავინახოთ, მერე შეიძლება თავისით შემოგვიერთდნენ.

- კრიზისის განმუხტვის გზის დასანახად შეიძლება პარლამენტშიც შეხვიდეთ?

- სკანდალურ კითხვას მისვამთ და გსურთ სკანდალური პასუხი. ჯერ არ ვიცი, რას ვიზამთ. ნებისმიერი პასუხი, რომელსაც ახლა გაგცემთ, შესაძლოა ხვალ ტყუილი აღმოჩნდეს.

ჩემი აზრით, დიალოგიდან პოლიტპატიმრების თემა არასდროს გაქრება. საინტერესოა, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რის შემდეგაც აღარ გვექნება განცდა, რომ "ოცნება" ოპონენტებს დევნის. დღეს მელია და რურუა გამოყენებული არიან ან მოლაპარაკების ჩასაშლელად, ან ამ მოლაპარაკებაში გავლენის მოსაპოვებლად. ასე წარმართული მოლაპარაკება არასდროს დამთავრდება წარმატებით. "ოცნება" ამბობს, ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და აღარ იქნება პატიმარიო. აი, მეც ზუსტად მაგას ვამბობ - ასეთი შესაძლებლობა არსებობს და არ იყენებ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კრიზისს ხელოვნურად ქმნი? ათი ათასი ევროს თუ ლარის გამო ოპოზიციის მთავარი ლიდერი რომ ციხეში გყავს, ამას რა გამართლება აქვს და რა სტრატეგია ჰქვია? ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დიალოგი არ გინდა.

- ფიქრობთ, რომ მელიას ციხიდან გამოყვანით პროცესი დალაგდება? - არ დალაგდება, მაგრამ დალაგება ნამდვილად დაიწყება. მელიას ციხეში ყოფნა ნიშნავს, რომ მხარეებს ჯერ მოლაპარაკების დაწყება არა აქვთ გადაწყვეტილი. ის პუნქტები, რომლებზეც ინტერვიუს დასაწყისში მელაპარაკებოდით, არაფერ შუაშია, კიდევ გაჩნდება ახალი პუნქტები, რომლებზეც ან შევთანხმდებით, ან ვერა. მთავარია, გვინდა თუ არა შეთანხმება. რატომღაც მოდერატორების იმედად ვიყავით, გვეგონა, სასწაულს ჩაიდენდნენ და ჩვენი ნების წინააღმდეგ შეგვათანხმებდნენ. ხომ მივხვდით, რომ არ გამოდის. იქნებ ახლა მაინც მივხვდეთ, რომ სხვა გზას უნდა მივმართოთ, ჩვენ თავად მოვინდომოთ შეთანხმება.

ხათუნა ბახტურიძე