"პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შედეგი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება იქნება" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შედეგი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება იქნება"

"დასანანია, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური წონა არსებით უპირატესობაში ვერ გარდავსახეთ"

ევროპარლამენტარები და ამერიკელი სენატორები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ისევ შეთანხმებისკენ მოუწოდებენ და მიანიშნებენ, რომ კრიზისის გახანგრძლივება საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. დასავლეთს კი ისეთ არასტაბილურ გარემოში, როგორიც კავკასიაა, სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდება ძლიერ და საიმედო პარტნიორად.

ევროპარლამენტარები ცალსახად უკმაყოფილონი, იმედგაცრუებული არიან მედიაციის უშედეგოდ დასრულებით და იმედოვნებენ, რომ კრისტიან დანიელსონის მორიგი ვიზიტი ამჯერად მაინც გამოიღებს ნაყოფს. ქართული პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუებული არიან ამერიკელი პარტნიორებიც. იყო კრიტიკული განცხადებები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე: "ვფიქრობ, უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა.

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების განცხადებებში ნათლად იკვეთება, რომ კრიზისი საქართველოში როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის შეცდომებისა და სიხისტის შედეგია. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც თავად მას აინტერესებს. ერთი მეორე მხარისკენ იშვერს ხელს და ამტკიცებს, რომ სწორედ ოპონენტმა შექმნა პრობლემა და კომპრომისიც მისი ვალია... რას მოუტანს ქვეყანას მათი სიხისტე, რა მნიშვნელოვანი საკითხები რჩება უყურადღებოდ და რა ელის ქვეყანას, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ, ამის შესახებ ფორდჰემის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და ეროვნული უშიშროების ცენტრის მკვლევარი ლევან ბოძაშვილი გვესაუბრება:

- ამ კრიზისმა, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება, ცხადყო, რომ არის რამდენიმე სახელმწიფოებრივი პრობლემა, რომლებზეც ჩვენც დიდი ხანია ვსაუბრობთ და უკვე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც არაორაზროვნად ხმაურდება. პირველი - დაბალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის გამო სახელმწიფო ინსტიტუტებს კრიზისის საფუძველშივე აღმოფხვრის უნარი არ შესწევთ. ეს ინსტიტუტებია სასამართლო და საარჩევნო სისტემა ადმინისტრაციითურთ. ევროკავშირმა და ამერიკამ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯეს ბოლო წლებში ამ ინსტიტუტების რეფორმირებაზე. მაშინ რატომ ვერ ხერხდება, რომ ამ ინსტიტუტებს ჰქონდეთ ნდობა და პოლიტიკური პრობლემები არ წყდებოდეს ქუჩაში, არ იყოს კრიზისი, მიტინგები და პოლიტიკური აქტორების ყურადღება რეალური საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული? ამის პასუხს გვეუბნებიან ამერიკელი და ევროპელი კოლეგები: 1. რეალურად რეფორმები არ ტარდება, ცვლილებები კოსმეტიკური, არაარსებითია; 2. მოშლილია ზღვარი ხელისუფლებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ამას უწოდებენ სწორედ პოლიტიზებულ სასამართლოს - ანუ პოლიტიკური და სხვა ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო ხელისუფლების ნება-სურვილის ამსრულებელი ორგანოა. ეს განპირობებულია როგორც სუბიექტური, ანუ ადამიანური, პიროვნული, ისე სისტემური, ანუ ორგანიზაციული და სტრუქტურული პრობლემებით. ეს ქმნის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებს და აფერხებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც.

- დიახ, ევროპარლამენტის პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციის გეგმის შინაარსი და ამერიკელი სენატორების განცხადებები იმის დასტურია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნათლად ხედავენ ყველა ხარვეზს, რაც გვაქვს მართლმსაჯულებაში, სასამართლო თუ საარჩევნო სისტემაში. მათთვის ასევე მიუღებელია ოპოზიციის ბოიკოტი. თავის მხრივ, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს პრობლემური საკითხები მათი პარლამენტში შესვლით არ მოგვარდება და ისევ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდა. თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი? - ოპოზიციასაც და ყველას ჰგონიათ, მათი პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი დასრულდება. ასე არ არის. პოლიტიკური კრიზისი განაპირობა სისტემურმა კრიზისმა და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გატარდება არსებითი სისტემური რეფორმები. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ დასავლეთი ამის მოგვარების გზას ხედავს პარლამენტში, ხოლო ოპოზიცია ცდილობს მუდმივი რყევებით აჯანჯღაროს ხელისუფლება და ასე მიაღწიოს ხელისუფლების დაუფლების მიზანს. ეს მცდარი და ანტისახელმწიფოებრივი გზაა. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება სისტემური კრიზისის დასაძლევად, ამას მხარს დაუჭერს დასავლეთი და "ქართულ ოცნებას" არ დარჩება სხვა გზა, ის ცვლილებებს დათანხმდება. გაჯიუტების შემთხვევაში მასზე ზეწოლა იმდენად დიდი იქნება, რომ საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას. ეს არ ესმის ან არ სურს ესმოდეს რადიკალურ ოპოზიციას, მას მხოლოდ რადიკალური, რევოლუციური სცენარი სურს. ამას კი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია დასავლეთში არ ექნება არაერთი მიზეზის გამო. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მივალთ იქამდე, რომ არც "ქართულ ოცნებას" და არც ოპოზიციას ასეთი განვითარება, ანუ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, არ აწყობთ. სწორედ ამიტომ ორივე დაკარგავს საერთო-სახალხო და დასავლურ ლეგიტიმაციას. თუ ასე გააგრძელეს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

