"ოღონდ ერთმანეთი გაანადგურონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან"
"ოღონდ ერთმანეთი გაანადგურონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან"
"ევროკავშირის მხარდაჭერილი ქვეყნებიდან საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ ფინანსურ დახმარებას იღებს..."

დაკარგა თუ არა საქართველომ ევროკავშირის ნდობა გაჯიუტებული პოლიტიკური მხარეების გამო, რა ფასად დაუჯდება ქვეყანას ოპოზიციისა და ხელისუფლების კომპრომისის უუნარობა, ამის შესახებ "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრა:

- კრისტიან დანიელსონის კიდევ ერთი უშედეგო ვიზიტი ბევრ რამეზე მიანიშნებს.­ უპირველესად იმას, რომ პოლიტიკური პარტიები წაუგებელი თამაშის წარმოჩენასა­
და თავიანთი პოზიციის ბოლომდე გატანას ცდილობენ - ანუ ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებს ნაკლებად ითვალისწინებენ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით აფასებენ ვითარებას.

მოლაპარაკების ჩაშლა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ამხელა ძალისხმევის წყალში ჩაყრა ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. ევროკავშირი შეურაცხყოფილია.

- ევროპარლამენტარები დახმარების შეწყვეტაზე მსჯელობენ...
- ეს გადამეტებულ შეფასებად მიმაჩნია, თუმცა შესაძლოა ფინანსური დახმარების საკითხს გადახედონ­. ამ ორგანიზაციის მიერ
მხარდაჭერილი ქვეყნებიდან საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტს იღებს. შესაძლებელია გადახედონ უპირობო დახმარების მექანიზმსაც, კერძოდ, მაკროფინანსურ დახმარებას 60 მილიონ ევროზე, რომელიც ოქტომბერში უნდა მივიღოთ. შეიძლება გვითხრან, სანაცვლოდ ესა და ეს ვალდებულება შეასრულეთო, მათ შორის პოლიტიკური, საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხიც იქნება.

- საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმაზე "ოცნება" აცხადებს, "მცირედი ცვლილებით" მზად ვიყავით ხელი მოგვეწერაო.
- მაშინ მოეწერათ ხელი დოკუმენტისთვის და სათქმელიც ექნებოდათ. უფრო ხისტი პოზიცია აქვს ოპოზიციას თავისი ულტიმატუმებით პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე, რაც გაუგებარია, როგორც ის, თუ რატომ თქვეს უარი, როდესაც მთავრობამ გიორგი რურუას გათავისუფლება შესთავაზა. ორივე მხარის გაჯიუტების გამო იქამდე მივედით, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვის წერილს ხელს აწერს 7 ევროპარლამენტარი, რომელთა უმრავლესობა ჩვენი მხარდამჭერია და ევროპარლამენტში მაღალი თანამდებობები უჭირავთ. თუ ისინი ასეთ კრიტიკულ წერილს აქვეყნებენ, ნაკლებად მხარდამჭერი პირები სიამოვნებით მოაწერენ მას ხელს. დრამატიზება­ არ მინდა, მაგრამ შესაძლოა რეზოლუციაც მოამზადონ, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს.

- ამ საფრთხეს პოლიტიკური მხარეები ვერ აცნობიერებენ, თუ ფიქრობენ, რომ დათმობის შემთხვევაში მხარდამჭერებს დაკარგავენ?
- სამართლიანი მოსაზრებაა, რადგან პოლიტიკურ ნარცისიზმში არიან გადავარდნილი. ჰგონიათ, თუ მხარდამჭერებს დაუმტკიცებენ, როგორი მაგრები და პრინციპულები არიან, მოგებული დარჩებიან. პრიმიტიულად უყურებენ ვითარებას - ვნახოთ, ვისი აჯობებსო...
არც საერთაშორისო კონტექსტი აინტერესებთ, აღარც ის, საით მიდის ქვეყანა, როგორ იქნება ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური დახმარების საქმე. არადა, რომ არა მხარდამჭერები, უაღრესად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა უარეს დღეში ჩავარდებოდა. ეს პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

"ოცნებას" შეეძლო ეთქვა, არჩევნებს 2024 წელს კი არა, 2023-ში ჩავატარებო. თან გააპიარებდა - საერთაშორისო საზოგადოებრიობაც აღიარებს არჩევნების შედეგებს, ოპოზიცია ტყუილად გვაბრალებს გაყალბებას, მაგრამ ამ უსამართლობაზე იმიტომ მივდივართ, ოპოზიციისგან განსხვავებით ქვეყნის ბედი გვაღელვებსო. ასეთ შემთხვევაში ამომრჩევლის დიდი ნაწილი მის მხარეს გადავიდოდა, უფრო კონსტრუქციულიაო.

