"ოპოზიციას ეგონა, ამერიკა ხელისუფლებას დატუქსავდა და ბევრად მწვავედ გააკრიტიკებდა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას ეგონა, ამერიკა ხელისუფლებას დატუქსავდა და ბევრად მწვავედ გააკრიტიკებდა"

"თუ ამერიკელები მკაცრად ეტყვიან რამეს, ვერც ერთი მხარე ვერ გაბედავს უარის თქმას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამერიკელებმა ჯერ არ იციან, რა უნდა თქვან, რადგან ხედავენ, რომ ორივე მხარე დამნაშავეა..."

ევროპელი დიპლომატების უშედეგო მედიაციის შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტმა იმსჯელა, რომლის მონაწილე სენატორები პოლიტიკური მხარეების მიმართ საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ, თუმცა მათი განცხადებები ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ სათავისოდ ახსნა. გვესაუბრება პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე:

- ვფიქრობ, ოპოზიცია ისევ ქუჩაში იქნება და დაელოდება, როდის დაუშვებს "ოცნება" შეცდომას. თავის მხრივ, "ოცნება" იმის იმედზეა, რომ ოპოზიცია დაიღლება და დაიშლება, ან რომელიმე პარტიას ნერვები უმტყუნებს, პარლამენტში შევა და ოპოზიცია, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, აღარ იარსებებს.

რა შეეხება ამერიკასა და ევროკავშირს, ისინი ცდილობენ ჩვენს პოლიტიკოსებს დაანახონ, როგორ ჩანს ეს პროცესები შორიდან. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ ვითარებაზე გავლენის მოხდენა, თუ ორივე მხარეს მკაცრად დაელაპარაკებიან, სხვა, დიპლომატიური ენა, თქვენი ხალხი უკეთესს იმსახურებსო, შენიშვნა, რჩევა, შეგონება ვერაფერს ცვლის.

თუ ამერიკელები მკაცრად ეტყვიან რამეს, მით უფრო საჯაროდ, ვერც ერთი მხარე ვერ გაბედავს უარის თქმას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამერიკელებმა ჯერ არ იციან, რა უნდა თქვან, რადგან ხედავენ, რომ ორივე მხარე დამნაშავეა. ოპოზიციას ეგონა ამერიკა ხელისუფლებას დატუქსავდა და ბევრად მწვავედ გააკრიტიკებდა.

სავარაუდოდ, ელოდნენ მთავარ მესიჯს, ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პრორუსულიაო, მაგრამ ასე არ მოხდა, მეტიც, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთგულებაზე გააკეთეს აქცენტი და თავდაცვის სამინისტროს კარგ მუშაობაზე ისაუბრეს. ვფიქრობ, ამერიკის მონაწილეობა უფრო შედეგიანი იქნება, ორივე მხარე უფრო ამერიკას უწევს ანგარიშს.

- მხარეები ჯიუტად ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა თავიანთ ოპონენტს მიუთითეს დათმობისკენ. - ორივე მხარეს თავ-თავისი წილი დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ პატარა ბავშვებივით იქცევიან, იმან მიჩქმიტა, ამან ენა გამომიყო. ორივე ცდილობს დასავლეთს თავი მოაწონოს და თავი უფრო კონსტრუქციულად წარმოაჩინოს, ჩაშლილი მოლაპარაკება კი მოწინააღმდეგეს გადააბრალოს. პოლიტიკური ძალების მიზანი ერთმანეთის განადგურებაა - "ნაციონალებს" "ოცნების" გაქრობა სურთ, "ოცნება" კი, "ნაციონალები" ხელისუფლებაში რომ არ დაბრუნდნენ, უკან არაფერზე დაიხევს, ოღონდ "ნაციონალები" მოსპოს პოლიტიკურად.

- ოპოზიციაში "ნაციონალების" გარდა, სხვა ძალაც ხომ არის? - რაც უნდა იპრანჭებოდნენ ვიღაცები, ოპოზიციაში პირველი ვიოლინოს როლს მაინც "ნაციონალები" თამაშობენ, რაც არჩევნების შედეგმაც ცხადყო - დანარჩენი ოპოზიციის ერთად აღებული ხმები "ნაცმოძრაობისას" ვერ უტოლდება.

- რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ამ დაუსრულებელ კინკლაობაში სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგონ? - საბედნიეროდ, ეს ასე მარტივად არ მოხდება, რადგან საქართველოს მიმართ მათაც აქვთ ინტერესი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი - თუ წლების განმავლობაში ვერაფერი შევცვალეთ, უამრავი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, უკრაინასავით უძირო ქვევრად ვიქცევით, სადაც ამდენ თანხას ყრიან, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი იცვლება...

