"ხელისუფლება, რომელმაც "მკვლელობის დამკვეთი" ამხილა, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ დაქირავებულ "ქილერთან" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება, რომელმაც "მკვლელობის დამკვეთი" ამხილა, იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ დაქირავებულ "ქილერთან"

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ თემებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

"იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. რეალობა კი ასეთია:

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ფორმულა არ არსებობს.

შესაბამისად, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა კრიზისიდან, არამედ ჩიხიდან გამოსვლაზე. ამისათვის საჭიროა კრიზისის რაღაც ფორმით კუპირება და მისი საპარლამენტო ფორმატში გადატანა.

აგრეთვე, ილუზიაა რაიმე ტიპის რეალური შეთანხმების მიღწევა მართლმსაჯულების, საარჩევნო კანონმდებლობის, ძალოვანი სისტემის ან ნებისმიერი სხვა სისტემური პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით.

წარმოიდგინეთ ხელისუფლება, რომელმაც ამხილა "მკვლელობის დამკვეთი", იქვე ხელი მოაწერა კონტრაქტზე იმ ხელისუფლების დაქირავებულ "ქილერთან" (სისტემასთან). ეს კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია.

ძალიან მიამიტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე - პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია "ქილერთან" კონტრაქტის გაწყვეტა, რადგან პასუხი მოგეთხოვება. ამ ტიპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ანუ სისტემური გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში. მერე უკვე მძევალი ხარ.

ასე რომ, რაც დღეს შეიძლება დაიწეროს, მისი განხორციელება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების პირობებში იქნება შესაძლებელი.

ეს უნდა ვიცოდეთ.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა ჩვენ მაინც უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არა თავის მოტყუების ხარჯზე, რადგან ეს ჭირდება ქართულ სახელმწიფოს...", - წერს გია ხუხაშვილი.