რაც შეეხება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ოპოზიციამ გაართულა ვითარება, როდესაც გირაოზე უარი განაცხადა. ეთქვათ, ეს უსამართლობაა, მაგრამ მაინც გადავიხდით, ქვეყანა კრიზისიდან რომ გამოვიყვანოთო. ეს ღირსეული­ ნაბიჯი იქნებოდა.

მთავრობამაც თქვა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში მელიას გაათავისუფლებდა. რურუას საქმე უფრო მარტივია - ბოლოს და ბოლოს, პოლიციელის მკვლელი და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულები შეიწყალა პრეზიდენტმა. რურუას პოლიტიკურ წარსულსა და "მხედრიონის" წევრობაზე არ ვლაპარაკობ, ახლა იარაღის უკანონო ტარებისთვის­ არის დაკავებული და მისი შეწყალება რა გახდა? მგონია, ქუჩაში­ დაუღვინებელი ბიჭების ძიძგილაობას ვუყურებ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დათმობა უკანდახევად ჩაეთვლებათ და ქუჩის ბიჭებში ავტორიტეტს დაკარგავენ...

- რა მოხდება, თუ კრიზისი გაგრძელდება?
- ორივე მხარის რეიტინგი დაეცემა და სტაბილურ ამომრჩეველსაც დაკარგავენ. არის სხვა ვერსიაც - შესაძლოა პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდეს ექსტრემალური პოპულისტური ძალა პოპულისტური საარჩევნო პროგრამებით, რომელიც სიტუაციით ისარგებლებს და ამომრჩეველსაც შემოიკრებს. არაერთ ქვეყანაში მომხდარა ასე და კარგად არასდროს დასრულებულა. ასეთ დროს მოდიან ძალები, რომლებიც ხალხის მართვის ხელოვნებას ფლობენ მყვირალა ლოზუნგებით: "ქონება სახელმწიფოს საკუთრება უნდა გახდეს", "ბიზნესი უფრო დაიბეგროს", "მოგება მოსახლეობის ღარიბ ფენებს გადაუნაწილდეს" და ა.შ... ასეთ დროს პოპულისტური იდეები მუშაობს.

- კონსტრუქციული ძალის გამოჩენის იმედი არის?
- ასეთ ვითარებაში კონსტრუქციული ოპოზიციის გამოჩენა ნიშნავს, რომ იღბალი გვქონია. თეორი­ული მსჯელობა ამა თუ იმ ფიგურაზე არაფერს ცვლის, თუმცა ასეთი ძალა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თორემ პოლიტიკურ კინკლაობას ქვეყანა გადაჰყვება.­

ინფლაციაა, ინვესტიციებმა იკლო, ტურიზმი კოვიდპანდემიის გამო გაჩერებულია, გადმორიცხვებმაც იკლო, არც უცხოეთშია სტაბილური ვითარება. ევროპასაც შეიძლება დახმარების რესურსი ამოეწუროს, რადგან პანდემიის მესამე ტალღის გამო ლოკდაუნები დაიწყო. ამერიკაც შორსაა "კოვიდის" დამარცხებისგან. ამ დროს კი საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება, ოღონდ ერთმანეთი გაანადგურონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ არც ერთ პარტიას აღარ მოუნდეს ქვეყნის მართვა.

- მუდმივად გვესმოდა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები­ ამერიკას უფრო უწევენ ანგარიშს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით,­ სასწორზე საქართველოს მომავალი დევს...
- ამერიკა ამ პროცესებში ჯერ არ ჩაერევა, რადგან ევროპელი დიპლომატები ცდილობენ საქართველოში ვითარების მოგვარებას­ და შავ კატასავით წინ არ გადაურბენენ. პრესტიჟის ამბავია - ევროკავშირმა ვერ მოაგვარა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის მოადგილე ჩამოვიდა და უცებ ყველაფერი გადაწყდაო. ეს ევროკავშირის პრესტიჟისთვის დიდი დარტყმა იქნება მსოფლიოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მტკივნეული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, თან ამერიკას­ საქართველოსთვის ჯერ არ სცალია, ევრო­პასთან­ ურთიერთობის აღდგენით არის დაკა­­­ვებული, თან ცდილობს ტრამპის დრო­იდან ჩინეთთან გაფუჭებული კავშირი­ აღადგინოს. ახლო აღმოსავლეთის საკითხებსაც ახლებურად უდგებიან, ავღანეთიდან ჯარის გამოყვანაზეც არის საუბარი.­.. საქართველოს დიდი პრობლემების მოგვარების შემდეგ მიაქცევენ ყურადღებას. იმედია, მანამდე ისეთს არაფერს გავაფუჭებთ, რომ რამდენიმე წლით უკან დავბრუნდეთ.

