"დგება დრო, როცა "ოცნებისთვის" უფრო ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩევნები..."
"დგება დრო, როცა "ოცნებისთვის" უფრო ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩევნები..."
"მას შემდეგ, რაც ევროპელების მისიის პირველი ცდა ჩავარდა, რუსულ მასმედიაში ატყდა დიდი ზარ-ზეიმი, რუსმა ანალიტიკოსებმა ევროპელებს დაუწყეს ჭკუის სწავლება, როგორ წარმართონ მოლაპარაკება"

23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტში საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

სენატორებმა კრიტიკულად შეაფასეს როგორც ხელისუფლება, ისე - ოპოზიცია. ტრადიციულად, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ამ განცხადებებზე საუბრისას მხოლოდ იმაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სათავისოდ მიიჩნიეს. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს და ამტკიცებენ,
რომ ეს განცხადებები მათთვის სასარგებლოა და მოწინააღმდეგ მხარეს მოუწევს დათმობა, თუმცა ორივე მხარე კვლავაც ამბობს, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია. ამასთანავე, როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი პარტნიორები კომპრომისისკენ ორივე მხარეს მოუწოდებენ. გთავაზობთ რამდენიმე გზავნილს სენატიდან: "მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევის გზაზე შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას"; "ყოველი
დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, არის რუსეთის გამარჯვება, ისევე, როგორც ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია..." "მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა"; "თუ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს, რომ საქართველოში დემოკრატია აამუშაოს ახლა, დაკარგავენ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს".

სენატში მომხდარის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ რამაზ საყვარლიძესთან:


- ვფიქრობ, ევროპელებიც და ამერიკელებიც შეცდომას უშვებენ, როცა ამხელა დროსა და ძალისხმევას ხარჯავენ იმ ე.წ. პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც კრიზისად ვერც განიხილება. ევროპელებმაც და ამერიკელებმაც თქვეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებულია რუსეთი - ეს მთელი მსოფლიოს გასაგონად ითქვა და როგორ ფიქრობთ, რუსეთში ეს ვერ გაიგონეს? მას შემდეგ, რაც ევროპელების მისიის პირველი ცდა ჩავარდა, რუსულ მასმედიაში ატყდა დიდი ზარ-ზეიმი, რუსმა ანალიტიკოსებმა ევროპელებს დაუწყეს ჭკუის სწავლება, როგორ წარმართონ მოლაპარაკება და ა.შ. ცხადია, რომ დანიელსონის პირველი უშედეგო ვიზიტი რუსეთში ძალიანაც მოეწონათ, ამის სათავისოდ გამოყენება სცადეს და ჯერჯერობით ამ პროცესში წარმატებასაც აღწევენ – საქართველოში ისევ დაძაბულობაა.

ევროპული დიპლომატიის არაეფექტიანობის წარმოსაჩენად ამუშავებულია კრემლის პროპაგანდის მანქანა. ვფიქრობ, რუსეთი ახლა უფრო მეტად ეცდება, საქართველოში გაგრძელდეს ესკალაცია და ამის აღმოსაფხვრელად დასავლური ისტებლიშმენტის მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს.

ამხელა ხმაურის ატეხა ევროპასა თუ ამერიკაში, ჩემი აზრით, რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს. მათ შეძლოთ საერთოდ უყურადღებოდ დაეტოვებინათ ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესი, მოეხსნათ რადარებიდან ამ საკითხის აქტუალობა და ეს ვითარებაც ნელ-ნელა ჩაცხრებოდა. ჩემი აზრით, საქართველოს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირების სერიოზულად მიღება უკვე არასერიოზული გადაწყვეტილებაა. რაც საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური კრიზისი კლასიკური გაგებით. პოლიტიკური კრიზისია იმ შემთხვევაში, როცა ვერ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ჩვენთან კი მსგავსი პრობლემა არ არსებობს. რაც დღეს ხდება, არის პოლიტიკური სუბიექტების ურთიერთობაში წარმოქმნილი კრიზისი. ევროპელებიც და ამერიკელებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მისი შედეგებიც ლეგიტიმურია, ესე იგი ოპოზიციის ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა მხოლოდ ახირებაა და რატომ უნდა ხარჯავდნენ ჩვენი პარტნიორები ამდენ დროსა და ენერგიას მათი ახირების გამო, არ მესმის...

თუ, როგორც ბოლო კვლევით ვნახეთ, 7%-ით მხარდაჭერილ ჯგუფს არ უნდა პარლამენტში შესვლა და მას ემატება დანარჩენი 7%-იანი ოპოზიცია, ეს რატომ უნდა იქცეს ქვეყნის პრობლემად?! ნუ შევლენ, ბატონო! ამას, ბოლოს და ბოლოს ის მოჰყვება, რომ პოლიტიკური ველიდან გაქრებიან და და დაე, გაქრნენ, რადგან თვითონ გადაწყვიტეს ასე...

- მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, რასაც პანდემიაც ემატება, ოპოზიციას ქუჩაში ყოფნა და მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობა განა საფრთხეს არ უქმნის ქვეყანას? ჩვენს პარტნიორებსაც, ალბათ, სწორედ ეს აშფოთებთ...
- თუკი სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს დროზე არ მოევლება, გეთანხმებით, რომ ამას შეიძლება კრიზისი მოჰყვეს, მაგრამ ეს მოხდება იმის მიუხედავად, იქნება ოპოზიცია პარლამენტში თუ არა. პარტიების ურთიერთობის გარეშეც იქნება პრობლემები, თუ ადამიანებს არ მიეცათ ნორმალურად ცხოვრების საშუალება. პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ისეთ ქვეყნებშიც კი მძიმეა, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ეს იციან. მათ ისიც იციან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგებით მათი პრობლემები ვერ მოგვარდება, მით უფრო, რომ არც ეს ძალა და არც სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია ამ პრობლემების გადაჭრაზე არ ელაპარაკება საზოგადოებას.

ოპოზიციამ მიიღო მანდატები, არჩევნების გაყალბებაზეც კი ვეღარ ლაპარაკობენ და მაინც გაიძახიან, პარლამენტში არ შევალთო. ამაზე სულელური ვითარება მსოფლიოს პოლიტიკის ისტორიაში ძნელად მოიძებნება.

რატომ უნდა გავუწიოთ მათ ახირებას ანგარიში? ოპოზიცია იმ ბავშვის მდგომარეობაშია, რომელიც ამბობს, გამდის და ვტირიო… სამწუხაროდ, აი, ასეთი ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი დასავლეთმა და მას ასეთი დაუფიქრებლობა არ ეკადრება...

- ჩვენი პარტნიორები უპირველეს პრობლემას მართლმსაჯულების სფეროში ხედავენ...
- ვფიქრობ, საქართველოში ყველა ვთანხმდებით, რომ ეს მართლაც დიდი პრობლემაა და აუცილებელია ამ სფეროს რეფორმა, ასე რომ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ახალი არაფერი უთქვამთ. ჩემთვის სიახლე იქნებოდა, თუ ისინი შემოგვთავაზებდნენ გზას, ძირფესვიანად როგორ უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა. როდესაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა ძველისგან მემკვიდრეობად მიიღო სასამართლოში ფესვგადგმული ერთი დიდი კლანი, რომელთან შუბლით შეჯახებაც მთელი სასამართლო სისტემის არევას, ჯანყს ნიშნავდა.

ვფიქრობ, ამისთვის თავის ასარიდებლად გადაწყვიტეს ამ ე.წ. მურუსიძის მოდელის შექმნა, მაგრამ გავიდა დრო, ვითარება შეიცვალა, "მურუსიძის მოდელი" კი კვლავ დარჩა, რაც მიუღებელია. სწორედ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს და მე ვეთანხმები ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს უნდა მოხდეს სწრაფად... დასავლეთისგან ჩვენ გამოცდილებით დახმარება გვჭირდება.

- კრისტიან დანიელსონის მონაწილოებით მოლაპარაკებების განახლებას ველით. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმება აუცილებელია. როგორ ფიქრობთ, მზად არიან მხარეები დათმობისთვის? შეთანხმებას ელით?
- ჩემი აზრით, ბევრი თემაა, რომლებზეც შეიძლება მოლაპარაკება და შეთანხმებაც, რაც ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას შეუწყობდა ხელს, მაგრამ თუ ვიგულისხმებთ, რომ ოპოზიცია თავისი ახირებით რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს არა შემთხვევით, არამედ გააზრებულად და მოქმედებს რუსული გავლენით, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი და მისი გავლენით მოქმედი პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, შეთანხმებას ხელი შეუშალონ და ევროპული დიპლომატია კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ უშედეგოდ. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ვცდები და პროცესები სხვანაირად წარიმართება...

- "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ახალი კვლევის შედგები გამოაქვეყნა. კვლევა 17-24 თებერვალს საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. გამოკითხულთა 40%-ისთვის მათ შეხედულებებს არცერთი პარტიის გეზი არ ემთხვევა, 23%-ისთვის მისაღები "ქართულ ოცნებაა", 7%-ისთვის - "ნაცმოძრაობა". პასუხზე უარი 14 %-მა თქვა, "არ ვიცი" უპასუხა 8 %-მა, სხვა პარტიები კი 7 %-მა დაასახელა...
- კვლევის ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო ხანს აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მთელი პოლიტიკური სპექტრია მუღებელი. განსაკუთრებით აშკარაა ოპოზიციის რეიტინგის ვარდნა და ამ ვითარებაში დამაფიქრებელი, გასაკვირი, არალოგიკურიც კია მათ მიერ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. ერთადერთი მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ მათი მიზანია მუდმივად იყვნენ უკმაყოფილონი, დარჩნენ ქუჩაში და არყიონ ქვეყანა. როგორც ჩანს, მათ სურთ, ეს პროცესი გაგრძელდეს უკუნითი უკუნისამდე ან მანამდე, ვიდრე ძალაუფლებას არ ჩაიგდებენ ხელში.