- დასავლელი პარტნიორების განცხადებები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე გაიგეს, როგორც მათ აძლევთ ხელს. თქვენი აზრით, პოლიტიკური სპექტრი მიაღწევს კონსენსუსს თუ ისევ ძველ წრეზე მოგვიწევს ტრიალი? - ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხერხდეს გამომდინარე ოპოზიციის განცხადებებიდან და ხელისუფლების მიდგომებიდან. თუK კრისტიან დანიელსონმა არ ჩამოიტანა ძალიან მკაცრი გზავნილები როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის, შეთანხმება არ შედგება.

- თუ ბატონი დანიელსონის ვიზიტი ისევ უშედეგო აღმოჩნდება, რას უნდა ველოდოთ დასავლელი პარტნიორებისგან? - დასავლეთი შეეცდება ახალი ძალების შექმნას შეუწყოს ხელი, მათი, ვინც სახელმწიფოებრივად მიუდგება პოლიტიკურ პროცესს. დასავლეთი არ დათმობს საქართველოს, თუმცა დასჯის ორივე მხარეს, რადგან ორივე, ოპოზიციაც და პოზიციაც, იმდენს იზამენ, საბოლოოდ მართლაც დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და ისინი აღმოჩნდებიან დამარცხებული, ხოლო მხარდაჭერა დარჩება რეალურად სხვა, მესამე ძალას.

- ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები გამუდმებით აკეთებენ აქცენტს, რომ საქართველოში არსებული ესკალაცია ხელს აძლევს რუსეთს. დავაკონკრეტოთ, რაში აძლევს ხელს მოსკოვს საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირება?

- ნებისმიერი პროცესი, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ხელს აძლევს რუსეთს. სრული პოლიტიკური სიბრიყვე და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რასაც ახლა პოლიტიკური სპექტრი სჩადის. აშკარაა, რომ ამ პოლიტიკური პროცესის ფონზე მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია და პროპაგანდა. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი ისევ რუსეთის გავლენაში დაბრუნება იქნება.

ქვეყანას აქვს უამრავი პრობლემა, ეკონომიკა ვერ ვითარდება, პანდემიას სათანადოდ ვერ ვუმკლავდებით, გვაქვს სისტემური პრობლემები, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უაღრესად მძიმეა და უფრო დამძიმდება, თუ ასე გაგრძელდა. ვინ იხეირებს იმით, თუ დასავლეთმა დაფინანსება შეაჩერა ან შეამცირა, რა სოციალური რყევები შეიძლება გამოიწვიოს ამან? ჩვენ ხომ დოტაციური ეკონომიკა გვაქვს, დახმარებებზე დამყარებული, დასავლეთის უგულებელყოფით რას მოვიგებთ? რუსეთი დაგვეხმარება, ფულს მოგვცემს და პენსიებს დაარიგებს? ეს რომც მოხდეს, გვინდა კი რუსეთის დახმარება? ეს ხომ ილუზიაა, ანტისახელმწიფოებრივი ილუზია.

- დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საფრთხე მხოლოდ რუსეთიდან მოდის თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაუთავებელი დაპირისპირების გამო რეგიონში არსებული სხვა საფრთხეებიც ყურადღების მიღმა გვრჩება?

- ჩვენ დღითი დღე ვკარგავთ გეოპოლიტიკური უპირატესობის მომენტს კავკასიაში. ყოველი დღე, რომელიც არ არის ამ უპირატესობის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ მიმართული, არის დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ მიმავალი დღე. დასანანია, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური წონა არსებით უპირატესობაში ვერ გარდავსახეთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გეოპოლიტიკური წონა ერთმანეთის გამაძლიერებელი კომპონენტებია. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის განვითარების ერთადერთი რაციონალური გზა. თუ რაიმე უპირატესობა ჰქონდა საქართველოს რეგიონში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ამასაც კარგავს და იბადება კითხვა: რა გეოპოლიტიკურ საჭიროებას შეიძლება წარმოვადგენდეთ ევროატლანტიკური სივრცისთვის, რატომ უნდა მიგვიღონ თავის წევრად? ამ გაუთავებელი პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანა ვერ ახერხებს სათანადო ყურადღების მიქცევას ამ და სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ვერ ადგენს ტაქტიკურ გეგმებს, სტრატეგიულ ხედვებს.

ხათუნა ბახტურიძე