"დანიელსონს თანავუგრძნობ, ის აღმოჩნდა ვითარებაში, რომელიც მისთვის, როგორც ევროპელისთვის, წარმოუდგენელი იყო" - კვირის პალიტრა

"დანიელსონს თანავუგრძნობ, ის აღმოჩნდა ვითარებაში, რომელიც მისთვის, როგორც ევროპელისთვის, წარმოუდგენელი იყო"

"დღეს ქვეყნისთვის არც ერთი მხარე არ იბრძვის. ხალხის ინტერესებზე რომ იყვნენ ორიენტირებულნი, მაშინ კონსენსუსის მიღწევას შეძლებდნენ"

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდენ. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

გუშინდელი მოვლენები შეფასება და სავარაუდო პროგნოზის გაკეთება ექსპერტებს ვთხოვეთ:

გია ხუხაშვილი: კრიზისის გადალახვის ფორმულა არ არსებობს, რადგან დეკლარირებული მხარეების წითელი ხაზები არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ ვფიქრობ, კრიზისის გადალახვაზე კი არ უნდა ყოფილიყო აქ საუბარი, საუბარი უნდა ყოფილიყო ჩიხიდან გამოსვლაზე. მოცემულობა ასეთია: კრიზისი არის სახეზე, ის არის სიღრმისეული და გასაღები, რომლითაც ის გადაწყდება, არ არსებობს. ამის მიუხედავად, რადგან ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი რისკები, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, ანუ კრიზისის ფორმა უნდა შევცვალოთ და ამ ყველაფერს ცივილიზებული ფორმა მივცეთ - არა ქუჩასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების, არამედ - ფორმატი უნდა შევცვალოთ, რომ სახელმწიფო რისკები ძალიან არ გაიზარდოს. სწორი იქნებოდა ამ მიმართულებით ფიქრი. რაც შეეხება საკითხებს, რასზეც შესაძლებელია მოლაპარაკება, ეს არ არის კრიზისის გადალახვის თემები, ეს არის სატყუარა ვიღაცისთვის, რომ, ვითომ, რაღაც მოხდეს, თორემ მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარი ამ ხელისუფლებასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა მურუსიძე სასამართლოში ჩაებეტონებინა, წარმოუდგენელია. ძალიან მიამიტი უნდა იყო ადამიანი, ამის რომ გჯეროდეს. ხელისუფლებამ რომც მოინდომოს ამის დემონტაჟი, ვერ მოახერხებს, იმიტომ, რომ ამ სისტემის მძევალია. შესაბამისად, ამ ტიპის მართლმსაჯულების რეფორმის გატარება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არის შესაძლებელი. სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების ნაწილია, მეტასტაზებივით არის მოდებული მთელ სხეულზე და ასეთ დროს, თუნდაც ქირურგიული ჩარევით, პრობლემა ნამდვილად არ წყდება.

- გაჟღერდა პუნქტები, ამაზე რას იტყვით?

- რეალურად, მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი პუნქტი იდო, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. დანარჩენი ყველაფერი არის ლაილაი. რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის წყალგამყოფი ორივე მხარისთვის. დანარჩენ თემებზე რაც უნდა მოილაპარაკონ, თუ ეს მთავარი საკითხი არ დაეკიდება ჰაერში, კრიზისი ძალაში რჩება.