დავუშვათ, ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორსაც ეს კვლევა აჩვენებს. "ნაციონალური მოძრაობა" და მას მიკედლებული პარტიები მიიღებენ ამ შედეგს თუ ისევ ქუჩაში გაიქცევიან?!გვთავაზობენ კი ისინი რაიმე მექანიზმს საიმისოდ, რომ არჩევნების შედეგებს ენდონ? გაიძახიან, ადმინისტრაცია შევცვალოთო. კი, მაგრამ თავის დროზე ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია ოპოზიციამ არ შეარჩია?

თუ ადმინისტრაციის შეცვლის გარდა სხვა მექნიზმი არ გაჩნდა, ისევ იტყვიან, "ქართულმა ოცნებამ" ცესკო მოისყიდა და, აბა, ჩქარა, ქუჩაშიო... ანუ რა გამოდის - სულ ქუჩაში უნდა იყვნენ და ქვეყანაში სულ არეულობა იყოს?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ დგება დრო, როცა "ქართული ოცნებისთვის" უფრო ხელსაყრელი იქნება ვადამდელი არჩენები და ის დაჰყვება ოპოზიციის ნებას. ამას ხანდახან აკეთებს მმართველი პარტია - ვითომ რაღაცას თმობს, თუმცა სინამდვილეში ეს დათმობა მის ინტერესებს შეესაბამება. აი, ოპოზიციას რა ინტერესი ამოძრავებს, ჩემთვის აუხსნელია...

- გასულ კვირას ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ახლა საზოგადოება ელის ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა ექნება ამ ძალას?
- კვლევები აჩვენებს, რამხელაა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არცერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონთ, ამიტომ გახარიას აქვს შანსი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვოს. მას აქვს პოლიტიკური რესურსი და პოტენციალი. სოციალურ ქსელში ჩანს, რომ ჰყავს მხარდამჭერთა არმია, თუმცა მას მოუწევს სერიოზული პოლიტიკური მუშაობა, რომ უახლოეს არჩევნებში ეს მხარდაჭერა ხმებად იქცეს.

გახარიას პოლიტიკური მარშრუტი მართლაც ძალიან საინტერესოა. ვიდრე მკითხავთ, მე თვითონ ვახსენებ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი იდგეს. ეს აზრი გააჩინა სწორედ ივანიშვილის განცხადებამ, რომ ის მოხარული იქნება, თუ გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადაიყვანს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ივანიშვილი გახარიას უკან, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და ავხსნი, რატომაც.

პირველი - თუკი ეს იქნება რეიტინგული პარტია, ის უკანა პლანზე გადასწევს "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა პარტიებს, ანუ გარკვეული პოლიტიკური კლასი ნელ-ნელ გასასვლელისკენ გადაინაცვლებს.

მეორე - ლაპარაკია იმ პარტიებზე, რომლებიც, ძირითადად, ერთმანეთს ლანძღავენ. გაგახსენებთ - ალეკო ელისაშვილს გაუკვირდა კიდეც, გახარია სოლიდური პოლიტიკური ფიგურაა და ოპოზიციაში როგორ ჩაეწერებაო?! ელისაშვილი გულწრფელი ადამიანია და პირდაპირ აღიარა, საქართველოში ოპოზიციაში ყოფნისთვის რა მოუხერხებელი და შეუთავსებელი რამაა სოლიდურობა… მაგრამ თუ გახარია პარტიას შექმნის და იქცევა ოპოზიციურ ძალად, ამასთან ერთად კი არ უღალატებს თავის სოლიდურობასა და პოლიტიკურ გემოვნებას, მაშინ ის დაამკვიდრებს ოპოზიციის ახალ სტილს. აი, სწორედ ამას მივიჩნევ ყველაზე დიდ შესაძლო წარმატებულ შედეგად.

მესამე - დარწმუნებული ვარ, გახარია არასდროს შექმნის იმ ტიპის კრიზისს პოლიტიკურ ურთიერთობაში, როგორიც ახლაა ქვეყანაში. ის იქნება ზედმიწევნით რაციონალური, ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლება კი უკიდურესად აუცილებელია. ჩვენი არარაციონალიზმითა და დაუფქრებლობით იმდენ ზიანს ვაყენებთ ქვეყანას, რომ თუ გახარიას დაბრუნებით ეს ვითარება შეიცვალა, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან, თუ - არა.
თბილისელი
29 მარტი 2021 13:12
თუ პოლიტიკური კრიზისი არაა, თავის მოვალეობებს ყველა გულგრილად რატომ ასრულებს . ,გახარიაც წავიდა . .
თბილისელი
29 მარტი 2021 13:01
თუ პოლიტიკური კრიზისი არაა, თავის მოვალეობებს ყველა გულგრილად რატომ ასრულებს . . .
ალექს
29 მარტი 2021 11:56
სიები არ ინდობა !

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები