"ჩვენ გვინდა იმ 6 პუნქტის რეალობად ქცევა, რომელიც მიშელმა დაგვიტოვა!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვინდა იმ 6 პუნქტის რეალობად ქცევა, რომელიც მიშელმა დაგვიტოვა!"

"გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ეგ არ იყო, გუშინ რომ გვემუქრებოდა, ოპოზიცია უნდა დაგამთავროთო?"

"დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში მზად ვართ შევიდეთ პარლამენტში", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია.

"საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებისა და ფუნქციების გადანაწილება ნებისმიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ გადაწონის სხვა საკითხებს. ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზიციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის... ხელმომწერ პარტიათა დიდ ნაწილს არჩევნებზე მარცხის აღიარების გამოცდილება გვაქვს. მიგვაჩნია, რომ იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების შედეგები საყოველთაო ნდობას იწვევს, საკვანძოა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ყველაზე დიდი ზიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის მიმართ ნდობის დაკარგვაა, რაც დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს საარჩევნო პროცესის, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმის ნდობა... ჩვენი ეს პოზიცია ნაკარნახევია სურვილით, შეიქმნას იმგვარი რეალობა, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს, ხოლო საზოგადოებას პროცესის მიმართ ნდობა დაკარგული არა აქვს. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი რეალობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის, რეგიონში დემოკრატიული პროცესების მთავარი მტრის ინტერესებშია", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები.

ოპოზიციონერი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ წერილის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, თუ რისთვის არის მზად ოპოზიცია და რაში არ ეთანხმება ხელისუფლება. "ჩვენ არ გვინდა გაუგებრობა მოხდეს. დათქმის თანახმად, მოლაპარაკების დეტალებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამით სარგებლობენ და ცრუინფორმაციას ავრცელებენ". რისთვის არის მზად ოპოზიცია, რაში არ ეთანხმება მას ხელისუფლება და რა შემთხვევაშია შესაძლებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, ამის გარკვევა "ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან ვცადეთ.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან არიან დაინტერესებული საქართველოში სტაბილური გარემოს შექმნითა და დემოკრატიის განვითარებით. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ კრისტიან დანიელსონი "ოცნების" მიერ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ კვლავ დაბრუნდა თბილისში. ოპოზიცია მზად იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებას, რომელიც ამ დოკუმენტის 6 პუნქტში იყო გაწერილი. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტს მთლიანად გამოაცალა საძირკველი, გააქრო იქიდან კრიტიკული საკითხები. ვფიქრობ, მედიაციის მეორე რაუნდი უფრო პრინციპული იქნება. ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, შეიძლება ითქვას, მობილიზაციაც კი არის გამოცხადებული, რომ შეთანხმება შედგეს.

- არის ვერსია, რომ შესაძლოა დანიელსონმა კონკრეტული ინიციატივა წამოაყენოს და ამაზე უპირობოდ დათანხმება მოუწიოს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. - ოპოზიცია მზად იყო ხელი მოეწერა დანიელსონის პირველივე ჯერზე შემოთავაზებულ წინადადებას. ვგულისხმობ იმ 6 პუნქტს, რომელიც პირველი მედიაციის დროს იდო მოლაპარაკების მაგიდაზე.

- მახსოვს თქვენი განცხადება, როდესაც თქვით, რომ შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა. შემდეგ თქვით, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია ხუთ-ნახევარ პუნქტზე. რა მოხდა ამ განცხადებების შემდეგ, რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება? - ამაშია საქმე. როგორც "ქართულ ოცნებას" სჩვევია, დაიწყო საკითხების ტორპედირება და კარგად დაწყებული საქმე იმით დაასრულეს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტიდან აღარაფერი დატოვეს.

- ყველას თავისი სიმართლე აქვს... როგორ უნდა გაარკვიონ დაინტერესებულმა პირებმა, ვინ ცდილობს მოლაპარაკების ჩაშლას და ვინ არის მზად კომპრომისისთვის? - "ლელოსთვისაც" ძალიან უხერხულია ესაუბრო ჟურნალისტს, საზოგადოებას ისე, რომ არაფერი თქვა მთავარ საკითხებზე. მერწმუნეთ, ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე, დემოკრატიასა და ევროპული გზის მკვეთრად გამოხატვაზე.

ვაპირებთ გავასაჯაროოთ ის პუნქტები, რომლებზე ხელმოწერისთვისაც მზად ვიყავით და რა ჩააგდო ხელისუფლებამ. რამდენიმე დღეში ყველა ყველაფერს გაიგებს. ამის მერე ქართველმა ხალხმა თავად განსაჯოს, ვინ არის კონსტრუქციული, ვინ არა, ვის სურს ქვეყნის განვითარება და ვის რუსეთში შესვლა.

- თქვენთვის კომპრომისი ისევ ვადამდელი არჩევნები და მელიას გათავისუფლებაა. თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ორი საკითხი არც ახალ რაუნდში გადაიხედება. - "ოცნებას" სურს მოლაპარაკების ჩაშლა, შემდეგ ამის დაბრალება ოპოზიციისთვის და უკანონოდ მითვისებული ძალაუფლებით ტკბობის გაგრძელება. გადავხედოთ უახლოეს ისტორიას - ჯერ გვითხრეს, სრულად პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთო, მერე დადგეს სპექტაკლი და გვითხრეს, მაჟორიტარებმა ჩააგდეს კანონპროექტიო. მოლაპარაკება დავიწყეთ და ოთხი რაუნდის შემდეგ კობახიძემ ისეთი განცხადებები გააკეთა, შეუძლებელი გახადა მოლაპარაკების გაგრძელება. დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს მედიაცია და დანიელსონს გამარჯობის თქმაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კობახიძემ თქვა, მოლაპარაკება დამთავრებულია და ბატონი დანიელსონი მიემგზავრებაო. ახლა თალაკვაძე გამოვიდა ასპარეზზე და ისევ წითელ ხაზებზე ალაპარაკდა. თუ ვადამდელი არჩევნები და მელიას გათავისუფლება მისთვის პრინციპულად მიუღებელია, რატომ აწუხებენ ბატონ დანიელსონს, უთხრან, ტყუილად მოდიხართ, მაინც არაფერი გამოვაო. შარლ მიშელმა დაგვიტოვა ის 6 პუნქტი, რომელშიც ვადამდელი არჩევნებიც შედის და პოლიტპატიმრების საკითხიც.

- მას ვადამდელი არჩევნების საკითხი თავისი ინიციატივით რატომ უნდა წამოეყენებინა, როდესაც დასავლელი პარტნიორები არჩევნების ლეგიტიმაციას საეჭვოდ არ მიიჩნევენ? - დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა. ეს დიპლომატიურ ენაზე ძალიან რბილი ნათქვამია.

- ყველაფრის მიუხედავად, დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლით შესაძლებელი გახდება მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები. იქნებ პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება ამისთვის მაინც ღირდეს? - ჩვენც გვსურს პარლამენტში შესვლა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის, ერთხელ და სამუდამოდ ევროპული გამართული საარჩევნო კანონმდებლობისთვის...…ჩვენ გვინდა იმ 6 პუნქტის რეალობად ქცევა, რომელიც მიშელმა დაგვიტოვა!

- ამ 6 პუნქტიდან ერთ-ერთი არის მელიას საკითხი. ეს თქვენთვისაც ისეთივე პრინციპულია, როგორც "ნაცმოძრაობისთვის"? - დიახ, რადგან მიუღებელია მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით. მხოლოდ მელიას საქმე ხომ არ არის? გახსოვთ რა ამბავი ატეხეს დავითგარეჯთან დაკავშირებით? რა ხდება ახლა ამ საქმეზე, გაყიდა ვიღაცამ მიწა და ჩვენ შევეგუეთ ამ ყველაფერს?

- ეთანხმებით ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, ანუ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს?

- ბატონი ივანიშვილი, როგორც თავადვე ამბობს, წასულია პოლიტიკიდან, ბატონი სააკაშვილი კი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე. რა გამოდის, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არიან არაფორმალური ლიდერები, რომლებიც პასუხს არაფერზე აგებენ?! სანამ არაფორმალური ლიდერებისგან არ გავთავისუფლდებით, ასეთ გაუგებრობაში ვიქნებით.

- გჯერათ, რომ გახარია დამოუკიდებელ მოთამაშედ ბრუნდება? - რის გამო უნდა ეცვალა ფერი გახარიას? რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც იდეოლოგია შეაცვლევინა? გუშინ აღმოაჩინა, რომ ქვეყანას არასწორი კურსი ჰქონდა აღებული? არავითარ შემთხვევაში. გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ეგ არ ი

კაცმა 20 ივნისზე აიღო პასუხისმგებლობა და ნიკა მელიაზე აუჩუყდა გული? ივანიშვილის დავალებით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პროექტი ჩააგდო.

- თქვენ როგორ ახსნით მის პოპულარობას სოციალურ ქსელებში?

- ნახეთ რა ტიპის საზოგადოებაში სარგებლობს პოპულარობით, სიპ-ებში, აიპ-ებსა და მერიის სამსახურებში დასაქმებული ხალხი გულშემატკივრობს, ისინი, ვინც უზრუნველი ცხოვრება მოიწყვეს, კომფორტული კაბინეტებიდან არ გამოდიან და სულ არ ანაღვლებთ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. შესაბამისად, არც ისეთი დავალების შესრულება უჭირთ, როგორიც გახარიასთვის იმიჯის შექმნაა.

ხათუნა ბახტურიძე