"არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო თქვას თავად გია ვოლსკიმ, თუმცა..." - რა კომენტარს აკეთებს გია ვოლსკის ჟესტზე მამუკა მდინარაძე? - კვირის პალიტრა

"არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო თქვას თავად გია ვოლსკიმ, თუმცა..." - რა კომენტარს აკეთებს გია ვოლსკის ჟესტზე მამუკა მდინარაძე?

არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო თქვას თავად გია ვოლსკიმ, თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, - ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც გია ვოლსკის მიერ აქტივისტებისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტის ჩვენებას შეეხებოდა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ის არავის ამართლებს, თუმცა, როცა "რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ დაორგანიზებული აქციიდან მონას გეძახიან, რთული მოსათმენია".

"ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გია ვოლსკისთანაც გექნებათ თქვენ ალბათ საშუალება ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჩაწეროთ. არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო, თავად გიამ თქვას. თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, ან გამტყუნებას, მაგრამ როცა მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგემილია და სათავეში უდგას "ეფესბე"-ს აგენტურა, შეიძლება შენ გულწრფელიც იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი "ეფესბე"-ს აგენტურის მიერ და რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია. თუმცა, ამართლებს თუ არა ამ ყველაფერს, ეს მეორე საკითხია", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"