"შეთანხმება ულტიმატუმების თან­ხლებით ვერ შედგებოდა" - კვირის პალიტრა

"შეთანხმება ულტიმატუმების თან­ხლებით ვერ შედგებოდა"

"მოლაპარაკების პროცესი ჩაშლილი და დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე. ჯიბრში ჩადგომა არც მოქალაქეობრივი პოზიციაა და არც ქვეყნის სიყვარულის გამოხატვა"

"ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო", - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის ლიეტუველმა წევრმა და ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიანემ. "ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით მოლაპარაკება დაიწყო. ეს იყო ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი მედიაცია, რაც ნიშნავს, საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავლის გამო. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ მსგავს შემთხვევებში მოლაპარაკების შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას აქვს ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, მოლაპარაკების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ", - აცხადებს ევროპარლამენტარი. როგორია ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების აზრი, რას ასახელებს მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად, როგორ აპირებს შექმნილი რთული ვითარების მართვას, ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი გვესაუბრება:

- შეთანხმება ულტიმატუმების თანხლებით ვერ შედგებოდა. მთავარი, რის გამოც ეს შეთანხმება არ შედგა, ის არის, რაც ჩვენმა ოპონენტებმა მოგვიანებით საჯაროდ განაცხადეს. იმას ვგულისხმობ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები, ზურა ჯაფარიძე, აკო მინაშვილი და "ევროპული საქართველოს" წევრები ერთიმეორის მიყოლებით ამბობდნენ, რომ კომპრომისად აღიქვეს თავიანთი მონაწილეობა მოლაპარაკებასა და მედიაციაში. თურმე ნუ იტყვით და, მეორე კომპრომისული ნაბიჯისთვისაც მზად ყოფილან, ანუ თუ წამოყენებულ ყველა საკითხს შევასრულებდით, პარლამენტშიც შემოვიდოდნენ. ოპოზიციონერ ლიდერებს შევახსენებ, რომ პარლამენტში შემოსვლა კომპრომისი კი არა, მათი ვალდებულებაა. მოლაპარაკების პროცესში ყველა დანარჩენი პუნქტი ჩვენი შესასრულებელი იყო. ისეთზე არც არაფერზე იყო საუბარი, რომ ოპოზიციას კომპრომისი დასჭირვებოდა.

- თუმცა ახლანდელი რთული ვითარების გათვალისწინებით რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური სპექტრის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას ჰქონდა თუ არა მეტი ვალდებულება, დასავლელ მედიატორებს უფრო მეტად დახმარებოდა მოლაპარაკების შედეგით დასრულებაში? - დიახ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა და სახელმწიფოს ინტერესები. თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა იკისროს. ნუ ავიწყდებათ, რომ ისინიც ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ. ოპოზიცია ულტიმატუმს გვიყენებს, ან შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნას, ან ავრევთ ქვეყანასო. ჩვენი ვალია ისე სწორად ვიაროთ, რომ ოპოზიციას ქვეყნის ზედმეტად შეჯანჯღარების საშუალება არ მივცეთ. სწორედ ამიტომ არ დავაკმაყოფილეთ მათი განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების თაობაზე. ჩვენ ყველაფერს ვითვალისწინებთ, ყველაფერს ვწონით და ისე ვმოქმედებთ.

ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი გაიგებს, თუ რაზე იყო საუბარი მედიაციის დროს და მიხვდება, რომ ყველაზე კონსტრუქციული "ქართული ოცნება" იყო.

- როდის გაიგებს? საზოგადოება უკმაყოფილოა, რომ პოლიტიკური ჯგუფები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. - ამ ფორმატს ჩვენ დასავლელი მედიატორების თხოვნით ვინარჩუნებთ. მათი აზრით, მოლაპარაკების პროცესი ასე უფრო არ დაზიანდება.

- დასავლეთში ეს ფორმატი შესაძლოა გამართლებულია, მაგრამ ჩვენთან, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა პოლიტიკოსებს, ეს მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. ამასთან, ვერც მოლაპარაკების სასურველ შედეგს ვხედავთ. - ხალხის დიდი ნაწილი არ ენდობა პოლიტიკოსებს, პროცესიც ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მალე უნდა დასრულდეს. ერთადერთი, ვისაც საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება და არეულობა აწყობს, რუსეთია. ოპოზიცია საჯაროდ რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, მაგრამ რეალურად იმ საქმეს აკეთებს, რაც რუსეთს აძლევს ხელს.

"ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ დემოკრატიული პროცესი კონსტრუქციულ კალაპოტში მოაქციოს და გაითვალისწინოს როგორც ამომრჩევლის, ისე ოპონენტების ინტერესები და ბეწვის ხიდზე გაიაროს კომპრომისის მისაღწევად. მაგრამ რა? აგერ გვყავს ნიკა მელია, რომელიც ჯიბრში უდგას საკუთარ ქვეყანას. უარს ამბობს სათანამშრომლოდ გაწვდილ ხელზე.

