"პროცესი ისე მიდის, ქართველი ხალხი ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც თავად გასწევს განზე"
"პროცესი ისე მიდის, ქართველი ხალხი ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც თავად გასწევს განზე"
"ქართულმა ოცნებამ" თავადვე თქვა უარი იმ დოკუმენტის მიღებაზე, რაზეც თავადვე შეუთანხმდა შარლ მიშელს"

"ქართული ოცნება" ყველაფრის ფასს გადაიხდის. არ ვაპირებ ამას შევეგუო და "ქართულ ოცნებას" ჩავაბარო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველო დაადგეს ნორმალური განვითარების გზას" - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ოპოზიციასთან საერთო შეთანხმების დოკუმენტი არ მისულა. "ქართულმა ოცნებამ" დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. მმართველი გუნდი იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა,
იმდენად არასამართლიანი, ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან მიუღებელი პირობები დააყენა, რომ ევროპულმა მხარემ მათი ჩვენთან ერთად განხილვა საჭიროდ აღარ ჩათვალა. "ქართულმა ოცნებამ" ამით აჩვენა, რომ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს. მან ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას. საკითხები, რომლებიც მიშელმა ჩამოწერა,
რაზეც თანხმობა მისცა "ოცნებამ" და გადასცა მედიაციის მანდატი, ყველა ეს საკითხი უნდა ყოფილიყო დოკუმენტში, მაგრამ შეიცვალა "ქართული ოცნების" პოზიციები. მათ ჰგონიათ, მიშელთან ურთიერთობაც თამაშია", - ეს არასრული ნაწყვეტია იმ განცხადებიდან, რომელიც გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. უფრო ვრცლად ამ საკითხზე და ოპოზიციის შემდგომ სტატეგიაზე გიორგი ვაშაძე უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- როგორც უკვე აღვნიშნე, დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჩვენამდე არ მოსულა. "ქართულმა ოცნებამ" თავადვე თქვა უარი იმ დოკუმენტის მიღებაზე, რაზეც თავადვე შეუთანხმდა შარლ მიშელს.
დოკუმენტიდან მთელი რიგი პუნქტების ამოიღება მოინდომეს, რაც მიუღებელი აღმოჩნდა არა მარტო ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არამედ მედიატორებისთვისაც.

- თქვენ ამბობთ, რომ "ქართული ოცნება" შარლ მიშელთან ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იყო შეთანხმებული?
- "ქართული ოცნება" შარლ მიშელს შეუთანხმდა, რომ ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხზე იმსჯელებდა. შემდეგ თქვეს, რომ ამ ორი პუნქტის მთლიანად ამოღება სურდათ. ასე არ ხდება დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკება. "ქართული ოცნების" ამ მოთხოვნის შემდეგ მედიატორებს ჩვენთვის აღარც უკითხავთ რაიმე.

- მაშინ სად ან როდის წამოაყენა მმართველმა გუნდმა ინიციატივა, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა? ასეთ შემოთავზებაზე რატომ თქვა ოპოზიციამ უარი?
- მე არ მინახავს დოკუმენტი, რომელშიც ასეთი შემოთავაზება იქნებოდა. ამას ვერც ალეკო ელისაშვილი ნახავდა. ტყუილია. ვერ გავიგე, რატომ იცავს ეს ადამინი ყოველთვის "ქართულ ოცნებას"?! თუ მმართველ გუნდთან კოალიციას აკეთებს, გააკეთოს და ჩვენ თავი დაგვანებოს.

- სხვათა შორის, "გირჩის" ლიდერებმაც თქვეს, რომ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიციას უფრო დიდი წვლილი მიუძღვის.
- "გირჩის" ეს განაყოფი სტანდარტულია. ახლახან კვლევა ჩავატარე და ვნახე, რომ მათ რეიტინგი საერთოდ არა აქვთ. ახლა ოპოზიციასთან დაპირისპირებით ისევ სურთ ტელევიზიებში დაბრუნება.

