იაგო ხვიჩია: "დარწმუნებული ვარ, პოზნერის შეხედულებები არავის აინტერესებდა, უბრალოდ, ზოგიერთმა ამ მომენტით სარგებლობა სცადა" - კვირის პალიტრა

იაგო ხვიჩია: "დარწმუნებული ვარ, პოზნერის შეხედულებები არავის აინტერესებდა, უბრალოდ, ზოგიერთმა ამ მომენტით სარგებლობა სცადა"

"პოზნერი და მისი მსგავსები საქართველოში ადრეც დადიოდნენ, მაგრამ ეს არასდროს გამხდარა ხალხის ქუჩაში გამოსვლის საფუძველი"

"ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც სურდა ხელისუფლებისთვის "გავრილოვი" მოეწყო, სხვანაირად ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს", - ამბობს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, რითაც რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, გავრილოვის ქეისი სხვაა, რადგან ის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, ხოლო რესტორანში ვინ მოხვდება - პრორუსი, პროქართველი თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია უფრო ვრცლად გვესაუბრება.

- რატომ მგონია, რომ ვიღაცებს მეორე "გავრილოვის" მოწყობა სურდათ? იმიტომ, რომ პოზნერი და მისი მსგავსები საქართველოში ადრეც დადიოდნენ, მაგრამ ეს არასდროს გამხდარა ხალხის ქუჩაში გამოსვლის საფუძველი.

- ფიქრობთ თუ არა, რომ სამართლიანი გულისწყრომაც შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ მაშინ როდესაც მე ჩემს ქვეყანაში 9 საათის შემდეგ გარეთ ვერ გავდივარ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები უპრობლემოდ არღვევენ კომენდანტის საათს, უფრო მეტიც, მათ პოლიციის ესკორტი მიაცილებს. - სამართლიანი გულისწყრომის მიზეზი ის კი არ იყო, მე რომ ჩაკეტილი ვარ, იმას რატომ არ კეტავო. არა, ჩვენ უნდა გაგვეპროტესტებინა, იმას რომ აძლევ გადაადგილების უფლებას, მეც მომეციო.

ეს ხალხი ჯერ მადლობას უხდიდა გახარიას "კომენდანტის საათის" დაწესებისთვის და მთელი ამ სიგიჟის გამო. მერე იგივე ხალხი გამოვიდა, გახსენით ქვეყანაო და სულ ახლახან ამავე ხალხმა ჩხუბი დაიწყო, პოზნერი კომენდანტის საათს არ ემორჩილებაო - ანუ ის ხალხი, რომელიც კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვდა, პოლიციაში რეკავდა, პოზნერი კომენდანტის საათს არღვევს და დაიჭირეთო. აი, ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი.

მე სულ არ მანაღვლებს პოზნერის აქ ყოფნა, თუნდაც კიდევ ერთი კვირა ყოფილიყო აქ, ოღონდ მთავრობას ჩემთვისაც მოეხსნა შეზღუდვები. მთავარი პრობლემა პოზნერის ვიზიტი არ არის. საქართველოში უამრავი ცუდი ადამიანი ჩამოდის, პოზნერის ნათქვამი მონაგონია, ხალხი ისეთებს ლაპარაკობს, მაგრამ უპრობლემოდ დადიან საქართველოში და სხვადასხვა ქვეყანაშიც. ჩვენებიც ლაპარაკობენ სიგიჟეებს და დადიან სხვაგან, მაგრამ ვინ აქცევს მაგათ ყურადღებას? იცით, რამდენი პუტინისტი რუსი ჩამოდის ყოველდღიურად საქართველოში? რატომ არ ვეკითხებით ყველას, ხმა პუტინს მიეცი თუ არაო? იმიტომ, რომ არ გვაინტერესებს. დარწმუნებული ვარ არც პოზნერის შეხედულებები აინტერესებდა ვინმეს, უბრალოდ, ზოგიერთმა ამ მომენტით სარგებლობა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- როგორც გამოჩნდა, პოზნერის ვიზიტი კიდევ ერთი საბაბი გახდა, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი რუსეთის აგენტობაში დაედანაშაულებინა. თქვენ როგორ აღიქვამთ, მოცემულობას, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერს საჯაროდ უწოდებს რუსეთის აგენტს, სხვა ოპოზიციონერი ლიდერი კი მმართველი პარტიის ლიდერზე ამბობს, რომ პუტინის მონაა. - აღვიქვამ როგორც დიდ უაზრობას და სისულელეს. პოზნერის ვიზიტის გამო ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

უკვე ღიად დაიწყეს ერთმანეთის კრიმინალში დადანაშაულება. როდესაც ადამიანები მოლაპარაკების პროცესში არიან, თანაც მოლაპარაკება ევროკავშირის მედიაციით მიმდინარეობს, ერთმანეთისთვის მტრის აგენტების წოდება დესტრუქციაა.

პოლიტიკოსები ისე იქცევიან, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს.

- თქვენ სად, რომელ პოლიტიკურ გუნდში ხედავთ მტრის აგენტებს? - მე არა მგონია რომელიმე ის ადამიანი, ვისზეც ისმის ბრალდებები, მართლა რუსეთის აგენტი იყოს. არ მჯერა იმიტომ, რომ ამის მტკიცებულება არავის წარმოუდგენია. პრობლემა ის არის, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებს ერთმანეთთან მშვიდობიან გარემოში ოპონირება არ შეუძლიათ. მტრებად აღიქვამენ ერთმანეთს და ყველაფერს კადრულობენ. აი, ეს არის ჩვენი პრობლემა. ოღონდ ეს პრობლემა იმდენად მასშტაბურია, თუ არ მოვაგვარეთ, ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

- როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? - შერიგების პროცესის დაწყებით. შერიგება კი უნდა დაიწყოს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შერიგებით. მესმის, რომ შერიგების ვერსიას ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ეს უნდა მოვახერხოთ. შერიგების შესაძლებლობა ჩვენ არაერთხელ გავუშვით ხელიდან. ამ შესაძლებლობას დღესაც ვუშვებთ ხელიდან. მე მგონია, რომ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების საშუალება კიდევ მოგვეცემა, მთავარია ჩვენ მივხვდეთ, რომ ეს ნამდვილად გვჭირდება.

- რა გაძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს? - მე ველოდები, რომ ხელისუფლება რაიმეს შეისმენს და მერე ოპოზიციაც შესაბამისად მოიქცევა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდეს და იმდენს "მივაღწიოთ", რომ ერთ დღესაც ევროპამ საერთოდ უარი თქვს ჩვენზე. შესაბამისად, აღმოვჩნდებით რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია, მაგრამ არსებობის უფლება აქვს.

- ჩვენ ვიცით, რომ "გირჩი" ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებას გეგმავდა, თუმცა თქვენი გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, როცა გაიგეთ, რომ დანიელსონი ისევ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და მედიაციის გაგრძელებას. ახლა რას აპირებთ, ისევ გეგმავთ მმართველ გუნდთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გამართვას და ზოგადად, რა გეგმები გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? - ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამეტო ბოიკოტის შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ჩვენი კოლეგები ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაშინ არც მათ ბოიკოტს ექნება რაიმე აზრი. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეხვედრებს, ამ საკითხის მოგვარებას და განხორციელბას რამდენიმე დღეში დავიწყებთ.

ხათუნა ბახტურიძე