"უშედეგო მოლაპარაკებით მხოლოდ მოსკოვი დარჩა კმაყოფილი"
"უშედეგო მოლაპარაკებით მხოლოდ მოსკოვი დარჩა კმაყოფილი"
"მძიმე იყო ამის ყურება, მაგრამ უფრო მძიმე შედეგის მოსმენა, როდესაც დანიელსონმა თქვა, თუ რისთვის შეიძლება მიეღწია საქართველოს..."

გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკება, რომელიც ევროპული საბჭოს მაღალი რანგის პირების მონაწილეობით გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა, GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა და პოლიტოლოგმა თენგიზ ფხალაძემ პოლიტიკურ უმწიფრობად შეაფასა. მისივე თქმით, ეს იყო საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც დაბალკვალიფიციური პოლიტიკოსების გამო ვერ გამოვიყენეთ.

- ასეთი ფინალი თითქოს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც ძალიან იმედგაცრუებული ვარ. გულდასაწყვეტია,
რომ ასეთი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, არათუ ვერ გამოვიყენეთ, ვერც გავაცნობიერეთ, კრიზისიდან გამოსვლის რამდენად დიდი შანსი გვქონდა კრისტიან დანიელსონის დახმარებით.

ეს მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა კი არა, ევროკავშირისკენ წინსვლის, დემოკრატიისა და სახელმწიფოს გაძლიერების წინა პირობაც იყო. ვერ შევაფასეთ, რას ნიშნავს­ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის, შემდეგ კი
მისი წარმომადგენლის საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ამ დოზით ჩართვა. ასეთი რამ უმიზეზოდ არ ხდება. ეს სერიოზული განაცხადია, რომელიც ვერც ერთმა მხარემ ვერ შეამჩნია, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

მძიმე იყო ამის ყურება, მაგრამ უფრო მძიმე შედეგის მოსმენა, როდესაც კრისტიან დანიელსონმა თქვა, თუ რისთვის შეიძლება მიეღწია საქართველოს.

- პოლიტიკური ძალები უკომპრომისობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
- მათ აჩვენეს პოლიტიკური უმწიფრობა და პოლიტიკური კულტურის უქონლობა. ასევე ისიც, რომ პარტნიორების აზრი ჩვენზე გადაჭარბებულია და ჯერ არათუ შემდგარი დემოკრატია გვაქვს, მოუმწიფებელი პოლიტიკური სპექტრი გვყავს. ამ უშედეგო მოლაპარაკებით მხოლოდ მოსკოვი დარჩა კმაყოფილი, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოა. სწორედ ეს დაამტკიცეს ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რაც ქვეყნისთვის საგანგაშოა, რადგან ამის მერე კრიზისი უფრო გაღრმავდება.

- რა უნდა მოემოქმედათ ოპოზიციას ან მმართველ გუნდს, რომ ასეთი შედეგი არ მიეღოთ?
- ოპტიმალური გამოსავალი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები, რისკენაც მოგვიწოდებდნენ პარტნიორები, მაგრამ სინამდვილეში იმდენად სამარცხვინო, არასერიოზული სიტუაცია შექმნეს, აზრიც არა აქვს იმაზე ლაპარაკს, ვის რა უნდა დაეთმო. ამ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ბოდიში მოეხადათ ქართველი საზოგადოებისთვის, გვაპატიეთ, კომპეტენცია და სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გვეყო, რომ კრიზისის ამოწურვის უნიკალური შანსი გამოგვეყენებინაო, მაგრამ ამას პოლიტიკური მოწიფულობა სჭირდება. ამის ნაცვლად გვესმის ურთიერთბრალდებები - თურმე ერთი მხარე სააკაშვილის ნარატივს ასრულებდა, მეორე კი ივანიშვილის.

პირად პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არაფერს ამბობენ და ისევ ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ, რაც სამარცხვინოა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ფაქტობრივად, ხელცარიელი გაუშვეს. ასეთ დროს ორივე მხარე უნდა გამოვიდეს და, სულ მცირე, ქართველ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს, რას აკეთებდნენ ამდენ ხანს და რა იღონეს კრიზისის განსამუხტად და შემდეგ საზოგადოება განსაზღვრავს, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო, მათი ამპარტავნული პრინციპები თუ ქვეყნის მომავალი.

ჩვენ ვიმსახურებთ ვიცოდეთ სიმართლე და არა ვუსმენდეთ ათასგვარ სპეკულაციას. ფრაგმენტულად გაისმის რაღაც ფრაზები, ეს ასე იქცეოდა, ის ამას ამბობდაო, სრული სურათი კი არ ვიცით.

- ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ოპონენტებს შესთავაზა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია.
- ასეთ ფრაზებს კიდევ ბევრს მოვისმენთ, ელისაშვილს უგულავამ ან ბოკერიამ უპასუხა და ასე იქნება უსასრულოდ. ამიტომ პატივცემული პოლიტიკოსები უნდა გამობრძანდნენ და აუხსნან საზოგადოებას, ვის რა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ვერც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ის შეხვედრები ევროკავშირის ან რომელიმე პოლიტიკური ძალის საკეთილდღეოდ კი არა, საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის იმართებოდა. თუ ამას ვერ ხვდებიან, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

ჩვენი პარტნიორები საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად მუშაობას გააძლიერებენ, მაგრამ ის პროგრამები აღარ იქნება, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდით, არამედ ისეთი დონის, რომლითაც მიგვანიშნებენ, რომ ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს.

