"იძებნება 17 პატრიოტი"
"იძებნება 17 პატრიოტი"
"მე "გირჩისგან" ველოდები გამბედავ ნაბიჯს, ვფიქრობ, ამ რამდენიმე დღეში შემოვლენ პარლამენტში. სხვათა შორის, სხვა პოლიტიკური პარტიების წევრებისგანაც იმავეს ველი. მათთან პირადი საუბრების საფუძველზე ვამბობ"

"იქნებ მოინახოს ოპოზიციაში ქვეყანაზე შეყვარებული 17 კაცი, რომლებიც პარლამენტში შემოვლენ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერენ. იძებნება 17 პატრიოტი", - განაცხადა ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელ­იანმა. "მოქალაქეების" ლიდერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში პოლიტიკური სპექტრის ჩართვა, "ვისთვისაც პოლარიზების დასრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო
ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს. საუბარია კონსტიტუციაში იმ ინიციატივების ასახვაზე, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და პარტია "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა
სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ასრულებს.

რატომ არის ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში, ქვეყნის ღალატის ტოლფასი საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა, ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს "მოქალაქეების" ლიდერს და რას ელის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდისგან, ამის შესახებ ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- "მოქალაქეებს" "ქართულ ოცნებასთან" მემორანდუმის თანახმად გვქონდა­ შეთანხმება, რომ დაინიცირდებოდა ცვლი­ლებები, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სულ მცირე, 3%-მდე დასწევდა. ასევე დატოვებდა სივრცეს იმისთვის, რომ 3%-იანი ბარიერიც იყოს მსჯელობის საგანი იმ პარტიებისთვის, ვისთვისაც კიდევ უფრო დაბალი ბარიერი მნიშვნელოვანია.

წესით, ამ პროცესში ყველა ის პოლიტიკური პარტია უნდა ჩაერთოს, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლარიზების დასრულება და მრავალპარტიულობა. ამიტომ "გამოვაცხადე ძებნა" 17 ოპოზიციონერზე, რომლებიც პარლამენტში შემოვლენ და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

- ოპოზიციონერები შეგახსენებენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია.
- დავუშვათ არალეგიტიმურია, ნუთუ ვადამდელი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი ერთად, ანუ 5%-იანი ბარიერის დაწევა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა?! მათ, ვისაც დღეს ჯიბეში მანდატი უდევთ, შეუძლიათ პარლამენტში შემოვიდნენ, თუნდაც ერთჯერადად, თუნდაც მხოლოდ ამ ერთი საკითხის მხარდასაჭერად, შემდეგ გააგრძელონ ბოიკოტი.M

- თუმცა ამ ინიციატივამ ვერ მოხიბლა "გირჩიც" კი, რომელიც დაბალი ბარიერით ყველაზე მეტად არის დაინტერესებული.
- არ მესმის არც "გირჩის" და არც სხვა ოპოზიციური პარტიების. რატომ ჭრიან ტოტს, რომელზეც სხედან?! მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაბალი ბარიერი. მე მხარს ვუჭერ 3%-იან ბარიერს იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემისთვის გამართლებულ ნიშნულად მიმაჩნია, მაგრამ ვიღაც ფიქრობს, რომ შესაძლოა 2% იყოს უკეთესი, ან ბუნებრივი ბარიერი. ვიმსჯელოთ ამაზე, არ არსებობს საკითხი, რაზეც შეთანხმება შეუძლებელია.

პრობლემა ის არის, რომ პარტიები უარს ამბობენ ჩვენს წინადადებაზე, მაგრამ მიზეზს ვერ ასაბუთებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლოგიკა გასაგებია - მათ ხელს აძლევს 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ისინი მოახერხებენ პარლამენტში შესვლას. რა უნდა ვიფიქრო?! ალბათ, "ნაციონალების" შიშით ვერ ბედავენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მე "გირჩისგან" მაინც ველოდები გამბედავ ნაბიჯს. ვფიქრობ, ამ რამდენიმე დღეში შემოვლენ პარლამენტში. სხვათა შორის, სხვა პოლიტიკური პარტიების წევრებისგანაც იმავეს ველი. მათთან პირადი საუბრების საფუძველზე ვამბობ.

- გასაგებია, რომ კონკრეტულ პირებს არ დაასახელებთ, მაგრამ ის მაინც გაგვიმხილეთ, რომელ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ ისინი?
- თითქმის ყველა პარტიაში არიან ისეთები, ვინც ფიქრობენ, რომ ახლა ქვეყანა ვიწროპარტიულ ინტერესებს არ უნდა გადააყოლონ.

- შესაძლოა უახლოეს დღეებში ბევრი რამ შეცვალოს ბატონი დანიელსონის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებამ. თქვენ რას ელით მეორე რაუნდისგან?
- იმედია ხელისუფლება და ოპოზიცია­ მხოლოდ სიტყვიერად კი არა, რეალურად გადახედავენ თავიანთ წითელ ხაზებს.

- არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ წითელ ხაზებს არც მოლაპარაკების ახალი რაუნდზე გადახედავენ.
- ძალიან ხშირად გაუკეთებია "ქართულ ოცნებას" კრიტიკული განცხადებები, შესაძლებლობის კარიც დაუხურავს, მაგრამ შემდეგ კარიც გაუხსნია და აზრიც შეუცვლია. მთავარია, მხარეებმა ნამდვილად მოინდომონ შედეგის მიღწევა.

დანიელსონის დაბრუნება ნიშნავს, რომ ის ისეთ გარემოს და პირობას შექმნის, ორივე მხარეს ძალიან გაუჭირდება მოლაპარაკების პროცესიდან შედეგის გარეშე გამოსვლა.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები