"ფაშინიანს შეეშინდა, რომ ხალხი მოღალატის იარლიყს მიაკერებდა" - რა ხდება სომხეთში - კვირის პალიტრა

"ფაშინიანს შეეშინდა, რომ ხალხი მოღალატის იარლიყს მიაკერებდა" - რა ხდება სომხეთში

"დღეს ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია დამოუკიდებლობის ისტორიაში. და ეს სამარცხვინო მარცხი, რომლის დირიჟორიც ჩვენი მთავრობა გახლდათ, ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს"

მღელვარება არ წყდება სომხეთში. ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებმა, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო: პრემიერმა ფაშინიანმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა. როგორ განვითარდება მოვლენები სომხეთში, რა ბედი ელის ფაშინიანს და როგორია ცხოვრება წაგებული ომის შემდეგ, ამ საკითხებზე პოლონეთში მოღვაწე სომეხ ანალიტიკოს ტატევიკ ჰოვანესიანს ვესაუბრეთ.

- ვადამდელი არჩევნებით დავიწყოთ. რის ხარჯზე გახდა ეს კომპრომისი შესაძლებელი და რას უნდა ველოდოთ არჩევნებზე?

- ვადამდელი არჩევნები ფარდის მიღმა მოლაპარაკებების შედეგია, რომელშიც საპარლამენტო პარტიები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება. საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკოსებს უნდობლობას უცხადებს და უარზეა, რომელიმე მხარე აირჩიოს - მათ არ სურთ ფაშინიანის მთავრობა რევოლუციამდელი მთავრობის წარმომადგენლებით ჩაანაცვლონ და ელიან მესამე ძალას, თუმცა ეს უკანასკნელი გამოჩენას არ ჩქარობს. ასე რომ, მიღწეული შეთანხმებით ორივე მხარე იხეირებს - ფაშინიანმა იცის, რომ არჩევნების მარტო მოგება გაუჭირდება, მეორე მხრივ, ოპოზიციას სურს მთავრობის ნაწილი გახდეს. მომგებიანი ვითარებაა პოლიტიკოსებისთვის და წამგებიანი - ხალხისთვის. არსებული საარჩევნო კოდექსისა და კონსტიტუციის ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრს ლამის სუპერგმირის ძალებს ანიჭებს, დიდი ალბათობით, ეს იქნება ყველაზე ცუდი არჩევანი ქვეყნის ისტორიაში. ეს იქნება არა იდეოლოგიასა და საარჩევნო პროგრამებზე დაფუძნებული არჩევნები, არამედ მმართველი ძალის მცდელობა, პოლიტიკური სიცოცხლე ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს.

- ამ დაპირისპირებაში რა როლს თამაშობს არმია?

- არმია და ფაშინიანი ერთმანეთს არ ენდობიან, ეს უკვე საგრძნობია. იმ გენერლების მოსაშორებლად, რომლებიც წინა მთავრობების დროსაც მსახურობდნენ, ფაშინიანმა ე.წ. დეგენერალიზაციის პროცესი დაიწყო და ამ გადარჩევისას ხშირად პარტიის ხაზისადმი მორჩილებას პროფესიონალიზმზე მაღლა აყენებდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ, რომელსაც, ძირითადად, წინა მთავრობის წარმომადგენლები და მათი სატელიტები უდგანან სათავეში, სცადა სამხედროების გადაბირება, მაგრამ არმიამ მათ უარი განუცხადა... გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდეს, რადგან მისი ქმედებები მოტივირებულია პირადი ინტერესებით და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში არ ძალუძს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება. ფაშინიანის პასუხმაც არ დააყოვნა - პრემიერმა განცხადების ავტორები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. შედეგად, გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს, რომელმაც, თავისთავად ცხადია, ფაშინიანის მთავრობას ლოიალურობა საჯაროდ დაუდასტურა. საინტერესოა, რომ რუსეთმა, დასავლეთმა და თურქეთმაც კი შეშფოთება გამოთქვეს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების საფრთხესთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მთავრობის შეცვლა ანკარის ინტერესებში არ შედის, რადგან სწორედ ფაშინიანის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რიგი ვალდებულებები 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დაყრდნობით.

