"დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ომში დასავლეთი გაიმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ომში დასავლეთი გაიმარჯვებს"

"საჭიროა დროებითი მთავრობა და ის, ჩემი აზრით, არჩევნებამდე უნდა შეიქმნას"

"ჩემი აზრით, ოპოზიცია მარტო პარლამენტში კი არ უნდა შევიდეს, მთავრობაშიც, აღმასრულებელ ორგანოშიც უნდა მიიპატიჟონ - უპრიანი იქნება, თუ ისინი მთავრობაშიც იქნებიან, მინისტრის პორტფელებსაც თუ შესთავაზებენ და პასუხისმგებლობას გაუნაწილებენ. მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა დროებითი მთავრობის შექმნა, რის შემდეგაც უფრო იოლი იქნება მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმართვა ვადამდელი არჩევნების ჩატარება-არჩატარებაზე. ეს მიმაჩნია კრიზისიდან გამოსავლად", - ამბობს სახელმწიფო და კორპორაციული უსაფრთხოების სპეციალისტ-ანალიტიკოსი, გენერალ-მაიორი თენგიზ ენდელაძე:

- ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისია და ამას ხელისუფლება არ აღიარებს. ეს დამაფიქრებელია. პროცესები რომ მართულია, ჩვენზე უკეთესად, ალბათ, მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურებს ეცოდინებათ. ჩამოვიდნენ ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები და ამდენი ხანია მიდის მედიაცია. მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ჩაიშალა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ სურს დასავლეთისკენ სვლა. ერთი მხარე სხვას ამბობს, მეორე - სხვას, თანაც, ორივე ინახავს რაღაც საიდუმლოს. არაფერია დასამალი და მისაჩქმალი, მოვიდა დრო, სათქმელი ითქვას. რას ჰქვია მოლაპარაკება კარს მიღმა? მოლაპარაკება იშლება და მერე ერთმანეთს აბრალებენ. ხომ ამბობენ, ხალხის გადასაწყვეტია ყველაფერიო, ჰოდა, გაგვაგებინონ და ჩვენ გადავწყვეტთ, რა ვქნათ. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ რას წარმოადგენს? ვისაც მხარს ვუჭერ, სიკვდილამდე მას უნდა დავუჭირო მხარი, მაგრამ თუ ის მართალი არ არის?

დასავლეთი კიდევ ცდის ჩვენს მორიგებას და თუ კვლავ არაფერი გამოვიდა, ამას მოჰყვება სანქციები...

- ვინ არის პასუხისმგებელი მოლაპარაკების ჩაშლაზე?

- ხელისუფლება, რომელიც არაფერს თმობს. ოპოზიციამ რა უნდა დათმოს? მოლაპარაკების დეტალებს რომ ასაიდუმლოებენ, რა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტია, ფაშისტური გერმანიისა და სსრკ-ის საიდუმლო მოლაპარაკება? მოლაპარაკება ჩაიშალა და ახლა მაინც გვითხრან სიმართლე. ალბათ, დასავლეთი იტყვის უფრო კულტურულად ევროსაბჭოს სხდომაზე.

როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიმღებია არა ხელისუფლება, არამედ ვიღაც სხვა ერთი პირი, მისგან იღებდნენ კონსულტაციას. ის ერთი კაცი კიდევ სხვა კაცის ბრძანებას ასრულებს. არც ის არის გამორიცხული, მალე ამასთან დაკავშირებული ჩანაწერებიც გავრცელდეს. მხარეების ძალად შერიგება თუ მოხდება თორემ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ვერც წარმოუდგენია, რა შეიძლება მოჰყვეს შეუთანხმებლობას.

ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის თუ ქვეყნების სპეცსამსახურებს არ აწყობთ ჩვენთან სტაბილიზაცია, სურთ ამ მედიაციაში ევროპელებმა მარცხი განიცადონ. ეს კარგად იციან ოფიციალურ ვაშინგტონშიც და პროცესში უთუოდ ისინიც ჩაერთვება უფრო ხისტად. ბაიდენი უკომპრომისო კაცია, უკან დახევა არ სჩვევია. თუ რამე გვაქვს დემოკრატიის შემორჩენილი, მას შველა სჭირდება. ამაში უცხოელი მეგობრები თუ დაგვეხმარებიან, თორემ განწირული ვართ.

- გავრცელდა პარტნიორების რამდენიმე განცხადება, რომ თუ მედიაცია უშედეგოდ დასრულდება, შესაძლოა ევროპის კარი დიდი ხნით დაიხუროს საქართველოსთვის.

- მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შეგნებულადაც ითქვა, რათა უფრო გააქტიურდნენ ის ძალები, რომელთაც არ სურთ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება. არა მარტო სახელმწიფოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ჰყავს დაზვერვის სამსახურები, რომლებიც მათ აქედან აწვდიან ინფორმაციას, ისინი კი აანალიზებენ. ერთია, რას აწვდიან ზემდგომს და მეორე - როგორ იქცევა ზემდგომი. ზემდგომი ხშირად, და ასეც უნდა იყოს, თავისი არხებით ცდილობს გადაამოწმოს ინფორმაცია. ევროკავშირმა თუ ევროსაბჭომ თავისი უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია, რაც ხდება საქართველოში და ასეთი რამ მოსინჯეს.

ვერ დავიჯერებ, რომ ევროპის კარი დაიხუროს ან ამერიკამ შეგვაქციოს ზურგი. ასეთი რამ ასე იოლად არ ხდება. მათ ეს განცხადებები გააკეთეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამოავლინონ არადასავლურად განწყობილი ძალები. რაც უნდა ამტკიცონ, ჩვენ დასავლური ორიენტაციის ვართ, ევროპისა და ნატოსკენ მივდივართო, ვერ დავიჯერებ. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიაც ამბობს, პროდასავლურები ვართო.

სპეცსამსახურები არა მარტო ხელისუფლების ირგვლივ მუშაობენ და იღებენ დახურულ ინფორმაციას, არამედ ოპოზიციაშიც მუშაობენ. ნურც ერთი ნუ მიწყენს, მაგრამ ასეა, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

ჩვენ კი გავიძახით უსაფრთხოება, უსაფრთხოებაო, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ საქმე ეხება უშიშროებას. ნუ იფიქრებთ, რომ თუ რომელიღაც სტრუქტურებსა და ევროსაბჭოშიც შევედით, მათ კარგად არ აწონ-დაწონონ, ევროპის უშიშროებისთვის რამდენად უპრიანი იქნება ჩვენი გაწევრების სარგებლიანობა.

- ერთია, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი დეკლარირებს, პროდასავლურები ვართო, მეორე - სიმართლე...

- დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ოპოზიციაშიც იქნებიან მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმას ვერ იტყვიან, არა ვართ პროდასავლურებიო.

ყველანი ერთხმად გვიმტკიცებენ, პროდასავლურები ვართო, ამ ხელისუფლებას რომ ჰკითხო, უკვე აშენებულია დემოკრატიული სახელმწიფო. ოპოზიციის ნაწილს ასეთი დემოკრატია არ აწყობს. ან რა დემოკრატიაა ეს, როცა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ასეთი ფორმით იჭერენ? ვინ იცის, ხელისუფლებას კიდევ რამდენი ჰყავს დასაჭერად გამზადებული? ჩემი აზრით, ოპოზიცია მარტო პარლამენტში კი არ უნდა შევიდეს, მთავრობაშიც, აღმასრულებელ ორგანოშიც უნდა მიიპატიჟონ. უპრიანი იქნება, თუ მთავრობაშიც იქნებიან, მინისტრის პორტფელებსაც თუ შესთავაზებენ და პასუხისმგებლობას გაუნაწილებენ. საჭიროა დროებითი მთავრობა და ის, ჩემი აზრით, არჩევნებამდე უნდა შეიქმნას.

- რომელ არჩევნებამდე, 2024 წლის თუ ვადამდელ არჩევნებს გულისხმობთ?

- ვადამდელს, რომელიც გარდაუვალია, სხვაგვარად პროცესი წინ ვერ წავა - იქნება დროებითი მთავრობა, რაც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, საჭიროა თუ არა ვადამდელი არჩევნები. ეს მაშინ მოხდება, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან პარლამენტსა და მთავრობაში. მერე უფრო იოლი იქნება მათ შორის მოლაპარაკება ვადამდელი არჩევნების ჩატარება-არჩატარებაზე. ეს მიმაჩნია კრიზისიდან გამოსავლად. დარწმუნებული ვარ პარტნიორები მიგვაღწევინებენ შეთანხმებას.

სამარცხვინოა, რომ მესამე ძალის ჩარევა გვჭირდება. ეს განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლებაში არიან გოგო-ბიჭები, რომლებიც გუშინ არაფერს წარმოადგენდნენ, ან იყვნენ რაღაც კონკრეტული საქმის მენეჯერები და 2-3 კაცის ხელმძღვანელები.

