"გეგმა გამოიკვეთა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ნაცმოძრაობა" მიჰყვება - მათ ეს ოპოზიციური "კლასტერი" მთლიანად დაიქვემდებარეს" - კვირის პალიტრა

"გეგმა გამოიკვეთა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ნაცმოძრაობა" მიჰყვება - მათ ეს ოპოზიციური "კლასტერი" მთლიანად დაიქვემდებარეს"

მოლაპარაკება არის პროცესი და ხისტი პოზიცია არავის ექნება, მითუმეტეს მედიატორებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მოვისმენთ დანიელსონისგან, ან პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლისგან, უნდა ვიცოდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი, რომელიმე მხარეს გამოხატოს სიმპატია ან პოზიცია რომელიმე მხარის სასარგებლოდ.

მედიატორმა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა რომელიმე მხარეს დაუჭიროს მხარი. ასე მშრალად, მმართველი გუნდი გაიზიარებს თუ არ გაიზიარებს მედიატორის წინადადებებს, არასწორი შეკითხვაა, ვინაიდან პროცესია მოლაპარაკება და ხისტი პოზიცია არავის ექნება, მითუმეტეს მედიატორებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, "თემა არ არსებობს, რომელზეც უმრავლესობას არ აქვს კომპრომისული ვერსია".

"დეტალებზე ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ გონიერებასთან სიახლოვეს, ყოველთვის უნდა იყო მზად კომპრომისებისთვის და ვართ კიდეც, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თავად პროცესთან დაკავშირებით სკეპტიკური პოზიცია აქვს, რადგან ოპოზიცია ულტიმატუმებით გამოირჩევა.

"რთული სიტუაციაა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზოგადად, იმდენად, რამდენადაც გეგმა გამოიკვეთა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ნაცმოძრაობა" მიჰყვება. მათ ეს ოპოზიციური "კლასტერი" მთლიანად დაიქვემდებარეს, ფაქტობრივად ბოლო პერიოდში განსხვავებაც კი არ არის არც მათ შეხედულებებს და არც მათ კომენტარებში. საერთოდ ეს პროცესი თავისი პოლიტიკური მიზნების მძევლად აქციეს, უხეშად ვიტყვი, მაგრამ მელია დააჭერინეს, სხვა გზა არ დაუტოვეს სახელმწიფო სტრუქტურებს და არა პოლიტიკურ მმართველობას, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაედგათ. აქედან გამომდინარე მე მაინც სკეპტიკურ პოზიციაზე ვრჩები, ვინაიდან ეს არის მთავარი ულტიმატუმი, რომელსაც აყენებს კონკრეტული პოლიტიკური პარტია", - აცხადებს ვოლსკი.