"დანიელსონი ხვალ და ზეგაც რომ დაბრუნდეს, აქედან არაფერი გამოვა" - კვირის პალიტრა

"დანიელსონი ხვალ და ზეგაც რომ დაბრუნდეს, აქედან არაფერი გამოვა"

პოლიტიკოსები განცხადებებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ. ანგარიშს არ უწევენ, არც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არც ჩვენი პარტნიორების თხოვნას, რომ ეს "ძიძგილაობა" დაასრულონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულება შეაფასა.

მანვე აღნიშნა, რომ საზოგადოება, რომელიც გაუთავებელ "ძიძგილაობას" უყურებს, გამოსავალს ვერც ოპოზიციასა და ვერც ხელისუფლებაში ხედავს.

"პოლიტიკოსები განცხადებებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ. ანგარიშს არ უწევენ არც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არც ჩვენი პარტნიორების თხოვნასა თუ მოწოდებას, რომ ეს "ძიძგილაობა" დაასრულონ და ნორმალურ საქმიანობაზე გადავიდნენ. ჯერჯერობით ყველაზე კარგი იქნება, თუ ევროპელი პარტნიორები ქართველ პოლიტიკურ სპექტრს მისცემენ გარკვეულ დროს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაში გაერკვნენ.

ოპოზიციამ უნდა ნახოს, რა შეუძლია მას თუ ქუჩაში დარჩება და ქუჩის აქციებით შეეცდება ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნები დაანიშნინოს, თან იმ ვითარებაში, როდესაც არანაირი მხარდაჭერა ამ ნაწილში პარტნიორების მხრიდან არ აქვს. ასევე, ხელისუფლება დაფიქრდეს იმაზე, რომ თუ დასავლეთის მხრიდან იქნება სანქციები, როგორ შეძლებს თუნდაც მინიმალურ დონეზე ქვეყნაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შეინარჩუნოს. ეს ორივე მხარემ უნდა გაიაზროს!", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე აზრით, "აქედან არაფერი აღარ გამოვა", დანიელსონი საქართველოში მესამედაც რომ დაბრუნდეს.

"თუ ხვალ და ზეგ, დანიელსონი, ან ვინმე ისევ ჩამოვა და ისევ შეეცდება მხარეები მაგიდასთან დასვას და მოილაპარაკონ, არ გამოვა აქედან არაფერი, რადგან ეს მღვრიე წყალი, რაც ახლაა, ნელ-ნელა უნდა დაიწმინდოს. ამას დრო სჭირდება, საღი აზროვნება.

ამ წუთში საზოგადოება მხოლოდ მაყურებლის როლშია, არანაირი რეაქცია იმაზე თუ რა ხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მას არ აქვს. არ ვგულისხმობ პარტიულ აქტივებს. როდესაც გამოსავალს ვერ ხედავ - მაყურებელი ხარ. საზოგადოება გამოსავალს ვერც ოპოზიციასა და ვერც ხელისუფლებაში ვერ ხედავს და ამ გაუთავებელ "ძიძგილაობას" უყურებს", - განაცხადა ძაბირაძემ.