"პროპაგანდისტ ჟურნალისტ პოზნერსა და ხელოვან მიხალკოვს შორის განსხვავებას ვინც ვერ ხედავს, ეს მათი პრობლემაა" - კვირის პალიტრა

"პროპაგანდისტ ჟურნალისტ პოზნერსა და ხელოვან მიხალკოვს შორის განსხვავებას ვინც ვერ ხედავს, ეს მათი პრობლემაა"

"იმედი მაქვს, რომ დასავლეთი არ გაგვწირავს, მაგრამ საჭიროა ხალხმაც გაანძრიოს ხელი"

"ოპოზიციამ 15 მაისის შტაბის შექმნა გადაწყვიტა", - განაცხადეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრის დასრულების შემდგომ. როგორც თქვეს, დეტალურად იმსჯელეს 15 მაისისთვის დაანონსებულ აქციაზე. შეთანხმდნენ, რომ გადაინაწილებენ რეგიონებს, სხვადასხვა პარტიის წევრებთან ერთად შეხვდებიან მოქალაქეებს და ეცდებიან საკუთარი პოზიციის სისწორეში დაარწმუნონ. დაბრუნდება თუ არა ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან და როგორი შეიძლება იყოს მათი სტრატეგია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე გვესაუბრება:

- გადავწყვიტეთ ოპოზიცია ერთობლივი ძალისხმევით გავიდეს რეგიონებში. ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ დასავლეთი სანქციების დაწესებაზე დაიწყებდა ლაპარაკს. დღეს უკვე შედეგი ნათელია, მოხდა ისეთი რამ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ მომხდარა. ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ქვეყანაში მწვავე კრიზისია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება ბოლო დრომდე უარყოფდა კრიზისის არსებობას. რამ განაპირობა? იმან, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, ივანიშვილმა უგულებელყო მოსახლეობის უმრავლესობის ნება, რომელიც გამოიხატა გაყალბებულ არჩევნებშიც კი. ჩვენი მოქალაქეების 52%-მა უთხრა ივანიშვილს, რომ უნდა წავიდეს ოპოზიციაში, ის კი ჯიუტად ცდილობს დარჩეს ხელისუფლებაში.

- ევროპარლამენტარები და ამერიკელი პარტნიორები კრიზისში ოპოზიციურ პარტიებსაც ადანაშაულებენ. სხვათა შორის, "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის პროგრამების დირექტორი ჰედერ კონლი ამბობს, ქართველმა პოლიტიკოსებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანაო. - ივანიშვილი ცდილობს ძალაუფლების მიტაცებას და არ გავაპროტესტოთ? ხალხის ნების უგულებელყოფას შევეგუოთ?

- ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. - ამის თქმა არც არის მათი ფუნქცია. მე ახლა არც ვაკეთებ აქცენტს გაყალბებაზე. გაყალბებულ არჩევნებშიც კი ნახევარზე მეტმა ამომრჩეველმა "ოცნების" ოპოზიციაში წასვლას დაუჭირა მხარი.

- მსოფლიო ლიდერები მოგიწოდებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პარტიული ინტერესები გადადოთ და შეთანხმდეთ. - გასაგებია, მაგრამ ჩვენ ისედაც არ ვმოქმედებთ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ იყოს, შევიდოდით პარლამენტში. ამომრჩევლის ხმების დაცვას რომ ვითხოვთ, ეს ჩვენი პარტიული ინტერესებია? პლებისციტს რომ ვითხოვთ, ეს ჩვენი ინტერესების დაცვაა?

- "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მზად იყვნენ კომპრომისისთვის და შეთანხმება რომ ვერ შედგა, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხია. - აბა, "ქართული ოცნების" ლიდერები რას იტყვიან, იმას ხომ არ აღიარებენ, რომ ეგენი არიან მთავარი ჩამშლელები?!

- გამოსავალს რაში ხედავთ? - ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში.

- ხომ იცით, რომ ეს შეუძლებელია? - 2012 წელს რომ წავაგეთ არჩევნები, ხომ წავედით ოპოზიციაში. ჩვენი ხელისუფლება უფრო ძლიერი იყო და უფრო კარგად შეგვეძლო გაჯიუტება. ნეტავ მაშინაც იტყოდით, შეუძლებელია ახალი არჩევნების ჩატარებაო? "ქართული ოცნება" რაც უფრო მეტად გააჭიანურებს ამ პროცესს, რაც უფრო მეტ პრობლემას შექმნის ქვეყანაში, მით უფრო მძიმე იქნება მისი პასუხისმგებლობა. ნახეთ რა ხდება ჯარში, პოლიციაში, ეკონომიკაში, საბანკო სისტემაში. ყველა მიმართულებით დეგრადაციასთან გვაქვს საქმე. ახლა იქამდეც მივედით, რომ ევროპარლამენტარებმა პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საქართველოსა ევროკავშირის ურთიერთობის საკითხი. ბოლო დრომდე ხელისუფლება არაფერს იმჩნევდა, ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად არისო. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო დაღუპვის პირას არის და აი, შედეგიც. იმედი მაქვს, რომ დასავლეთი არ გაგვწირავს, ისევ დაგვეხმარება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხალხმაც გაანძრიოს ხელი. ჩვენ აქ ხელისუფლებას არავინ შეგვიცვლის, თავად უნდა შევცვალოთ. ხომ ნახეთ, ჯერ გავრილოვი დაგვასვეს თავზე, მერე პოზნერი ჩამოგვიყვანეს. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა რეაქცია გვექნება.

- თქვენ პოზნერზე ან გავრილოვზე საუბრობთ, "ქართული ოცნება" და მათი მხარდამჭერები კი იხსენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი წინანდალში მასპინძლობდა მიხალკოვს, რომელიც ასევე პუტინის მეგობარია. ორმაგ სტანდარტებთან ხომ არა გვაქვს საქმე? - პოზნერი ჟურნალისტია, მიხალკოვი კი რეჟისორი. პროპაგანდისტ ჟურნალისტსა და ხელოვანს შორის განსხვავებას ვინც ვერ ხედავს, ეს მათი პრობლემაა.

მიხალკოვს აქ სიძე ჰყავს, მისი ქალიშვილი ქართველი კაცის, რეზო გიგინეიშვილის ცოლია. მიხალკოვი საკუთარი შვილის ქორწილში იყო ჩამოსული, თანაც მაშინ კომენდანტის საათი არ იყო. ქართველი ხალხი 9 საათიდან სახლში ვართ გამოკეტილი, რუსები კი საქეიფოდ ჩამოიყვანეს.

ხათუნა ბახტურიძე