ერთი მხარე ამბობს, ეს საკითხი არ განიხილებაო, მეორე ამბობს, ამის გარეშე ეს არ გამოვაო. მაშინ მითხარით, სად არის აქ მოლაპარაკების საფუძველი? ფაქტობრივად, სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები დაემსგავსა ამინდის პროგნოზს - ასეთი ამინდი იქნება თუ - ისეთი. შინაარსობრივად სხვა საკითხები მთავარ ფუნდამენტურ საკითხს არ ხსნიდა დღის წესრიგიდან, არც ერთი მხარისთვის, მაშინ რა აზრი ჰქონდა, საერთოდ, მოლაპარაკებებს? შესაბამისად, ეს კანონზომიერი შედეგია, სხვანაირად არ შეიძლება დასრულებულიყო. კრისტიან დანიელსონის განცხადებაზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, თანავუგრძნობ მას, ის აღმოჩნდა ვითარებაში, რომელიც მისთვის, როგორც ევროპელისთვის, წარმოუდგენელი იყო. იგი მუდმივად უსმენდა მხარეების მონოლოგს, რომელიც ვერ გადადის დიალოგში. სხვა რა განცხადება უნდა გაეკეთებინა და რა განწყობაზე უნდა ყოფილიყო?! შესაბამისი განცხადება გააკეთა - ქრისტე ღმერთი კი არ ვარ, წავალ ახლა, შარლ მიშელს მოვახსენებ ყველაფერს და იმან მიიღოს გადაწყვეტილებაო. ეს გასაგებია. წინასწარ შეგვეძლო მისთვის თქმა, რომ აქ შეთანხმება შეუძლებელი იყო, რომ კრიზისის გადალახვაზე კი არ შეიძლებოდა საუბარი, არამედ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო. უნდა ეთქვათ, ვაღიარებთ, კრიზისი არის გადაულახავი, ამიტომ ერთადერთი, რასზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, სახელმწიფო რისკების გათვალისწინებით, ჩვენი დასავლელი მეგობრების თხოვნის გათვალისწინებით და, თუნდაც, საგარეო პრობლემებიდან გამომდინარე, მხარეები ვთანხმდებით, რომ ეს კრიზისი გაგრძელდება საპარლამენტო ფორმატში ანუ, უბრალოდ, ფორმას შეიცვლის, დღის წესრიგიდან არ იხსნება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, არ აღიარებს ოპოზიცია ჩატარებულ არჩევნებს, მაგრამ აღიარებს დე ფაქტო სიტუაციას და შედის პარლამენტშიო. ეს, როგორც შუალედური გადაწყვეტილება, მოგვცემდა არა კრიზისის გადალახვის საშუალებას, არამედ - პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისას. ახლა შარლ მიშელს მოახსენებს დანიელსონი ყველაფერს და, ალბათ, მას აქ მიყენებული ფსიქიკური ზიანისთვის რაღაც, მცირეს მაინც მისცემენ ფინანსურად. დანიელსონი ცოტა მეცოდება, ამ ვითარებაში რომ უწევდა მუშაობა.

- კიდევ ერთმა საკითხმა, რაც ნიკა მელიას განთავისუფლებას უკავშირდებოდა, წამოჭრა ამნისტიის თემა და ხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტია გამოსცეს ამ საკითხზე, თქვენ რას იტყვით?

- ამნისტიის თემა შემოვიდა დღის წესრიგში. ეს თემა ხელისუფლებისთვის უფროა მომგებიანი, ვიდრე - ოპოზიციისთვის. ეს განკუთვნილი იყო, რომ ხელისუფლებას ამ თემით ევაჭრა და სარფიანად გაეყიდა. ახლა ამ საქმის ჩაფარცხვაზე უფრო ფიქრობს ხელისუფალი, ვიდრე 20 ივნისის მოვლენების არსებით განხილვაზე. ვფიქრობ, ოპოზიციის დღის წესრიგი მელიას თემებზე არ არის პოლიტიკურად სწორი, პირიქით, ოპოზიცია უნდა ითხოვდეს ამ საქმის არსებითად განხილვას და მოხდება მაშინ სისტემური მანკიერების ლუსტრირება. საქმის არსებითი განხილვა მოხდებოდა, სადაც ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალებაში დებენ ბრალს, მაგრამ როცა იქ ოპოზიციის მთავარი მოწმე არის მაკო გომური, თქვენი აზრით, ამ საქმის არსებითი განხილვა ხელისუფლებისთვის სასარგებლო იქნება? არ იქნება. ამიტომ არ უნდათ ამ საქმის განხილვა, თორემ თუ უნდოდათ, ორი წელი გავიდა ამ ფაქტიდან და რით ვერ დაადგეს თავი, საქმე არსებითად რომ განეხილათ და ვერდიქტი გამოეტანათ? ახლა უნდათ ამნისტიით საკუთარი დანაშაული ჩაფარცხონ. დიდი ბოდიში, შენ თუ მელიას და სხვებს სჯი, მაშინ რას უშვები 18 წლის გოგოს, რომელსაც სიცოცხლე თავდაყირა დაუყენე? იქ რამე გამოიძიეს? ვინმე დასაჯეს? დანაშაული ხომ იყო, ყველაზე ცოტა, ადამიანების ჯანმრთელობას ხომ ზიანი მიადგა. ხელისუფლებას ამის აღიარება არ უნდა, არ აწყობს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და უნდა, ამნისტიით ჩაფარცხოს ყველაფერი.

- მოვისმინეთ კობახიძის განცხადება. იგი ამბობს, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის. იკითხა კიდეც, საერთოდ, რა შუაშია რურუაო?

- რომელ ხელისუფლებას უღიარებია, პოლიტპატიმარი რომ ჰყავს. ეს გასაგებია, არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. უბრალოდ, ტექნიკურად, შეწყალების აქტით შეუძლიათ ეს დაამთავრონ. მაგრამ ახლაც ვლაპარაკობთ წვრილმანებზე და დეტალებზე, აქ მთავარი თემა არის რიგგარეშე არჩევნები, დანარჩენი რომლითაც შეიფუთა, ეს ყველაფერი სისულელეა. გასაგებია, ისინი ამბობენ რომ ეს თემა დახურულია, მაგრამ არც ოპოზიცია აპირებს ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე ისაუბროს. ორივეს აქვს ერთი და იგივე წითელი ხაზი, შესაბამისად, სხვა საკითხებზე ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს. ოპოზიცია რამის გადმოგდებას კი არ უნდა ელოდებოდეს, კომიტეტების და ა.შ. ტყუილ დაპირებებს მართლმსაჯულების რეფორმაზე, უპირობოდ უნდა შევიდეს პარლამენტში და ეს ადრეც უნდა გაეკეთებინათ. თავიდანვე უნდა შესულიყვნენ, უნდა ებრძოლათ იქიდან ამ ყველაფრისთვის და არა ვიღაცისთვის ეხვეწათ. შენ უნდა იბრძოლო, ბრძოლის გარეშე არ მოიპოვება არაფერი, სხვა ფორმულა არ არსებობს. ოპოზიციას უნდოდა მისი გასაკეთებლი სხვას გაეკეთებინა - ან ევროპელს, ან ამერიკელს და ან ხელისუფლებას გადმოედგო რაღაც, მაგრამ შენი გასაკეთებელი შენვე უნდა გააკეთო. ოღონდ სწორი ფორმა უნდა იპოვო. ის ფორმა, რასაც ახლა ოპოზიცია მიჰყვება, ნამდვილად არ არის სწორი.

ვახტანგ ძაბირაძე: - ამ შედეგს ველოდი, იმიტომ, რომ წითელი ხაზები, რასზეც მხარეები ლაპარაკობდნენ, არსად წასულა. არც ერთი მხარე არ იყო კომპრომისისთვის მზად, ამიტომ მოულოდნელობა არ ყოფილა ის, რაც ვნახეთ. მოლაპარაკება ვერ შედგა, პრობლემები გადაუწყვეტელი დარჩა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო ვიზიტი პარტნიორებისგან და ამას აუცილებლად მოყვება გაგრძელება, მაგრამ შედეგზე რა მოგახსენოთ, შედეგი ჯერჯერობით არ არის. უმთავრესია, ახლა პარტნიორებმაც გარკვეული ტაიმაუტი აიღონ, თუნდაც - ერთთვიანი. სასწრაფოდ თუ შეეცდებიან, მოაგვარონ პრობლემა, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება. ვითარებას ტაიმაუტი სჭირდება, ხელისუფლებამ რომ შეაფასოს არსებული პოლიტიკური, ისე - სოციალური და ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში, ხოლო მეორე მხარემ, ოპოზიციამ შეაფასოს ადამიანური რესურსი საპროტესტო აქციების მზაობასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, ოპოზიციამ საქმე არ უნდა მიიყვანოს აქციებამდე, თორემ მასშტაბური აქციის გამართვას თუ ვერ შეძლებს, ეს იქნება კატასტროფა, ოპოზიციის სრული ფიასკო. მასშტაბური აქციაც რომ იყოს, ხელისუფლება ბევრს არაფერს აგებს, მაგრამ ამ ნაბიჯით ოპოზიცია უფრო მეტს რისკავს. ის უნდა გავიდეს რეგიონებში და რეალურად უნდა შეაფასოს, რა შეუძლია. როგორც ვხედავთ, საზოგადოება მაყურებლის როლშია. თუ ასე დარჩება, როგორც დღეს არის, ჩათვალეთ, მასშტაბური აქცია ვერ იქნება. ოპოზიციამ ეს იცის და ამიტომ გადადო აქცია 15 მაისისთვის, რათა მოემზადოს. მარტო აქტიურობა არ არის საკმარისი, ამას რესურსი და განწყობა სჭირდება და ეს უნდა შეაფასოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია მოხდება, დიდი საპროტესტო აქციის გამართვას თუკი ვერ შეძლებს, და ეს ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგს მოუტანს.

დღეს ქვეყნისთვის არც ერთი მხარე არ იბრძვის. ხალხის ინტერესებზე რომ იყვნენ ორიენტირებულნი, მაშინ კონსენსუსის მიღწევას შეძლებდნენ. ერთი მხარე იბრძვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მეორე კი ცდილობს მოიპოვოს ეს ძალაუფლება. როცა ძალაუფლებისთვის მიდის ბრძოლა, იქ კონსენსუსის მოძებნა შეუძლებელია. ეს ვითარებაა დღეს ქვეყანაში, ორივე მხარე ხალხის სახელით ლაპარაკობს და ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუ მკითხავთ, ვისი პასუხისმგებლობაა, უმეტესწილად - ხელისუფლების, მაგრამ ისინი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია არიან, ვიდრე - ოპოზიცია. ხელისუფლებას აქვს ბერკეტები და, რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებისგან ჩვენი პარტნიორები არ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს. მაშინ რატომ წავა ის დათმობაზე? წავიდოდა დათმობაზე იმ შემთხვევაში, თუკი ამ არჩევნების არალეგიტიმაცია მოხდებოდა. მხოლოდ ოპოზიცია ითხოვს დღეს ამას. თუ ოპოზიციის გარდა არავინ ითხოვს და არ ცნობს არჩევნებს არალეგიტიმურად, რატომ წავა ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამ დათმობაზე? მითუმეტეს, ხედავს რომ პერმანენტული აქციების ჩატარების რესურსი ოპოზიციას არ აქვს.

- გამოსავალს სად ხედავთ? - გამოსავალი არის ერთი - ჩვენმა პარტნიორებმა შეცვალონ საუბრის ტონი და უფრო მკაცრი და მკვეთრნი გახდნენ ორივე მხარის მიმართ; ოპოზიციისგან მოითხოვონ პარლამენტში შესვლა და თუ არ შევლენ, ამის აფიშირება, რომ ისინი არ განიხილავენ მათ კონსტრუქციულად და, ასევე, ხელისუფლებისგან მოითხოვონ პატიმრების განთავისუფლება და იმ სამი პუნქტის შესრულება, რასზეც მედიატორმა ილაპარაკა. უნდა უთხრან ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის დახმარება შეწყდება და ამ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ხელისუფლება მარტო აღმოჩნდება, მხოლოდ საკუთარი რესურსებით, რაც, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. დღეს რეალობაა ასეთია - პოლიტიკოსები განცხადებებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ, ანგარიშს არ უწევენ არც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, არც ჩვენი პარტნიორების თხოვნას და მოწოდებას. ჯობია, ეს "ძიძგილაობა" დაასრულონ და ნორმალურ საქმიანობაზე გადავიდნენ.

(სპეციალურად საიტისთვის)