"ვინც სარგებლობას იღებენ საქართველოში არასტაბილურობასა და ქაოსისგან, სხედან კრემლში" - რას წერენ საქართველოზე იან კელი და დევიდ კრემერი ამერიკულ გამოცემაში - კვირის პალიტრა

"ვინც სარგებლობას იღებენ საქართველოში არასტაბილურობასა და ქაოსისგან, სხედან კრემლში" - რას წერენ საქართველოზე იან კელი და დევიდ კრემერი ამერიკულ გამოცემაში

ამერიკულ გამოცემა "ბულვარქში" (The Bulwark) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორი უნდა იყოს აშშ-ის რეაგირება საქართველოში შექმნილ რთულ სიტუაციაზე", რომლის ავტორები არიან იან კელი (აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში 2015-2018 წლებში) და დევიდ კრემერი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე). გთავაზობთ პუბლიკაციის მიმოხილვას:

"საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად ავტორიტარიზმის ზღვაში, ახლა ერთპარტიული, არასტაბილური რეჟიმის ჩამოყალიბების ზღვარზე დგას ", – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორების აზრით, საქართველოში ყველა პარტიის წარმომადგენელმა უნდა მოაგვაროს ქვეყანაში არსებული კრიზისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს. დიპლომატების აზრით, აშშ-მა, როგორც ქვეყანამ, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი დადებითი გავლენები აქვს, კრიზისის დაძლევას ხელი უნდა შეუწყოს.

"ოთხი მილიონი ადამიანისგან შემდგარ სახელმწიფოს ამერიკის სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაწილობრივ, ეს მის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება; გარდა ამისა, საქართველო გახდა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, როდესაც ერაყში, ავღანეთსა და სხვა ადგილებში ჯარისკაცები გაგზავნა. საქართველო უცვლელად იყო წარმოჩენილი ევრაზიის რეგიონში პროამერიკულ ქვეყნად. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ აიღო ვალდებულება ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციის შესახებ. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში აშშ-მა საქართველოს 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო და სხვა დახმარება გაუწია, მათ შორის, რუსული სამომავლო აგრესიისგან დასაცავად", - ნათქვამია სტატიაში.

იან კელი და დევიდ კრემერი აღნიშნავენ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ კავკასიისთვის კრიტიკულ მომენტში დაიწყო, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის პერიოდში, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე გადაწყვეტილებისა და 2000 ათასი რუსი მშვიდობისმყოფელის ჩაყენების პირობებში.

"აშშ-სა და მათ მოკავშირეებს მდგრადი და უსაფრთხო საქართველო სჭირდებათ, რომ მოხდეს ბევრად მსხვილი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე კონფლიქტის საფრთხის არიდება. საქართველოს წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონი ყველა მხრიდან გარშემორტყმულია რუსული ოკუპაციით, კონფლიქტებითა და ავტოკრატიით, ქვეყანა მოქმედ კონტრმოდელს საჭიროებს. კონფლიქტის ზონებში საქართველოს მდებარეობა არა მხოლოდ გამოწვევაა, არამედ - იმის დემონსტრირებაც, რომ რეგიონში პრობლემები განსხვავდება, რაც რუსეთს აძლევს ხელს. ერთადერთი, ვინც სარგებლობას იღებენ საქართველოში არასტაბილურობასა და ქაოსისგან, სხედან კრემლში. მხოლოდ ამის გააზრება უნდა იყოს საგანგაშო სიგნალი საქართველოში მცხოვრებთათვის, ასევე, მათი მეგობრებისთვის დასავლეთში. ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული, შემდეგ კი ყველა პარტიამ კომპრომისზე უნდა იზრუნოს საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიულობის უზრუნველსაყოფად. შეერთებულ შტატებს პროცესში საკვანძო როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედოს", - აღნიშნავენ ავტორები.

იან კელი და დევიდ კრემერი თვლიან, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, სადაც ამჟამად მხოლოდ სამი თანამდებობის პირია დამტკიცებული და პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნის არცერთი თანაშემწე ჯერ არ დაუნიშნავს, სწრაფად უნდა ჩამოაყალიბოს გუნდი, რომელიც საქართველოს საკითხითაც იქნება დაკავებული. გასაგებია, რომ "ამ თანამდებობების შევსებას დრო დასჭირდება, ამიტომ, საჭიროა, კონგრესის რამდენიმე წარმომადგენელი ორპარტიულ საფუძველზე თბილისში ჩავიდეს სპეციალური წარმომადგენლების რანგში, როგორც ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც რიჩარდ ლუგარი კიევში გაგზავნეს, ქვეყანაში მაშინ არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის ძიების დასახმარებლად", - აღნიშნულია სტატიაში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