- ოპოზიცია ისევ აქციებზე ლაპარაკობს. - სავარაუდოდ, მათი პროგრამა-მინიმუმია დასავლეთს დაანახონ, რომ ამდენი ხალხი აპროტესტებს "ოცნების" მმართველობას; ან შესაძლოა ელის, რომ ხელისუფლება ისევ სისულელეს ჩაიდენს, დაარბევს ხალხს და კრიზისი უფრო გამწვავდება. ის განწყობაც მოძველდა, ბევრი ხალხი თუ გამოვა, რევოლუცია აუცილებლად მოხდებაო. ამ სიტუაციაში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბარიც არა მგონია ადეკვატური.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ჰესების მშენებლობა შეჩერებულია, რომელშიც 800 მილიონი დოლარი უნდა ჩადებულიყო. აზერბაიჯანმა კი, რომელიც ჩვენი პარტნიორია, თითქმის წაიღო სტრატეგიული მნიშვნელობის ინტერნეტკაბელები, (მარეგულირებელი კომისია ბლოკავდა და ახლაც ბლოკავს მის გაყიდვას. ამ კაბელების 49% აზერბაიჯანელების საკუთრებაა და 51%-ის შესაძენად ყველაფერს აკეთებს). ოპოზიციამ სამარცხვინო ისტერიკა გამართა, ჩვენ ვერ მოვუვლით და ამიტომ აზერბაიჯანს უნდა მივყიდოთო. ოპოზიცია ნეგატივს ხედავს მთავრობის ნებისმიერ ქმედებაში, იმაშიც კი, რაშიც ის მართალია. ასეთი რამეები ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს და სწორედ ამით სარგებლობს რუსეთი. ამხელა ჰიდრორესურსის ქვეყანა ვართ და ვერ ვსარგებლობთ, არადა, 800-მილიონიან ინვესტიციაზეა ლაპარაკი. მისი სწორად დაგეგმვისა და ამუშავების შემთხვევაში ელექტროენერგიის ექსპორტიორები გავხდებით, გაიაფდება ელექტროენერგია, ინვესტიციებიც შემოვა... სანამ ელექტროენერგიაზე თურქეთსა და რუსეთზე ვიქნებით ჩამოკიდებული, არაფერი გვეშველება. ამიტომ, როდესაც რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკობენ, ამ თემებს არავინ ახსენებს. მტერს ხელს აძლევს ჩვენი დასუსტება ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად. თუ ასე გავაგრძელეთ, 10 წელიწადში მთლიანად დენის იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული იმ ქვეყანაში, რომელსაც ამხელა ჰიდრორესურსი აქვს. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ შორსმჭვრეტელობის უნარი არ გაგვაჩნია.

- ახალი ძალის შემოსვლაზე საუბარი აქტუალურობას არ კარგავს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან არც წასულა. - თუ გიორგი გახარია შემოვა პოლიტიკაში, მას ფული დასჭირდება და ვინ დააფინანსებს? არა მგონია, მას ამ საქმისთვის საკმარისი ფული ჰქონდეს. ამიტომ სპონსორი სჭირდება და ვინ იქნება, ამაზეა დამოკიდებული მისი წარმატება თუ მარცხი.

- ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა მისი სახით ივანიშვილმა ახალი ძალა შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკურ არენაზე. - მეეჭვება გახარია "ოცნება 2-ზე" თანახმა იყოს. თუმცა, თუ დამოუკიდებელ ცენტრს აყალიბებს, ივანიშვილისა და სააკაშვილისგან დამოუკიდებელი ფული სჭირდება. მისი პოლიტიკური გზა იმის მიხედვით გამოჩნდება, თუ ვინ ჩადებს მასში ფულს.

- საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოდის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ამჯერად რა შეიძლება კრისტიან დანიელსონმა მხარეებს შესთავაზოს? - ამ ეტაპზე მის ვიზიტს ასეთი ახსნა აქვს - ყველაფრის მიუხედავად, საქართველო რეგიონში ევროპის ყველაზე ახლო პარტნიორია, მისი რეფორმირება ბევრად იოლია, ვიდრე უკრაინის ან თუნდაც სომხეთის. ამიტომ დასავლეთისთვის წარმატების მაგალითის შენარჩუნების შანსი საქართველოა. ამიტომაც მუდმივად იქნება ევროპისა და ამერიკის ყურადღების ობიექტი.

ყარაბაღის ომის შემდგომ ასეთი რეალობა შეიქმნა - ევროკავშირის კიდევ ერთ პარტნიორს, სომხეთს, კრიზისი აქვს, ასეთ სიტუაციაში საქართველოს მიშვება და გადაჩეხა მათთვის ძალიან მძიმე იქნება. სომხეთი, ახლა უფრო მიება რუსეთს, აზერბაიჯანი კი, რომელიც რეგიონში დამოუკიდებელ მოთამაშედ ყალიბდება, უფრო დაუახლოვდა თურქეთს. თავის განცხადებებში დასავლეთი ამას არც მალავს და

ნურავის ექნება ილუზია, რომ თურქეთი თუ გაძლიერდა, ეს რეგიონში ნატოს გაძლიერებასაც ნიშნავს.