- ომის შემდგომი პერიოდის სხვა ასპექტებიც განვიხილოთ. როგორ ეგუება ახალ რეალობას სომეხი საზოგადოება?

- პოლიტიკურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად ერი მზად არ იყო კაპიტულაციისთვის. ეს იყო წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლებოდა, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა და ეს მთავრობის მიერ შექმნილი ინფორმაციული ბლოკადის "დამსახურებაა". გვინერგავდნენ, რომ ჩვენი არმია არ დამარცხდებოდა და ჩვენც არ გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა ომი წაგვეგო. ეს იყო ეგზისტენციალური დილემა - ან არ წავაგებთ, ან საერთოდ აღარ ვიარსებებთ. საგულისხმოა, რომ ამ დამარცხებაში დიდი წვლილი ითამაშა მთავრობის მიმართ მანამდე არნახულმა ნდობამ - ფაშინიანი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს და ვერ ვბედავდით, ეჭვი შეგვეტანა მისი ქმედებების სისწორეში. შესაძლოა, თავად ამას დემოკრატიას უწოდებს, მაგრამ რეალურად ეს ფსევდოდემოკრატიაა. ეს იყო პიროვნების კულტით მართული პოლიტიკა. ის ბოლო წამამდე თვალს გვიხვევდა, გვაიმედებდა, რომ ომს არ წავაგებდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა. ეს იმედი ყალბი და უსაფუძვლო აღმოჩნდა.

- რისი იმედი ჰქონდა მთავრობას, როდესაც აცხადებდა, რომ კონფლიქტის სომხეთისთვის მისაღები პირობებით დასრულება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო?

- სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვა, რაზეც ხალხს სურს ფაშინიანისგან პასუხი მოისმინოს. თუ ქვეყნის ლიდერი ხარ და იცი, რომ ომის მოგების შანსი არ გაქვს, რატომ არ ცდილობ ომი იმ ეტაპზე შეაჩერო, როდესაც ამის შანსი ჯერ კიდევ გაქვს? რატომ მიგყავს საქმე კაპიტულაციამდე? მის მოქმედებებს შეიძლება ერთი ახსნა მოვუძებნოთ: შეეშინდა, რომ ხალხი მოღალატის იარლიყს მიაკერებდა, თუ იმ შვიდ სადავო ტერიტორიას დათმობდა. მან ვერ გაბედა სახალხო სენტიმენტების - "არც ერთი გოჯი მიწა უკან" - დოქტრინის წინააღმდეგ წასულიყო, რადგან ფიქრობდა, ეს მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულის ტოლფასი იქნებოდა. ასე რომ, პოკერის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ყველაფერი მოგებაზე დადო და ყველაფერი წააგო.

- რა არგუმენტები აქვთ ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ მის მრავალრიცხოვან მომხრეებს? - აცხადებენ, რომ "ნიკოლი მახეში გააბეს", რომ მისი ბრალი არ გახლდათ და ომი გარდაუვალი იყო. მაგრამ დიდი განსხვავებაა უბრალოდ მარცხსა და გამანადგურებელ დამარცხებას, ფიასკოს შორის. ეს იყო უღირსი წაგება და ჩვენ მეტი შეგვეძლო. ამას გარდა, თუ ქვეყნის პრემიერი ხარ და ისე გაგაბეს მახეში, რომ ვერც გაიგე, იქნებ არც უნდა იყო პრემიერ-მინისტრი? ხოლო თუ იცოდა, რომ მახეს უგებდნენ, რატომ დუმდა ამაზე?

- ფაშინიანისთვის დაგებულ ამ "მახეში" მიუძღვის თუ არა რუსეთს წვლილი?

- არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი წარსულშიც და დღესაც სხვა ქვეყნების ტერიტორიებით ვაჭრობს დიდ სახელმწიფოებთან. ქართველებს, ვფიქრობ, ამის შეხსენება არ სჭირდებათ... თუ ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოვიდოდნენ, ერევანში შიშობდნენ, რომ აქაც იგივე სცენარი გათამაშდებოდა, რაც საქართველოსა და უკრაინაში. გარკვეულწილად ასეც მოხდა, მხოლოდ მცირე ცვლილებებით.

მიუხედავად ფაშინიანის მტკიცებისა, რომ რუსეთი მეგობარი და პარტნიორია, მათი ნაბიჯები საწინააღმდეგოდ მეტყველებდა, რაც მოსკოვში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და კრემლის, უფრო სწორად კი პუტინის, დამოკიდებულებაც შეიცვალა.

- სომეხი საზოგადოება ფიქრობს, რომ დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი შეცდომა იყო და რუსეთი ერთადერთი ალტერნატივაა?

- მიუხედავად იმისა, რომ სომეხი საზოგადოების პროგრესულ ნაწილს რუსეთი გულზე არ ეხატება, ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ გეოპოლიტიკური პირობებიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი არ გვაქვს. ეს არის პოლიტიკური პრაგმატიზმი პოლიტიკური რომანტიზმის წინააღმდეგ. ჩვენ დამოკიდებული ვართ რუსეთზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ენერგეტიკისა და სამხედრო უსაფრთხოების კუთხით და მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, სხვა ალტერნატივის ფუფუნება არ გვაქვს. რაც უნდა მწარე იყოს ამის გააზრება, რეალობა ასეთია. ჩვენ ხელები შეკრული გვაქვს და ამ ვითარებაში პოლიტიკურ ალტერნატივაზე საუბარი წყლის ნაყვაა.

- ბევრი გააოცა პრემიერის ფრაზამ არჩევნების დანიშვნაზე. თავიდან განაცხადა, რომ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ პრემიერის სავარძელს შეინარჩუნებდა. ცოტა უცნაურია მსგავსი პოზიცია ადამიანისგან, რომელიც თავს პროდასავლური ღირებულებების დამცველად მიიჩნევს. - სწორედ ამიტომაც გითხარით, რომ სომხეთში დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიაა. ნამდვილ დემოკრატიაში მსგავს მოთხოვნებს ვერ წამოაყენებ. ასეთი სიტყვები ტირანს უფრო შეეფერება, ვიდრე დემოკრატიულ ლიდერს. როდესაც ეროვნული უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების საკითხებს პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად იყენებ, უფლება არ გაქვს საზოგადოებას თავი პროდასავლური ღირებულებების დამცველად შეასაღო.

- მინდა დასავლეთის როლზეც გკითხოთ. პასიურობა ომის დროს, ამასთან, პოლიტიკური ლიდერი, რომელზეც ისინი იმედებს ამყარებდნენ, ავტორიტარულ მეთოდებზე უარს არ ამბობს... შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დასავლეთმა სომხეთში ბევრად მეტი დაკარგა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს? - ეს იყო გავლენის ომი რუსეთსა და თურქეთს შორის. ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ დასავლეთს არ სურდა ან არ შეეძლო რაიმე ეღონა კონფლიქტის შესაჩერებლად. საბოლოოდ, ადამიანის უფლებები პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა. შეიძლება გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა და ველოდით, რომ დასავლეთი ამ ომის შესაჩერებლად რამეს მოიმოქმედებდა. საბოლოოდ ვიხილეთ - ვინც ძლიერია, მართალიც ის არის "პრინციპის ტრიუმფი" და რუსეთ-თურქეთის გარიგება.

- ამ ფაქტმა არაფერი დააკლო რუსეთის, როგორც "მოკავშირის" სტატუსს სომეხი ხალხის თვალში? ასე იქცევიან მოკავშირეები?

- რუსებმა კარგი საბაბი იპოვეს თავის დასაძვრენად - განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებები ხდებოდა არა სომხეთის, არამედ ყარაბაღის ტერიტორიაზე, შესაბამისად, უფლება არ ჰქონდათ ჩარეულიყვნენ. ჩვენ კი არ გვქონდა ფუფუნება, რომ მოსკოვისთვის რაიმე მოთხოვნები წაგვეყენებინა. ფაქტს თვალებში უნდა შევხედოთ - სუვერენიტეტის კუთხით, დღეს ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია დამოუკიდებლობის ისტორიაში. და ეს სამარცხვინო მარცხი, რომლის დირიჟორიც ჩვენი მთავრობა გახლდათ, ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ვაჟა თავბერიძე

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი