"ევროპარლამენტარების განცხადება დამოკლეს მახვილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის თავზე" - კვირის პალიტრა

"ევროპარლამენტარების განცხადება დამოკლეს მახვილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის თავზე"

"ევროპარლამენტარების განცხადება დამოკლეს მახვილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის თავზე", - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

მისივე განმარტებით, თუ მმართველ პარტიას სურს, რომ სასამართლო კლანის ძალაუფლებას შეეწიროს, ახლა ამის კარგი შანსი აქვს.

"ევროპარლამენტარების ეს განცხადება უპრეცედენტოდ კრიტიკულია და უკიდურესად მწვავე გაფრთხილებაა განსაკუთრებით ხელისუფლებისათვის. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ა) ამ განცხადებას ხელს აწერს ყველა ძირითადი ევროპარლამენტის ფრაქციის წარმომადგენელი.

ბ) მას ხელს აწერს საქართველოს საკითხთა მომხსენებლები.

გ) პირდაპირი მოწოდებაა წინაპირობების ამოქმედებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჩვეული საქმიანობის შეცვლაზე, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება, თითქოს არაფერი ხდება.

დ) ფინანსური და საბიუჯეტო დახმარება არსებითია კრიზისში მყოფი ქვეყნისათვის და ლარის კურსისათვის, ამ დახმარების შეჩერებას არსებითი გავლენა ექნება სავალუტო ფონდის მიდგომებზეც.

ე) რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ განცხადების შინაარსის სისრულეში მოყვანა პირდაპირ დაარტყამს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს; ამ განცხადების პირობების შეუსრულებლობა პირდაპირ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.

ვ) ევროპარლამენტი პასუხისმგებლობას კრიზისზე აკისრებს პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალას. ეს ნიშნავს, რომ ამ ძალების მიმართ მათი მხარდაჭერა აღარ მოხდება თუ დანიელსონის გეგმის პირობები არ შესრულდება, შესაბამისად აქცენტი გაკეთდება სხვა, ახალ ძალაზე. ამიტომაც, ეს განცხადება დამოკლეს მახვილია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ.

ევროპარლამენტს რეალურად ამოუვიდა ყელში ტყუილები. ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ყოფილა ევროკავშირის არცერთი ფორმატი, სადაც საქართველოში მართლმსაჯულებისა და საარჩევნო გარემოს რეალურ რეფორმაზე არ ყოფილიყო საუბარი. საბოლოოდ, 2020 წლის სექტემბრის ბოლოსა და 2021 წლის თებერვლის ბოლოს, ევროკავშირმა ოფიციალურად დაასახელა წინაპირობები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალური გაგრძელებისთვის. ხელისუფლება ამას პასუხობდა იგნორირებით, როგორც ეს მოხდა ოქტომბერში, როდესაც პირდაპირი მოთხოვნა სასამართლოს საკთხებზე ვენეციის კომისიის რჩევების გათვალიწინებისა იგნორირებულ იქნა და მეორე დღესვე მოხდა მოსამართლეთა სასწრაფო დანიშვნების დაწყება ევროკავშირის მოთხოვნის საპირისპიროდ. ამიტომაც, ის, რაც ხდება, რასაც ახლა ევროპარლამენტარები ითხოვენ, დიდწილად არის ხელისუფლების უპასუხისმგებლობის ბრალი.

მინდა ხაზგასმით განვმარტო, რომ ევროკავშირისთვის ეს ორი საკითხი, საარჩევნო რეფორმა ხელისუფლების გადანაწილების მექანიზმებითა და მართლსმსაჯულების რეალური, ხაზს ვუსვამ, რეალური რეფორმა, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამ ნაწილში პასუხისმგებლობა არის სრულად მმართველ ძალაზე. ამიტომაც, თუ მმართველ პარტიას სურს, რომ მურუსიძისა და ჩინჩალაძის ე.წ. კლანის ძალაუფლებას შეეწიროს, ახლა კარგი შანსი აქვს ამის.

ამავე დროს, პასუხისმგებლობა არის ოპოზიციაზეც. არაარსებითი მოთხოვნების წამოყენება, სიჯიუტე და რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნა შეთანხმების წინაპირობად, ასევე არის ოპოზიციის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ. თუ ეს გაჯიუტება გაგრძელდება, ოპოზიციაც სრულად იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭებაზე.

"ინტერპრესნიუსი"