"ზუსტად ამ განვითარების ეშინია ხელისუფლებას და..." - რას წერს გია ხუხაშვილი უშედეგოდ დასრულებულ მედიაციის მეორე რაუნდზე - კვირის პალიტრა

"ზუსტად ამ განვითარების ეშინია ხელისუფლებას და..." - რას წერს გია ხუხაშვილი უშედეგოდ დასრულებულ მედიაციის მეორე რაუნდზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი მედიაციის მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

ცნობისთვის, ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება შესთავაზა.

წინადადების პუნქტებია: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.

მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

"წუხანდელი მოვლენების კომენტირებაც კი არ ღირს. ჩვენ დიდი ხანია ვიქეცით ფილმის Groundhug day (ზაზუნას დღე) ე.წ. "მასოვკად" და მუდმივად ერთიდაიმავე სცენარში ვმონაწილეობთ, სხვადასხვა ვარიეციებით.

განსხვავება იმაშია, რომ იქ ყოველი შემდეგი გამეორება ოდნავ უკეთესია. ჩვენთან პირიქით - უარესი.

ამიტომ, მხოლოდ ერთ, შედარებით ახალ თემაზე, 20 ივნისის მოვლენების ამნისტირებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ამინისტია ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე ოპოზიციის. მათი ამოცანა არც არასდროს ყოფილა ამ საქმის გამოძიება. ამოცანა იყო, საქმის დაკიდება, ვაჭრობა და საჭირო მომენტში "სარფიანად" გაყიდვა პროდუქტის, რომელიც რეალურად მათი კომპრომატი უფროა, ვიდრე აქტივი.

ამიტომ, ოპოზიციის დღის წესრიგი მელიას გათავისუფლებაზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ საქმის არსებით განხილვაზე, რომლის მთავარი მოწმე მაკო გომური გახდება...

ზუსტად ეს სცენარი აშიშვლებს სისტემას მთელი თავისი სიმახინჯით და არა მელიას ეჭვმიტანილის სტატუსით გათავისუფლება.

ზუსტად ამ განვითარების ეშინია ხელისუფლებას და ამიტომაც არ იხილავს არსებითად ამ საქმეს...ახლა კი ჩაფარცხვაზე ზრუნავს...", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში".