"დანიელსონმა არ დახარჯა საკმარისი ტონალობა. "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის ტონალობაში საუბარი არ შეიძლება და ეგ ვერ გავაგებინეთ." - კვირის პალიტრა

"დანიელსონმა არ დახარჯა საკმარისი ტონალობა. "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის ტონალობაში საუბარი არ შეიძლება და ეგ ვერ გავაგებინეთ."

"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მედიაციის პროცესს "მკაცრი ტონი დააკლო".

როგორც ბობოხიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ოპოზიცია თანახმაა მედიატორის მიერ შედგენილ 4-პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწეროს, თუმცა, რიგგარეშე არჩევნების საკითხის გადაუჭრელად პარლამენტში არ შევა.

"დანიელსონმა შეთანხმების მიღწევა ჩვენს ხარჯზე უფრო მარტივად ჩათვალა, ვიდრე "ქართული ოცნების". არ დახარჯა საკმარისი ტონალობა. "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის ტონალობაში საუბარი არ შეიძლება და ეგ ვერ გავაგებინეთ. რომ იცოდეთ, "ქართულმა ოცნებამ" იმ 4 საკითხზე ხელმოწერაზეც უარი თქვა. ჩვენ იმ 4 პუნქტს ხელს ვაწერთ, ოღონდ პარლამენტში არ შევალთ რიგგარეშე არჩევნების გარეშე. "ქართულ ოცნებას" ვეუბნებით, თანახმა ვართ, ჩვენი დასტური გაქვთ იმ 4 პუნქტთან დაკავშირებით, რომ დაიწყოთ რეფორმები, ოღონდ ამას პარლამენტში ჩვენი შესვლა არ სჭირდება. თუმცა, ამაზე "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა, რამაც მიახვედრა ჩვენი პარტნიორები რა ტონალობით და რა ტექსტებით უნდა ილაპარაკონ "ქართულ ოცნებასთან". გარწმუნებთ, რომ ეს ტონალობა და ტექსტები კიდევ უფრო გამკაცრდება", - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, თუნდაც ოპოზიცია იყოს ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართული, პასუხისმგებლობის ამღებიც იყოს ყველაფერზე, მაინც მოუწევს მხარეებს დარჩენილ ორ პუნქტზეც ლაპარაკი და შეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"