დღეს ეს პატარა ბიჭები თამაშობენ სახელმწიფოებრიობანას. ვინ ვისთვის თამაშობს, ჩვენი მეგობარი სპეცსამსახურებიც არ ამბობენ საჯაროდ, მათ ეს ძალიან კარგად იციან, ამიტომ არიან ასე მონდომებული, რომ ეს ორი ძალა შეარიგონ. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ომში დასავლეთი გაიმარჯვებს.

- რა ფუნქცია-ვალდებულებები უნდა იკისროს დროებითმა მთავრობამ?

- მიაღწიოს ეკონომიკის გაჯანსაღებას, სასამართლო სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზირებას; საარჩევნო სისტემის ისე დახვეწას, რომ ყოველი არჩევნების წინ თუ შემდგომ არ იყოს საუბარი მის დახვეწაზე. ამ პროცესებში ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ე.წ. პროფესიონალების მონაწილეობისგან, რომლებიც უკვე 30 წელია ხვეწენ კანონებს და დღემდე ვერ დახვეწეს. ერთი და იგივე ხალხი გამოდის სერიოზული სახეებით და გვიმტკიცებს, ეს ყველაზე კარგი რეფორმა იყო, ყველაზე კარგი კანონები მივიღეთო. გადის 2-3 წელი და ისევ ისინი მუშაობენ კანონებზე. შეიძლება ყოველი არჩევნების წინ თუ შემდეგ ძველი სახეები ახალ-ახალ რეცეპტებს იძლეოდნენ?

რაც მთავარია, დროებითი მთავრობისა და შემდეგი ხელისუფლების მუდმივი ფიქრისა და ზრუნვის საგანი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკა ყველა დონეზე, ვგულისხმობ სახელმწიფო სტრუქტურებს. ქვეყანაში არაპროფესიონალების დოღია და ამაში ლომის წილი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს უძევთ - ისინი მათ ხელთ არსებული საშუალებებით, იქნება ეს აგენტურა, ნათესაური თუ მეგობრული კავშირები, დიდი ფულის გამოყენებით და სხვა, ცდილობენ ობიექტი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში წაახალისონ ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი, ნიჰილიზმი... მით უმეტეს, ამისთვის საქართველოში ნოყიერი ნიადაგია. ამას მარტო რუსეთის სპეცსამსახურებზე ვერ ვიტყვით, ნუ გვგონია, რომ სხვა არაკეთილმოსურნე ქვეყნები არა გვყავს.

- რომელმა ორგანომ უნდა იმუშაოს ქვეყნის უშიშროებისთვის?

- ადრე იყო უშიშროების საბჭო, მერე გახდა კრიზისების მართვის ცენტრი, რომელმაც არც არაფერი გააკეთა და ახლა არის თუ არა, არც ვიცით. ეს ცენტრი დიდი ზარ-ზეიმით შექმნა და თავისი ხალხი ჩატვირთა დღევანდელმა პრემიერმა. უნდა იყოს ისეთი ორგანო, სადაც ყველა სამინისტროდან რეგულარულად უნდა შედიოდეს ინფორმაცია, რა ხდება სამინისტროებსა და სამსახურებში უშიშროების თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით. გაანალიზებული უნდა წარედგინოს ქვეყნის პირველ პირებს, მათ შორის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს უკანასკნელები კონკრეტულ დავალებებს უნდა გასცემდნენ, ვინ რა უნდა გააკეთოს და მერე პასუხსაც ითხოვდნენ. მოკლედ, უნდა იყოს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის უშიშროებაზე. უსაფრთხოება უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს გარედან მომდინარე საფრთხეებს, რომლის ფიგურანტებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.

- ფარული ჩანაწერებით ბრძოლა გრძელდება... როგორ ფიქრობთ, დღესაც ხდება უკანონო ჩაწერა-მოსმენები?

- ჩვენ არავინ გვეტყვის. ფარულ მოსმენებს მარტო ჩვენთან კი არა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აწარმოებენ. ერთმა მინისტრმა უთხრა პატრიარქს, პატრიარქო, გისმენენო და, მან ბრძნულად უპასუხა, იმიტომ ვლაპარაკობ, მომისმინონო... გამორიცხულია, ყველას უსმენდნენ, ეს რომ შეძლონ, ისინი მოსახლეობის მეოთხედი მაინც უნდა იყვნენ. ისე, ბლომად არიან. როცა მე კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამმართველოს უფროსი გახლდით, შტატში 65 კაცი მყავდა, დღეს 2 ათასი კაცი მაინც იქნება. საკითხავი ისაა, მათი დიდი ნაწილი რას აკეთებს? საქმე რომ კეთდებოდეს, ქვეყანაში ასეთი ბაკქანალია არ იქნებოდა.