- რაც შეხება კიდევ ერთ მთავარ თემას, რომელიც ნიკა მელიას ეხება და რომელიც, სავარაუდოდ, მოლაპარაკების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. თუ ოპოზიციასაც რეალურად სურდა, რომ მოლაპარაკება არ ჩაშლილიყო, დასავლელი დიპლომატი ხელცარიელი არ წასულიყო, რატომ ვერ მიიღეთ კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდის შედეგად გამოგეყვანათ ციხიდან?
- ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანა ვერ მოაგვარებს გიორგი რურუას, მეორე პოლიტიკური პატიმრის საკითხს. ხელისუფლების შემოთავაზება, გადაიხადეთ გირაო და გაიყვანეთ ნიკა მელია ციხიდან დღესვეო, ფანდია. როგორც სჩვევია, "ქართულმა ოცნებამ" ახლაც გადაწყვიტა საკუთარი ხალხის და ევროპელების გადაგდება. როგორც ადრე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სცადა საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება, ახლა ისეთივე ტრიუკით სცადა ევროპარლამენტარების მოტყუება.  თქვენ ნახავთ, მომავალი კვირიდან რა ქარიშხალი დაატყდება თავს "ქართულ ოცნებას".

- ამის თქმის საფუძვლად რა არგუმენტი გაქვთ, გარდა იმ ვერსიისა, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ბატონი დანიელსონი შარლ მიშელს "ქართული ოცნების" მიერ დასავლეთის გადაგდების ამბავს ჩაუტანს?
- ახლა საქართველოში არ ვიმყოფები, ქვეყნიდან ვარ წასული, მაქვს გარკვეული შეხვედრები... ახლა რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" პროცესის მხოლოდ შეფერხება შეძლო. ასეთ დესტრუქციულ ქმედებას დასავლეთი ვერ მიიღებს, მაშინ როდესაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებაზე გაქვს პრეტენზია. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება.

- ბატონო გიორგი, როგორ გაქვთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, როდესაც ისინი დიდი ხანია მოგიწოდებენ, შეხვიდეთ პარლამენტში? ამასთან, უცხოელი პარტნიორები არც დღეს ამბობენ, რომ 2021 წლის არჩევნები გაყალბდა.
- დღეს მსგავსი მოწოდებები აღარ არის, ახლა მოგვიწოდებენ, რომ შევთანხმდეთ და ისე შევიდეთ პარლამენტში. ამის წინააღმდეგნი არც ჩვენ ვართ. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი ხმები სჭირდება. თუ შეთანხმება შედგება, პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევალთ. "ქართული ოცნების" ტრიუკები ყელში ამოუვიდა როგორც ხალხს, ასევე დასავლელ პარტიონრებს. დღესავით ნათელია, ვინ ჩაშალა დანიელსონის მედიატორობით წარმართული პროცესი.

- ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, მოლაპარაკების ჩაშლაში წვლილი სააკაშვილის სატელევიოზიო ჩართვებსა და რადიკალურ მოწოდებებსაც მიუძღვის. სხვათა შორის, ოპოზიციის, სახელდობრ კი აკო მინაშვილის ხისტ განცხადებებზე მმართველი გუნდის ლიდერებიც აკეთებდნენ აქცენტს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ თქვეს, რომ ულტიმატუმებით საუბარს მოლაპარაკებაში სასურველი შედეგი არასდროს მოაქვს.
- სააკაშვილის სატელევიზიო ჩართვა არ მინახავს. რაც შეეხება აკო მინაშვილის განცხადებას, დიახ, მან თქვა, რომ ხელისუფლებათან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა იყო კომპრომისი და ეს ნამდვილად ასეა. რატომ? იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური ლიდერი ციხეში ზის.

"ნაციონალური მოძრაობას" ჰქონდა წინა პირობა, რომ ისინი მას შემდეგ დასხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ნიკა მელიას გაათავისუფლებდნენ. შარლ მიშელის თხოვნით ეს ხალხი კომპრომისზე წავიდა და მოლაპარაკების მაგიდას უპირობოდ მიუჯდა.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, თქვენ სააკაშვილსაც მოუწოდეთ პოლიტიკური პროცესის დატოვება. ხომ არ ფიქრობთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ის შესაძლოა ახალმა ლიდერმა, მაგალითად, ნიკა მელიამ ჩაანაცვლოს?
- ჩემი გადასაწყვეტი არ არის, "ნაციონალური მოძრაობა" თავის პარტიაში რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ერთი რამ კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა - პროცესი ისე მიდის, ქართველი ხალხი ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც თავად გასწევს განზე.

ხათუნა ბახტურიძე

გიო
24 მარტი 2021 12:34
ვაშაძე ნუ ატყუებ და ნუ აბოლებ ხალხს. შენი ამბები გაიხსენე ნაცების დროს . კარგათ ჩაიხედე საკუთარ თავში.
შეინახეთ
22 მარტი 2021 17:11
საქართველოს სულ მცირე 100 წელი არაფერი ეშველება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები