გიორგი ვაშაძე: "ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტპატიმრებით ვერ ივაჭრებს" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტპატიმრებით ვერ ივაჭრებს"

"მმართველი გუნდი რომც დათანხმებოდა, ჩვენ მაინც ვიტყოდით, რომ ამ დოკუმენტში არ იყო რეალიზებული ის მანდატი, რომელიც მიშელის ვიზიტის დროს ჩვენს დასავლელ და ამერიკელ კოლეგებს მივეცით..."

"ჩემთან აჩიკო თალაკვაძე არ მოსულა არც ფურცლით ხელში და არც ფურცლის გარეშე. ასე რომ, იტყუება ვახო მეგრელიშვილი. იტყუება ალეკო ელისაშვილიც, როდესაც ამბობს, თითქოს მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიციაც მონაწილეობდა", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. "გირჩის" ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა: "ბატონი თალაკვაძე უტრიალებდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა, თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო". ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების ჩაშლის დეტალებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- სინამდვილეში "ოცნებამ" ხელი არ მოაწერა დოკუმენტს არა მარტო იმ ორი პუნქტის გამო, რომელზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით და რომელზეც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც არა აქვთ გამოკვეთილი პოზიცია (რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხს ვგულისხმობ), არამედ იმ სამი საკითხის გამოც, რომლებიც ეხება საარჩევნო, სასამართლო რეფორმას და ძალაუფლების გადანაწილების საკითხს. მათ თქვეს, რომ მათთვის ასეთი ტიპის ცვლილებები არ არის მისაღები. შესაბამისად, "ქართული ოცნება" დოკუმენტში მოყვანილ არც ერთ პუნქტს არ დაეთანხმა. თუმცა მმართველი გუნდი რომც დათანხმებოდა, ჩვენ მაინც ვიტყოდით, რომ ამ დოკუმენტში არ იყო რეალიზებული ის მანდატი, რომელიც შარლ მიშელის ვიზიტის დროს ჩვენს დასავლელ და ამერიკელ კოლეგებს მივეცით მოდერაციის სახით.

- რას გულისხმობთ?

- დანიელსონის ბოლო ვიზიტისას წარმოდგენილი დოკუმენტი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.

ბატონი მიშელის დოკუმენტში ნათლად ეწერა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი უნდა გადაწყდეს. იგულისხმებოდა ორი პოლიტპატიმრის საკითხი. მიშელის დოკუმენტში ასევე ეწერა, რომ აუცილებლად უნდა იქნეს ნაჩვენები რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა, იქნება ეს პლებისციტი თუ სხვა მეთოდი. ეს ყველაფერი არ არის რეალიზებული ბოლო დოკუმენტში. რატომ? იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს ეწინააღმდეგება.

ევროპარლამენტარები დაუფარავად ლაპარაკობენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და ამბობენ, რომ რადგან დიალოგს არ მოჰყვა შედეგი, საკითხი სხვაგვარად უნდა გადაწყდეს. ისინი ოპოზიციის წილ პასუხისმგებლობაზეც ლაპარაკობენ, თუმცა მთავარი მაინც ხელისუფლებაა.

ტყუილად აქვს მმართველ გუნდს იმედი, რომ ევროპარლამენტარების განცხადებები მხოლოდ გაფრთხილებაა. გარწმუნებთ, გაფრთხილებას რეალური ქმედება მოჰყვება.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დიდი ფული დახარჯეს საქართველოში. შესაბამისად, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები განვითარდეს. არავის სურს მათი გადამხდელების ფული ჰაერში გაიფანტოს.

- ცნობილია, რომ ხელისუფლება მზად იყო გაეთავისუფლებინა ნიკა მელია. რატომ ვერ შეთანხმდით თუნდაც ამ საკითხზე? - პოლიტპატიმრების თემა სამუდამოდ უნდა დაიხუროს. ვერასდროს განვვითარდებით, თუ ოპონენტებთან მძევლებით ვილაპარაკებთ. ხელისუფლებას მძევლად ჰყავს ნიკა მელიაც და გიორგი რურუაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივეს, და არა ერთ-ერთის, საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს. კიდევ სხვა საკითხებიც არის, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ.

- რომელ საქმეებს გულისხმობთ? - საქმეებს, რომლებიც ნახსენებია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. მასში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ სხვა გამოძიებებზეც, მაგალითად, "ლელოს" ლიდერების, "TV პირველის" მფლობელის, "მთავარის" ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე. ჩვენ ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საკითხი. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებამ იცოდეს, პოლიტპატიმრებით ვერ ივაჭრებს.

- თქვენ დოკუმენტის საბოლოო ვერსია არ მოგწონთ იმის გამოც, რომ მასში ვადამდელ არჩევნებზე არ არის საუბარი. მედიატორებს როგორ უნდა ჩაედოთ ეს საკითხი დოკუმენტში, როდესაც მათ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად ცნეს? - სწორედ ამიტომ ვთავაზობთ კომპრომისულ ვარიანტს. კარგი, ვერ შევთანხმდით, რომ პირდაპირ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მაშინ, ხალხს ვკითხოთ, უნდა დაინიშნოს თუ არა 2022 წელს ვადამდელი არჩევნები? პლებისციტში კითხვის ფორმულირებისას შეგვიძლია უფრო მოქნილიც ვიყოთ. ეს პაკეტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებსაც, ანუ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში. შეიძლება კითხვა ასეც დავსვათ: ამ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს თუ 2024 წელს?

ჩვენ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებს არ ვითხოვთ, კომპრომისულ ვერსიებზეც შეგვიძლია მსჯელობა, მაგრამ "ოცნება" ამბობს, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს და არ იცის, რატომ უნდა განიხილოს.

იმიტომ უნდა განიხილოს, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები არ არიან, რადგან მათთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი სტატუს კვო. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი დასავლური ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოში დიდი ხანია რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა.

- ოპოზიცია დაელოდება, როდის დაგვიწესებს დასავლეთი სანქციებს, თუ მოლაპარაკებისთვის კიდევ აპირებს რამეს? - ღარიბაშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებაში დროს ფუჭად აღარ დავხარჯავთო. მისი განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ "ოცნებას" არ სურს მოლაპარაკების შედეგით დასრულება. მათი მიზანი შეთანხმება კი არა, მისი ჩაშლაა.

- რატომ? - იმიტომ, რომ სტატუს კვო შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდხანს. სანამ ევროპისა და ამერიკის მკაფიო გზავნილი არ იქნება, "ოცნება" მუდმივად ეცდება ითამაშოს, მოგვატყუოს, თავი მოგვაჩვენოს...

ხათუნა ბახტურიძე