ბადრი ჯაფარიძე: "როდესაც დიალოგი არ მუშაობს, მოქმედებას იწყებს სანქციები" - კვირის პალიტრა

ბადრი ჯაფარიძე: "როდესაც დიალოგი არ მუშაობს, მოქმედებას იწყებს სანქციები"

"დანიელსონის ბოლო ვიზიტისას წარმოდგენილი დოკუმენტი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს"

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თავის "ტვიტერის" გვერდზე დაწერა: "უაღრესად დიდ იმედგაცრუებას იწვევს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკურ ელიტას არა აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს და რაც შეიძლება მალე". ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ევროპარლამენტარი კრამონი არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის პარტია "ლელოს" ლიდერებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდგომ "ლელოს" ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი შეეხო მედიატორების ჩართულობას მოლაპარაკებაში. როგორც ბადრი ჯაფარიძემ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა, "ლელოს" ლიდერებმა ევროპელ დიპლომატს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ მზად არიან ხელი მოაწერონ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტის იმ 3 პუნქტს, რომლებიც ოპოზიციისთვის მისაღებია. ამასთან, შეხვედრაზე ისაუბრეს ვადამდელ არჩევნებსა და მის ჩასატარებელ გზებზე. უფრო ვრცლად ამ საკითხებზე ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა იციან, რომ ჩვენ დავეთანხმეთ ბატონი დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტიდან სამ პუნქტს. მეოთხეზე ახლოს მივედით შეთანხმებამდე, მეხუთე კი მთლიანად "ქართულ ოცნებაზე" იყო დამოკიდებული.

მე ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ საქართველო დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს. საფრთხეს ვხედავ ჩვენს ხელისუფლებაში, რომელიც ადეკვატურად ვერ აღიქვამს საკუთარ ფუნქციასა და პასუხისმგებლობას.

რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, ეს უშინაარსო მოლაპარაკება უნდა დასრულდესო. ეს განცხადება მიუთითებს, რომ""ქართულ ოცნებას" მოლაპარაკება არ სურს! სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება უშინაარსო ეწოდოს პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით წარმართულ მოლაპარაკებას? ეს პოლიტიკური გუნდი ვერ აცნობიერებს, რა რთული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისია ქვეყანაში. გამოსავალი არის ერთადერთი - მმართველმა გუნდმა თავი უნდა დაანებოს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას. ევროკავშირი და ამერიკა საქართველოს არ მიატოვებენ, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ვერ მივიღებთ იმ ტრანშს, რომელიც გათვალისწინებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. ამის შესახებ ევროკომიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა 2020 წლიდან, ვალდის დომბროვსკისმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როდესაც ღარიბაშვილი ბრიუსელში იყო. ახლა ეს ისევ გაიმეორეს ევროპარლამენტარებმა, რადგან მოლაპარაკება ვერ შედგა. როდესაც დიალოგი არ მუშაობს, მოქმედებას იწყებს სანქციები.

ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე ნათლად დაინახეს, რომ "ქართული ოცნება" მზად არ არის ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის.

ჩვენ თანახმა ვიყავით ხელი მოგვეწერა იმ პუნქტებზე, რომლებიც გულისხმობდა საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას, მართლმსაჯულების დეპოლიტიზებას, ხელისუფლების გადანაწილებას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის ბატონი დანიელსონის პირველ ჯერზე შემოთავაზებული ვერსია უფრო მისაღები იყო. მეორე ჯერზე არსებითად გათვალისწინებული იყო "ქართული ოცნების" მოთხოვნები.

- ალეკო ელისაშვილი და ვახო მეგრელიშვილი ამბობენ, რომ დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არ იყო ნახსენები. მეგრელიშვილი ამბობს, "აჩიკო თალაკვაძე უტრიალებდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა, თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო". რა მოხდა სინამდვილეში? - როდესაც შეხვედრას უამრავი ადამიანი ესწრება, როგორ ხდება ისე, რომ მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და ალეკო ელისაშვილის მოსაზრებები ემთხვევა ერთმანეთს? დანარჩენი პარტიის ლიდერების წარმომადგენელთა შეფასება განსხვავებულია და სინამდვილეში სწორედ ის ასახავს რეალობას. რეალობა კი ასეთია - ჩვენ დავადასტურეთ 3 პუნქტზე თანხმობა. პოლიტპატიმრების საკითხში იყო პროგრესი, მაგრამ არ იყო საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს გრაფა ღიად დატოვეს, რადგან ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები ძალიან იყო დაშორებული ერთმანეთისგან და მედიატორმა თემა ღიად დატოვა.

- თქვენი ვერსიით, ხელიდან გავუშვით დასავლელი პარტნიორებისგან მოცემული შესაძლებლობა, თუ კიდევ გვაქვს შანსი?

- დიახ, კიდევ გვაქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, რათა "ქართულმა ოცნებამ" ბოლოს და ბოლოს დაინახოს პოლიტიკური შერიგების აუცილებლობა. სახელმწიფოს სჭირდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება, რაც ვადამდელი არჩევნების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ხალხს უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ არჩევნებში ხმების დაცვა და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია! ამიტომ ვდგავართ ჩვენ ასე მყარად ამ პოზიციაზე.

- "ქართული ოცნება" უკვე იწყებს კამპანიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონებში გასვლაც დააანონსეს. თქვენ რა გეგმები გაქვთ, აპირებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? - ჩვენი პოლიტიკური პარტია ყველა ტიპის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. თუმცა ჩვენ ახლა სასწრაფოდ გადასაწყვეტ საკითხებზე გვაქვს სამუშაო, მაგალითად, ისეთზე, როგორიც არის პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დაპატიმრება, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. თუმცა უკვე დავიწყეთ თანამოქალაქეებთან შეხვედრები. ჩვენ დავიწყეთ კამპანია "მოითხოვე ვადამდელი არჩევნები". ყოველდღიურად ათასობით მოქალაქეს ვეკითხებით, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები 2022 წელს. სხვათა შორის, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სურთ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ამ კამპანიის დროს მოქალაქეებს კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, ჩვენს ხედვებზეც ვესაუბრებით. ბოლო პერიოდში რამდენიმე ძალიან სერიოზული პრობლემა ერთდროულად დაგვატყდა თავს. ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად კი წინდახედული, გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ასეთ კოორდინირებულ მუშაობას კი უპირველესად პოლიტიკური შერიგება სჭირდება.

ხათუნა ბახტურიძე