შალვა პაპუაშვილი: "ასეთ გაჯიუტებულ ოპოზიციასთან რა უნდა გავაწყოთ?" - კვირის პალიტრა

შალვა პაპუაშვილი: "ასეთ გაჯიუტებულ ოპოზიციასთან რა უნდა გავაწყოთ?"

"ზოგიერთმა ბატონი დანიელსონის დოკუმენტს "კოჭლი დოკუმენტი" უწოდა იმის გამო, რომ მასში საუბარი არ იყო ვადამდელ არჩევნებზე..."

"საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯორჯ კენტმა. მისი თქმით, საჭიროა სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. "ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირება სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან ძალიან ხელგაშლილი იყო.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების, რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენ ველით, როდის მიაღწევენ შეთანხმებას და გაატარებენ რეფორმებს ქვეყნის წინსვლისთვის", - განაცხადა ჯორჯ კენტმა. საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების უკეთ გაცნობიერებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც. "მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული", - ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში. როგორ აღიქვამს საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და რას გეგმავს კრიზისის დასაძლევად, ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი გვესაუბრება:

- ნებისმიერი ჩვენი ევროპელი კოლეგის განცხადება, მომართვა და წუხილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ადეკვატურად აღვიქვამთ მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს. რაც შეეხება ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტას, ამის გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამართულ ასოცირების საბჭოზე საქართველო ძალიან დადებითად შეაფასა. შესაბამისად, ვფიქრობ, დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე არ არსებობს.

მეორე მხრივ, ვიცით, ჩვენი ხელისუფლების მოტივაცია როგორია, რა გზით მივდივართ და რას ვაკეთებთ. ყველანაირად ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ყველა, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ისე საქართველოს მოქალაქეები ხედავენ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ჯიუტობს და არანაირ შეთანხმებას არ ცნობს. ზოგიერთმა ბატონი დანიელსონის დოკუმენტს "კოჭლი დოკუმენტი" უწოდა იმის გამო, რომ მასში საუბარი არ იყო ვადამდელ არჩევნებზე. ასეთ გაჯიუტებულ ოპოზიციასთან რა უნდა გავაწყოთ? მე არა მგონია ოპოზიციის ასეთი ქმედების გამო ევროკავშირმა ქვეყნის, ხალხის დახმარებაზე უარი თქვას.

- კენტის კრიტიკული მოსაზრების შესახებ რას იტყვით? - ევროპიდან და ამერიკიდან ერთნაირი განწყობები მოდის, რასაც ჩვენ ნაწილობრივ ვიზიარებთ. გასაგებია, მათ არ მოსწონთ საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება. თუმცა მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვის მიუძღვის ამ ყველაფერში ბრალი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

- ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიგვანიშნებენ, რომ პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ ხელისუფლებაზეა. - პრობლემაც ეს არის, რომ პასუხისმგებლობა ერთ მხარეს არის, ბრალი კი მეორეს მიუძღვის. სამწუხაროდ, ჩვენ, პასუხისმგებლიან მხარეს, არ შეგვიძლია ზემოქმედება ოპოზიციაზე, რომელიც უსაშველოდ გაჯიუტებულია. ეს არის პოლიტიკური რეალობის აბსურდი.

- თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მზად იყავით დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რადგან ხელი ოპოზიციამ არ მოაწერა? - ჩვენ ვიყავით მზად შეთანხმებისთვის. ჩვენი მიზანი დოკუმენტზე ხელმოწერა არ იყო. სხვათა შორის, ბატონმა დანიელსონმა თავიდანვე თქვა, რომ ეს მედიაცია ინდივიდუალურ ხელმოწერებს არ ითვალისწინებდა. შეთანხმება ან იქნება, ან არ იქნებაო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ პრინციპულად არ ეთანხმებოდა დოკუმენტს. შესაბამისად, ხელის მოწერას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ როგორც კი გამოვედით მოლაპარაკებიდან, ირაკლი კობახიძემ მაშინვე თქვა, მართალია შეთანხმება არ შედგა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავატაროთ ყველა რეფორმა, რომელზეც დოკუმენტშია საუბარიო.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება ხელისუფლებას მომგებიან პოზიციაში ჩააყენებდა და ოპოზიციონერ ლიდერებს სასაყვედუროდ ნაკლები საბაბი ექნებოდათ? - ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდით ყველა პოლიტპატიმარს, ასეთები ჩვენს ქვეყანაში რომ არსებობდნენ. რურუას სასამართლო განაჩენი გამოტანილი აქვს და დადასტურებულია, რომ იარაღს უკანონოდ ატარებდა. მელიას საქმეში განსჯის მთავარი საგანი იყო, პატიმრობა უნდა შეფარდებოდა თუ არა. ჩვენ თანახმა ვიყავით გამოგვეცხადებინა ამნისტია და გაგვეთავისუფლებინა მელია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მხოლოდ მელიას გათავისუფლებაზე საუბრობდა. ჩვენ ვთქვით, რომ ამნისტიას გავავრცელებდით ყველაზე, ვინც 20 ივნისს პარლამენტზე მიიტანა შტურმი. ოპოზიციამ უარი თქვა. რურუასთან დაკავშირებით ჩვენ არაფრის შეთავაზება არ შეგვძლო, თუმცა დანიელსონმა თქვა, რომ თავად რურუას ან მის გულშემატკივრებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ისეთი მექანიზმები, როგორიც არის პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლება ან სხვა მსგავსი.

- ახლა რას აპირებთ?

- ჩვენ მაინც გავატარებთ რეფორმებს, საარჩევნო რეფორმა უკვე ინიცირებულია, პროექტი წარდგენილია და ოდირის დასკვნას ველოდებით. ჩვენი საარჩევნო რეფორმა უფრო მოცულობითია და მეტ საკითხს მოიცავს, ვიდრე ოპოზიციას ჰქონდა ჩამოწერილი. იმავეს ვაპირებთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარტიებთან ურთიერთობას, ჩვენ მათთვის ღია კარს ვტოვებთ, ნებისმიერ მომენტში, როდესაც საპარლამენტო ცხოვრებაში გადაწყვეტენ ჩართვას, ჩვენ მათ კონსტრუქციულად დავხვდებით.

ხათუნა ბახტურიძე