- გინდათ თქვათ, რომ არა ოპოზიციის ულტიმატუმი, პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმდებოდით და ნიკა მელია დღეს გარეთ იქნებოდა? - პოლიტპატიმარი დღევანდელ ვითარებაში ისეთივე "სწორი" ტერმინია, როგორიც "გაყალბებული არჩევნები". დღემდე ერთი ფაქტითაც ვერ ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოიხსნა სამაჯური, თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერავინ დაიჭერს. კანონის ამ საჯაროდ დარღვევისა და სახელმწიფო უწყებების გამოწვევის შემდეგ ხელისუფლებას რა უნდა ექნა?! დიახ, ვადასტურებ, რომ არა ოპოზიციის ულტიმატუმი და ხისტი პოზიცია, ისინი გირაოს გადაიხდიდნენ და ნიკა მელია დღეს თავისუფალი იქნებოდა.

- ნიკა მელიას თემა ხომ არ იყო ერთგვარი თამაში, მახე, რომელშიც ხელისუფლება ძალიან ცუდად გაება? - რა თქმა უნდა, მახე იყო. თავიდანვე იკითხებოდა პროვოკაცია. თუმცა პროვოკაციაც არის და პროვოკაციაც. არ შეიძლება რეაგირების გარეშე დატოვო პროვოკაცია, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციას აზიანებს. ნიკა მელიამ საჯაროდ თქვა, არ დავემორჩილები კანონსო, შესაბამის უწყებას რეაგირება რომ არ მოეხდინა, ყველასთვის სიგნალი გახდებოდა, რომ კანონის უგულებელყოფა შესაძლებელია და ამას შესაძლოა შეუქცევადი პროცესი მოჰყოლოდა. თუ ოპოზიციისთვის მართლა მნიშვნელოვანია ქვეყანა შეეშვას ულტიმატუმებით საუბარს, ნუ გაუჯიუტდებიან საკუთარ ქვეყანას, გადაიხადონ გირაო, გამოიყვანონ გარეთ თავიანთი ლიდერი და გააგრძელონ მოლაპარაკება.

პროცესი ჩაშლილი და დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე. ჯიბრში ჩადგომა არც მოქალაქეობრივი პოზიციაა და არც ქვეყნის სიყვარულის გამოხატვა.

ევროპარლამენტარებმა სწორად შენიშნეს, ყველა უნდა გამოვიდეს ვიწროპარტიული ინტერესებიდან და ქვეყნის სამსახურში ჩადგეს.

- ხელისუფლება ელოდება, ოპოზიცია როდის დაანებებს თავს საკუთარი ქვეყნის ჯიბრში დგომას თუ კრიზისიდან გამოსავლის სხვა, უფრო კონკრეტული გზებიც გაქვთ? - ტერმინი "კრიზისი" ისევე შეეფერება დღევანდელ ვითარებას, როგორც პოლიტპატიმრების არსებობა და არჩევნების გაყალბება. ყოველივე ეს ოპოზიციონერების ჟონგლიორობის პროდუქტია. მათ მიერ მოდელირებულ კრიზისს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. როგორც კი გამოვრთავთ ტელევიზორს, ჩავხურავთ ფეისბუკს და გავალთ ქუჩაში, ვნახავთ, რომ არანაირი კრიზისი არ არის. დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებია. ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ოპოზიციას მათივე ამომრჩევლის 67% პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

- რატომ ამბობს ხელისუფლება უარს პლებისციტზე, როდესაც ამან შესაძლოა განმუხტოს დაძაბულობა?

- თუ ოპოზიციას მართლა აინტერესებს ხალხის აზრი, უნდა გაითვალისწინოს 2021 წლის 31 ოქტომბერს გამოხატული ხალხის აზრი და უნდა დაელოდოს, რა პოზიციას დააფიქსირებს ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე.

თუ ეჭვი ეპარებათ, რომ 31 ოქტომბერს ხალხმა თავისი აზრი ვერ გამოხატა, ან ამის არგუმენტები წარმოადგინონ, ან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გამოიყენონ და ისე დაამტკიცონ.არაფრის მთქმელი პრეტენზიებითა და კაპრიზებით საუბარი პოლიტიკურ პროცესში კი არა, ადამიანურ ურთიერთობაშიც არ არის გამართლებული.

- მას შემდეგ, რაც დიპლომატიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მედიატორი ცარიელი ხელებით გავუშვით საქართველოდან, რას ელით დასავლეთისგან, როგორი შეიძლება იყოს მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ?

- ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ისევ აქტიურად მიადევნებენ თვალს. ჩვენ ვიზიარებთ მათ აზრს, როდესაც ამბობენ, რომ ოპოზიციის რადიკალიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ერთადერთი, ვინც ამას ვერ ან არ ხედავს, ოპოზიციაა. სწორედ იმისთვის, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწიოს ჩვენს ქვეყანაში, პროცესები კონსტრუქციულ კალაპოტში უნდა მოვაქციოთ.

ხათუნა ბახტურიძე