"ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა რეფორმაზე" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა რეფორმაზე"

"ჩვენ მზად ვიყავით კომპრომისისთვის, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" თავისი ხისტი პოზიციით შეუძლებელი გახადა მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულება"

ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ლიდერების თქმით, ისინი მოივლიან ყველა ქალაქსა და სოფელს, შევლენ თითოეულ ოჯახში და დაარწმუნებენ მოსახლეობას, რომ მათ ბრძოლას აზრი და მიზანი აქვს. ამ პერიოდში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში.

ბოლოს კი, 15 მაისს, ისევ რუსთაველის პროსპექტზე შეიკრიბებიან. ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, მოვლენების შესაძლო განვითარებასა და ოპოზიციის სტრატეგიაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, რამდენიმედღიანი მძიმე, რთული მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს - გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" არ არის მზად აიღოს მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში.

ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არა მარტო ქართველი საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინი არ გამართლდა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა წინ წასულიყო.

- ფიქრობთ, რომ ამ პროცესზე მხოლოდ ოპოზიცია იყო პასუხისმგებელი? - ეს ნამდვილად იყო ისეთი პროცესი, როდესაც კომპრომისზე უნდა წასულიყვნენ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. სამწუხაროდ, პროცესი ისე განვითარდა, რომ ხელისუფლება არც ერთ ეტაპზე არც ერთ საკითხზე არ წამოვიდა. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთ პროცესში ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური პატიმარი. ცნობილმა და ანგარიშგასაწევმა ევროპელმა დიპლომატმა, ბატონმა დანიელსონმა დიპლომატიაში ნაცადი ყველა ტექნიკა გამოიყენა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები ცოტათი მაინც დაახლოებულო.

- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება არ წამოვიდა დათმობაზე, მაგრამ ოპოზიციამ რა დათმო, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი არ ჩაშლილიყო? - ყველა, მათ შორის მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროგრამის საკითხზე, კომპრომისულ ვარიანტს მედიატორი გვიდებდა მოლაპარაკების მაგიდაზე. მედიატორები ცალ-ცალკე მუშაობდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან, შემდეგ ერთად. მათ ვერ მოახერხეს, რომ ხელისუფლება ამ კომპრომისულ ვარიანტებზე დაეთანხმებინათ, ხელისუფლებამ ყველა რეფორმაზე თქვა უარი. ასევე უარი თქვა ნიკა მელიას გათავისუფლებაზე. კარგი, ნუ დავარქმევთ მელიას პოლიტიკურ პატიმარს, პოლიტიკური ლიდერები რომ არ უნდა იყვნენ ციხეში, ამ საკითხზე თანხმდება ყველა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ გვსურდა შევთანხმებულიყავით ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ციხეში არ გვყოლოდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია და გიორგი რურუა, რომლის შესახებაც ყველამ იცის, რომ მიტინგებისა და ოპოზიციური ტელევიზიის დაფინანსების გამო ისჯება. როდესაც ხელისუფლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაზე უარს ამბობს და მძევლებს იტოვებს, ძალიან ძნელია, შეუძლებელიც კი, რომ სხვა საკითხზე შეთანხმება.

- "მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხები. ასევე საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზეც, თუმცა ოპოზიციამ ამ ყველაფერზე უარი თქვა. - სამწუხაროდ, ალეკო ელისაშვილი მთლიან პროცესს არ აკვირდება. როგორც ჩანს, ის ერთი კონკრეტული დღის შთაბეჭდილებით შემოიფარგლა.

სასამართლო რეფორმის შესახებ იყო ძალიან სერიოზული პუნქტები, რომელთა შესახებ პოზიციების დათმობა გვიწევდა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. მიუხედავად იმისა, ხელისუფლებამ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხებზე თქვა უარი, ჩვენ მზად ვიყავით კომპრომისისთვის, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" თავისი ხისტი პოზიციით შეუძლებელი გახადა მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულება.

- თქვენ ამბობთ, რომ მზად ხართ კომპრომისისთვის ვადამდელი არჩევნების საკითხში და თანხმდებით პლებისციტსაც. მე როგორც რიგით ამომრჩეველს, მაინტერესებს, თუ ხელისუფლებამ გამიყალბა არჩევნები, რატომ ვერ გააყალბებს პლებისციტს? - ბატონი დანიელსონის დოკუმენტში იყო პუნქტები, სადაც საარჩევნო სისტემის ადმინისტრაციის ცვლილებაზე იყო ლაპარაკი. გაუმჯობესებული საარჩევნო ადმინისტრაცია იყო საფუძველი, რომ პლებისციტი ნორმალურად ჩატარდებოდა.

ამ დოკუმენტში ძალიან ბევრი ისეთი პუნქტი იყო, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეფორმებზე ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა. ამიტომ მქონდა იმედი, რომ გადაიდგმებოდა ნაბიჯები პოლიტიკური კულტურის დასამკვიდრებლად. როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს მტრებად განიხილავენ, ეს ყოველთვის ავნებს ქვეყანას. გული მწყდება, რომ ისტორიის ეს ფურცელი ისევ ვერ გადავშალეთ.

ხათუნა ბახტურიძე