- რა ვაჩვენეთ ამ ჩაშლილი მოლაპარაკებით საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპულმა დიპლომატიამ საქართველოში თავისი­ ფუნქცია ამოწურა?
- ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრთან ევროპელებს ისეთი ურთიერთობა ვეღარ ექნებათ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს... როდესაც როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, ევროპულ გზაზე, ნატოსა და დასავლეთთან ინტეგრაციაზე ლაპარაკობენ, როგორც ჩანს, არ ახსოვთ, რომ ასე ხდება იმ ქვეყნებში, სადაც განსხვავებული შეხედულების პოლიტიკოსები თანამშრომლობენ, ხელისუფლებას კი არ მიაქვს ყველაფერი, როგორც გამარჯვებულს - პასუხისმგებლობა გადანაწილებულია; ოპოზიციაც ჯიუტად დგას, არადა, გადამწყვეტ სიტუაციაში მთავარი სახელმწიფო ინტერესები­ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში იმ ტიპის სახელმწიფოს შევქმნით, რომელიც ევროპულ არქიტექტურაში არ ჯდება.

სწორედ ეს თქვა კრისტიან დანიელსონმა - რაც ახლა საქართველოში ხდება, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთისკენ მიჰყავხართო. თუმცა მისი გზავნილები ვერც ერთმა მხარემ ვერ ან არ გაიგო. ვერც კი აღიქვეს, რას ნიშნავდა შარლ მიშელის შუამავლობა. წარმოიდგინეთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის გაჯიუტებული პოლიტიკოსების მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაწვევად ჩადის და განსაზღვრულ დროს კიდევ ამატებს.

- ურთიერთბრალდებების კასკადია - მმართველი გუნდის მოსაზრებით, ხელისუფლება სააკაშვილის Gნარატივს მიჰყვება, ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ მმართველმა გუნდმა ივანიშვილის წესებს ვერ გადაუხვია.
- სხვა ქვეყანაში ასეთი შედეგის შემდეგ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მომავალი არ ექნებოდა. პოლიტიკოსობა თამაში არ არის, ერთხელ მაინც ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არასწორი გზით მივდივართ?! დიდი ხანია საზოგადოება პოლარიზაციისკენ მიჰყავთ, ორივე მხარეს ასპარეზზე რჩებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონეთ მტრად აცხადებენ და შეურიგებელ ომს უცხადებენ. პარადოქსების ქვეყანა ვართ - რუსეთთან ვლაპარაკობთ სტრატეგიულ მოთმინებაზე და საკვანძო საკითხებში კი, იმ რეალობაში, როდესაც რეგიონში ძალზე სახიფათო სიტუაციაა, ერთმანეთთან მოლაპარაკების უნარი არა გვაქვს. პოლიტიკურ დღის წესრიგად მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის მოსპობა მიაჩნიათ.

თუ გონს არ მოვიდნენ, სადმე გადაგვჩეხენ და გვიანი იქნება.

- პოლიტიკოსების ერთი ნაწილის თქმით, ყველაფერი არ დასრულებულა და მოლაპარაკება გაგრძელდება. ზოგი ფიქრობს, რომ ამჯერად ვაშინგტონიდან ჩამოვა წარმომადგენელი და ვადამდელი არჩევნებიც გარდაუვალი გახდება.
- ეს მეორე უკიდურესობაა. ხელისუფლება კრიზისს ვერ აფასებს და მას ხელოვნურს უწოდებს, კარგა ხანს არც აღიარებდა მას, ახლა კი, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჩვენს საქმეში დასავლეთი ჩაერევა და რაღაცას გააკეთებს. დასავლეთი რუსეთისგან იმით განსხვავდება, რომ ასეთი ფორმით ჩარევა მხოლოდ და მხოლოდ მას ახასიათებს, რუსეთის ჩარევას კი არასდროს მოსდევს კარგი შედეგი. დასავლეთი კი არ ერევა, გვეხმარება, ამას ემსახურებოდა კრისტიან დანიელსონის ვიზიტი.

ვაშინგტონში დანიშნულია მოსმენები და სენატში, ალბათ, საქართველოზეც იქნება საუბარი, რასაც საქმეც მოჰყვება ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ისინი გვეუბნებიან, საქართველოს გვერდით ვართ, თქვენი პარტნიორი ვართ, რათა უკეთესი ქვეყანა გახდეთო, მაგრამ თქვენს ბრძოლაში ჩვენი პარტნიორად გამოყენება არც იფიქროთ. კეთილინებეთ და ერთმანეთთან ითანამშრომლეთ, ჩვენ კი დაგეხმარებითო.

ვფიქრობ, მართლაც გამოვკრავთ ხელს ისეთ რამეს, რასაც არ მინდა სადამსჯელო ვუწოდო, სიტყვა "სანქციის" გამოყენებასაც მოვერიდები, მაგრამ შესაძლოა ურთიერთობა სხვა რანგში გადავიდეს. იმედია, მეტის გაფუჭების უფლებას ჩვენს პოლიტიკოსებს სტრატეგიული ქვეყნის პარტნიორები არ მისცემენ. რეგიონში ვითარება უკვე სხვაგვარია. არ არის გამორიცხული, ამ შესაძლებლობების გამოუყენებლობა ძვირი დაგვიჯდეს.
ალექს
23 მარტი 2021 12:27
იქნება მიხვდეთ ევროპა და ამერიკა რომ რუსეთისაა ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები