"ადვილი დასანახია, მოლაპარაკების ჩაშლის პასუხისმგებლობა ვის აწევს - ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა" - კვირის პალიტრა

"ადვილი დასანახია, მოლაპარაკების ჩაშლის პასუხისმგებლობა ვის აწევს - ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა"

"გარწმუნებთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდან პროაქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული - ინდივიდუალური კოლეგების მიერ გაჟღერებული განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია", - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

"ადვილი დასანახია, მოლაპარაკების ჩაშლის პასუხისმგებლობა ვის აწევს. ერთ მხარეს ვიდექით ჩვენ და მეორე მხარეს ოპოზიცია, რომელსაც შეთანხმება არ სურდა. რაც შეეხება პლებისციტს, მასზე დათანხმება გარწმუნებთ, რომ ჭირვეული ბავშვის ფეხის ბაკუნზე თანხმობაა, რადგან ამას არანაკლებ დესტრუქციული ნაბიჯები მოყვება.

პარტნიორები, მათ შორის ამ განცხადების ავტორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას რომ ვიაზრებთ, ამიტომაა, რომ მუდმივად მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, მეტ დათმობაზე მივდივართ. სრულიად ვიზიარებ ამ აჟიტირებას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დასავლელ პარტნიორებთან პირდაპირაა დაკავშირებული! გარწმუნებთ, რომ მომავალში ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნება პროაქტიური ნაბიჯები, თუნდაც უახლოესი დღეების განმავლობაში, როდესაც დაინახავთ, რომ ჩვენ ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს შეთანხმების მისაღწევად.

ჩვენ ამ განცხადებებს თვალყურს მუდმივ რეჟიმში ვადევნებთ, თუმცა რიგ შემთხვევებში ინდივიდუალური კოლეგების მიერ გაჟღერებული განცხადებები ჩვენს მიმართ ძალიან არასამართლიანია, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ყველაფერს პატივს ვცემთ", - განაცხადა წილოსანმა.

"ინტერპრესნიუსი"