მიკვირს იმ პოლიტიკური ძალების, ვინც მეტ-ნაკლებად დაბალანსებული მეგონა, მათ მსოფლიოში არსებული ვითარების ადეკვატურად შეფასების უნარი არ აღმოაჩნდათ - თუნდაც რუსეთ-უკრაინას შორის ვითარების თავიდან დაძაბვას ვგულისხმობ. თუ რუსეთს უკრაინასთან ომის განახლება სურს, ახლა კარგი დროა, ევროპაც და ამერიკაც, მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად,­ "კოვიდის" გამო დასუსტებული არიან, რუსეთი კი ასეთ მომენტს ეძებს - აქტიურდება მაშინ, როდესაც იქ შიდა დაპირისპირებაა, ან მისი მხარდამჭერი ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით არიან დაკავებული.

შესაძლოა ეს მხოლოდ კუნთების თამაში იყოს, ზეწოლა უკრაინაზე, ზელენსკიზე, დონბასისა და ლუგანსკის საკითხზე, რათა მათ გენერალური სტატუსი მიანიჭოს. რუსეთმა კიდევაც რომ მოახდინოს იმ ტერიტორიების ანექსია, პრობლემებს დაიმატებს, ახალი სანქციები დაეკისრება, ვერც ნავთობსა და გაზს გაყიდის, მთელი ევროპა ამერიკულ გაზსა და შიდა რესურსებზე გადავა, ნავთობი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. არადა, უკრაინის საზღვართან შეკრებილი სამხედროების რაოდენობით რუსეთს შეუძლია კიევზეც კი მიიტანოს იერიში.

- ამ სიტუაციაში სტრატეგიული პარტნიორების ნდობის დაკარგვა რა საფრთხეს უქმნის საქართველოს?
- რუსეთმა თავისი ჯარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩააყენა, უფრო გაიძლიერა გავლენა სომხეთში, აკონტროლებს სომხეთ-აზერბაიჯანს, თურქეთ-აზერბაიჯანს შორის მიმოსვლას და თუ ხელს შევუწყობთ, სიამოვნებით გააკონტროლებს საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო მაგისტრალსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც. ამას მოიცავს ერდოღანის ექვსეულის ფორმატი, რაც რეგიონიდან დასავლეთის განდევნას ემსახურება. თურქეთი დომინანტობაზე ფიქრობს, მაგრამ რუსეთს გეგმა გათვლილი აქვს - ირანი ამ ფორმატში თამაშის წესებს ვერ დააწესებს,­ რუსეთ-თურქეთის პაექრობა კი მის სასარგებლოდ დასრულდება, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკის განმსაზღვრელი თავად იქნება­ და შუა აზიასაც ჩაკეტავს ევროპისგან. შედეგად, კასპიისა და შავის ზღვის რეგიონების განვითარება, ასევე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების გაყვანა, რომელიც საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებზე გასვლით ვითარდება, ჩაიშლება. თუ არ ჩაიშლება, რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა. ამიტომაც არის ასე მოწადინებული ევროკავშირი საქართველოში კრიზისის დასრულებით, ძალისხმევას არ იშურებს, როგორმე დაგვანახოს საფრთხეები.

- რა შეიძლება იყოს ევროპელი მედიატორების შემდეგი ნაბიჯი?
- საჭიროა მეტი ზეწოლა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ ქვეყნის არჩევანია ევროპული ინტეგრაცია. რაც შეეხება ევროპელ მედიატორებს, მათი ყველა წინადადება მისაღები იყო როგორც ოპოზიციისთვის, ასევე მთავრობისთვის, მიუღებელ საკითხებზე კი ონლაინკონსულტაციები იქნება, რათა როგორმე გამოსავალი იპოვონ. თუმცა ცხადია, სანამ მხარეები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში აღარ ჩამოვა, რადგან ის, რაც გავაკეთეთ, ევროკავშირისთვის დიდი დარტყმაა. დანიელსონს, როგორც გამოცდილ დიპლომატს, ბევრი რამ აქვს გამოვლილი, როგორც მარცხი, ასევე წარმატება, ქართველი პოლიტიკოსების საქმე მისთვის პირადი პრობლემა არ არის, მაგრამ ევროკავშირის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია და კიდევ უფრო დამაზიანებელი საქართველოსთვის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები