"იმედია, დასავლეთი ქვეყნის ბოლომდე დაქცევის საშუალებას არ მოგვცემს..."
"იმედია, დასავლეთი ქვეყნის ბოლომდე დაქცევის საშუალებას არ მოგვცემს..."
"პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლება იქნება სწორედ ის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, რაზეც დასავლეთი მიანიშნებს"

"პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირთან ჩვეულ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა შეთანხმების მიღწევაზე საქართველოს პოლიტიკური პარტიების უარის შესახებ გამოაქვეყნეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ამის გამო ევროკავშირმა გადახედოს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების საკითხს. ევროპარლამენტის წევრები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას. "ღრმად ვართ იმედგაცრუებული ქართველი
პოლიტიკური ლიდერების გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს შეთანხმება მიუხედავად ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევისა. დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას... სასიცოცხლოდ აუცილებელია პოლიტიკური პარტიის აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. დანიელსონის შეთავაზება საქართველოსთვის ნამდვილად საჭიროა. ეს გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო
სისტემის ძირეულ რეფორმებს, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან განაწილებას საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გამოსავალს სამომავლოდ არჩევნების ჩატარებისთვის, ასევე პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევას. ეს გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას... მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი. რა შედეგს მოუტანს საქართველოს პოლიტიკური აქტორების უკომპრომისობა, ჩაშლილი მოლაპარაკება, დასავლელი პარტნიორების განაწყენება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს მომავალში, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება­ უშედეგოდ დასრულდებოდა. მხარეები კი ამბობდნენ, წითელი ხაზები აღარ არსებობსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო, წითელი ხაზები ისევ არსებობდა. დანარჩენი საკითხები: საარჩევნო სისტემა, მართლმსაჯულება და სხვა, თანამდევი საკითხები იყო როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ოპოზიცია 1-ლი ნოემბრიდან დღემდე ითხოვს, რიგგარეშე არჩევნების საკითხი­ იყო. ერთადერთი, რაც ოპოზიციას შეიძლებოდა რიგგარეშე არჩევნების პარალელურად დაეყენებინა, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა. მხარეების დაპირისპირების ძირითადი კვანძი ეს ორი საკითხი იყო.

შეთანხმება სწორედ იმის გამო არ შედგა, წითელი ხაზები არც ხელისუფლებამ დათმო და არც ოპოზიციამ, არადა, არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს როგორც ეუთო/ოდირმა, ისე აშშ-მა. ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენაზე ითქვა, რომ არჩევნები საქართველოში "ლეგიტიმურობის ზღვარზე" ჩატარდა. მთლად ლეგიტიმური არ ყოფილაო, მაგრამ ამერიკამაც აღიარა მისი ლეგიტიმურობა. ხელისუფლებას რაღაც ჰქონდა ხელჩასაჭიდი, მაგრამ შემდეგ ამას დაემატა პოლიტპატიმრების თემა. თუ ამ ორ თემაზე მხარეები შეთანხმდებოდნენ, დანარჩენები როგორღაც მოგვარდებოდა. ჩემი აზრით, ორივე მხარეს დრო სჭირდებოდა მეტი ფიქრისთვის.

ძალიან სწრაფად გადაწყვიტა შარლ მიშელმა მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩატარება. ვფიქრობ, კიდევ სჭირდება დრო როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რომ რეალურად შეაფასონ ვითარება. ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა რესურსი, რომ ქუჩიდან ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე და პერმანენტული აქციებით ვადამდელი არჩევნების ჩატარება აიძულოს. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც უნდა გააანალიზოს, ევროკავშირისა და ამერიკის დაუხმარებლად როგორ შეძლებს ეკონომიკის ფეხზე წამოყენებას, სოციალური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. გულწრფელად რომ გითხრათ, დანიელსონის ბოლო დოკუმენტი ყველაზე ოპტიმალურად მიმაჩნია. ის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ითვალისწინებს, მაგრამ ითვალისწინებს პოლიტპატიმრების საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოსა და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებს.


- მაგრამ ოპოზიციისთვის მთავარი მაინც ვადამდელი არჩევნებია ან ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის გამონახვა...
- სიმართლე ვთქვათ, როდესაც 1-ლი ნოემბრიდან დღემდე უპირობოდ ითხოვ ვადამდელ არჩევნებს, თან ამბობ, ხელისუფლება არ თმობს არაფერს, თორემ მე მზად ვარო, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა კომპრომისი არ არის, როგორც ზოგიერთ ოპოზიციონერს ჰგონია. ეს არის ულტიმატუმი!

ახლა დასავლეთისთვის სატყუარა გაჩნდა პლებისციტის სახით. მე თუ მკითხავთ, მმართველი გუნდი უპირატეს მდგომარეობაშია, თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ ამას გამოიყენებს.

- მმართველი გუნდის უპირატესობა რაში მდგომარეობს?
- თუ პოლიტპატიმრები ყოველგვარი წინა პირობის გარეშე გათავისუფლდებიან, ანუ ამნისტია შეეხება ყველას და ყველაფერს, რაც 20 ივნისთან არის დაკავშირებული, ხელისუფლება ბევრად მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. ოპოზიცია ნიკა მელიას დაპატიმრებამდეც მარტო იყო, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას დასავლეთი მხარს არ უჭერდა. თუ ხელისუფლება ამ გონივრულ ნაბიჯს გადადგამს და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს, როგორც დასავლეთის, ისე ქართველი ხალხის ოპოზიციისთვის მხარდაჭერა უფრო შესუსტდება.

შესაბამისად, ის იძულებული გახდება ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი მოხსნას და შევიდეს პარლამენტში. დასავლეთი ხშირად მიანიშნებს, რომ ამ კრიზისში ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ასეც არის. პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლება იქნება სწორედ ის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, რაზეც დასავლეთი მიანიშნებს.

- თქვენ სასურველ რეალობაზე საუბრობთ, სინამდვილეში კი ხელისუფლება ისეთივე ხისტია, როგორიც ოპოზიცია. ასევე რეალობაა, რომ დასავლელი პარტნიორები უკვე ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ.
- სულ ვამბობდი, რომ ჩვენს პოლიტიკურ კლასთან ფასილიტაციით საუბარი საკმარისი არ არის, ჩვენი პარტნიორების მომრიგებელი მოსამართლის ფუნქციის მქონე მომლაპარაკებელია საჭირო.

დანიელსონს უფრო კატეგორიული მოთხოვნები უნდა დაეყენებინა, ყოველგვარი დიპლომატიისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოეთხოვა ორივე მხარისთვის მის დოკუმენტზე ხელის მოწერა. რაც შეეხება ფინანსური დახმარების შეწყვეტას, ამის შესრულებას დრო დასჭირდება, მთელი რიგი პროცედურების გამო. თუმცა არ ვიზიარებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის აზრს, რომ ევროკავშირის მხოლოდ 7 პარლამენტარი ლაპარაკობს სანქციებზე, როდესაც იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. ის 7 პარლამენტარი საქართველოს საკითხებზე მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში დანარჩენებიც მათ აზრს გაიზიარებენ, სხვათა შორის, არა მარტო ევროპარლამენტარები. ამერიკისგანაც იმავეს უნდა ველოდოთ.

იმედია დასავლელი პარტნიორებიც ფიქრობენ, რომ ჯერ ყველა რესურსი არ არის ამოწურული. დასავლელი პარტნიორები კიდევ არაერთხელ შეეცდებიან ჩვენი პოლიტიკური სპექტრის აზრზე მოყვანას.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას სწორედ ამ სანქციების იმედი აქვს. შესაძლებელია თუ არა სანქციების მოლოდინში პოლიტიკური კრიზისი მიზანმიმართლად გაამწვავოს?
- რა თქმა უნდა, შეეცდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლებამ უნდა იკისროს პროცესის მართვა, უპირობოდ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაიწყოს მუშაობა საარჩევნო კოდექსსა და სხვა რეფორმებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია დარჩება მოგებული.
ლაპარაკი, რომ პოლიტპატიმრები არა გვყავს და მათი გათავისუფლება თუ პატიმრობაში დარჩენა მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული, წყლის ნაყვაა და ამის არავის, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც არ სჯერათ. ყველამ ვიცით, რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ და როგორი სამართალი გვაქვს. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ასეთ საკითხებს სამართლიანობის სასწორით არ ვწონით.

- ამას არ აღიარებს ხელისუფლება.
- არ აღიარებს და მიიღებს იმას, რასაც 7 ევროპარლამენტარი ამბობს. სხვათა შორის, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ თუკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, ის მე-8 იქნება, ვინც განცხადებას შეუერთდება. გარწმუნებთ, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, ეს ამბავი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

- თუ მოვლენები ასეთი არასასურველი სცენარით განვითარდა, ცხადია, ეს რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნება.
- რუსეთისთვის მთავარია ვერ შევძლოთ დემოკრატიული ინსტიტუტების აშენება. 30 წელია ამისთვის ყველაფერს აკეთებს და ახლაც არ იქნება უმოქმედოდ, შეეცდება სიტუაცია არიოს, პოლიტიკური, რელიგიური თუ კულტურული ჯგუფები ერთმანეთს დააპირისპიროს.

- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს, ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს პოზნერის საქართველოში ვიზიტი რუსული პროვოკაცია იყო თუ დამთხვევა?
- შესაძლოა არც იყო დამთხვევა. ასეთი­ პატარ-პატარა ნაღმები კიდევ იქნება. იცით, მთავარი რა არის? ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა და რა პოლიტიკას ვატარებთ. რამდენჯერაც მომღერალი ან მოცეკვავე წავა მოსკოვში, ყველა ჯერზე ისტერიკის გამართვა არასწორი მგონია. უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ან არ შეგვიძლია. ჩემი თაობის ადამიანებს კარგად ეხსომებათ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ბალტიისპირელებს რუსეთის მიმართ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს რუსულად რომ დალაპარაკებოდი, ან პასუხს არ გაგცემდნენ, ან ძალიან ცუდად გიპასუხებდნენ. ჩვენ ვართ ამის გამკეთებელი? არ შეიძლება ყოველ ჯერზე გავრილოვის ან პოზნერის მსგავსი პირების ჩამოსვლა სპეკულაციის საგნად ვაქციოთ. პოზნერზე იყო საუბარი, მაგრამ ვიღაცებს ისიც გაახსენდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი წინანდალში მასპინძლობდა მიხალკოვს, რომელიც ასევე პუტინის მარჯვენა ხელია. შენგელია რუსეთში კალათბურთის თამაშს გადავაყოლეთ, მაგრამ რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე ლამის პრეზიდენტად ავირჩიეთ. არ შეიძლება ერი ასეთ აბდაუბდაში ცხოვრობდეს. პოზნერის ჩამოსვლას მართლა გულწრფელი სამოქალაქო პროტესტი რომ მოჰყოლოდა, მე მივესალმებოდი, მაგრამ ეს იყო პროტესტი პოლიტიკური ქვეტექსტებით!

- გასაგებია, რომ ამ პროტესტმა ასეთი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა საინტერესოა, რა ლოგიკას ექვემდებარება რუსების ჩარტერული რეისით ჩამოსვლა და კომენდანტის საათის დროს ქალაქის ქუჩებში პოლიციის ესკორტით გადაადგილება, შემდეგ კი რესტორანში ვახშმობა მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ვერ შემოდიან საკუთარ ქვეყანაში კარანტინის გავლის გარეშე?
- ამაში ის ლოგიკაა, რომ ხელისუფლება გვეუბნება, რასაც მინდა და როგორც მინდა იმას ვაკეთებო. ეს სიახლეა? ეს რომ ასეა, ახლა გავიგეთ?

ჩვენ რომ სამოქალაქო საზოგადოება ვიყოთ, ვერც კომენდანტის საათის დროს გაბედავდა ვინმე უცხოელი სტუმრებისთვის რესტორნის გახსნას და ვერც პუტინის პროპაგანდისტების ჩამოყვანას გარისკავდნენ ჩარტერული რეისით. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას საზოგადოების აზრი ისევე აინტერესებს, როგორც ოპოზიციას. ორივე ანგარიშს უწევს მხოლოდ უცხოელ პარტნიორებს. ისიც გარკვეული დოზით, ანუ იმის მიხედვით, რამდენად აწყობთ თავად. ასე იყო 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება, ყველა მათგანმა ხალხს ყელში ამოუყვანა თავი და ყველა მათგანის გაგდებამ მოუწია. ახლაც ასეთი პირი უჩანს.

- ჩვენს პოლიტიკურ კლასს კიდევ ერთი უცნაურობა ახასიათებს - ერთმანეთს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ამის გამო არც ხელისუფლებაში მყოფი პირები აგებინებენ პასუხს ოპოზიციაში მყოფ, მათი შეფასებით, რუსეთის აგენტებს და არც მოღალატედ შერაცხილი ოპოზიციონერები ჩივიან სასამართლოში ასეთი მძიმე ბრალდების გამო. რასთან გვაქვს საქმე?
- სანამ სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუტები არ შეიქმნება, ამ პრობლემას არაფერი ეშველება. 1987 წლიდან დღემდე ვინც რაიმე ფორმით პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, ყველა "აგენტია". მას შემდეგ, რაც "ჭავჭავაძის საზოგადოება" გაიხლიჩა და მათ ერთმანეთი ფსევდოეროვნულობაში დაადანაშაულეს, ამ ტაქტიკას არ ვღალატობთ. სააკაშვილმა არა მარტო მონათლა აგენტებად ნათელაშვილი, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ბერძენიშვილები და კიდევ სხვები, საქმეები აღძრა მათ წინააღმდეგ, მაგრამ დღეს მათთან არის. საქართველოში რუსული საქმე ყოველთვის ანტირუსული პროპაგანდის ფონზე კეთდებოდა. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, არ ვიცი, იმედია, დასავლეთი ქვეყნის ბოლომდე დაქცევის საშუალებას არ მოგვცემს, რადგან ეს არც მათ აძლევს ხელს.

ხათუნა ბახტურიძე
- ალექს
07 აპრილი 2021 08:31
ალექს
ხომ არ ჯობია რუსებს მავთულხლართი თურქეთის საზღვარზე გადავატანინოთ? არც მთავრობისთვის კითხვა დასჭირდებათ (თუმცა არც ახლა ეკითხებიან ალბათ) ისე შემოვლიან და გავლიან. თან დაგცინებენ რომ ერი არა ხარ, გაძღებიან, დათვრებიან, მოისაქმებენ და წავლენ. იქედან კი დაგცინებს პოზნერიც კუტუ-ზოვიც.
ჭკვიანი ადამიანები გვირჩევენ, რომ გავზარდოთ მომსახურების ხარისხი, ჩვენი პროდუქტების (რასაც ჯერ კიდევ ვაწარმოებთ) ხარისხი და სხვაც ჩამოვა და არ ვიქნებით დამოკიდებული რუს ტურისტზე. ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ მოხდება თანდათან. მერე საერთოდ აღარ ცამოვა პოზნერის მსგავსი არსებები. იმიტომ რომ დასაცინი არ ვიქნებით (https://www.youtube.com/watch?v=J-rRfABpDgc).
თავმოყვარეობა თუ არ აქვს ერს და მხოლოდ ხაჭაპურის გაყიდვით უნდა ქვეყნის გადარჩენა, მაშინ ის ქვეყანა ვერ გადარჩება.
სკოლაში ბავშვს რა უნდა ასწავლო? რუსი მიწას გვართმევს, დაგვცინის და ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით, რომ ჩამოვიდეს და ხაჭაპური მივყიდოთო?
ტატუნაშვილის მშობლებსაც ხომ არ ვურჩიოთ, რომ დაივიწყონ ის რაც უქნეს რიგითმა პოზნერებმა და ჩურჩხელითა და ტყლაპით დახვდეს? აბა ეკონომიკა დაგვექცევაო.
ალექს
06 აპრილი 2021 13:54
აქ ერთადერთი ლოგიკაა-ეს გათვლილი ეკონომიკური და პოლიტიკური დივერსიაა, რუსეთში ოფიციალური სტატისტიკა არსებობს რამდენი ტურისტი იმყოფებოდა აქ გავრილოვის გაგდებისათვის პუტინმა რომ აქ ტურიზმი აკრძალა-35 000 , მათ შეაწყვეტინა ტური და სასწრაფო რეჟიმში "ევაკუაცია" გაუკეთეთა, რამდენადაც მახსოვს 155 000 ბილეთის ჯავშანი რუსულ ავიაკომპანიებში მოახსნევინა და რუსეთის თვაუწვდენელი სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოსკენ ავტომობილებით , მატარებლებით და ავტობუსებით მიმავალი ტურისტები ჩამოსვა, შვებულებები გაუუქმა, მილიარდები დააკარგვინა ხლახს და ავიაკომპანიებს, რკინიგზას, ტაქსებს და ავტობუსებს , ისიც დათვლილი აქვთ რუსებს ჩვენ რამდენი დავკარგეთ და რა პროცენტია ეს ჩვენი შემოსავლის-მნიშვნელოვანი , რუსეთისათვის ისე რა , იმათთვის გარდა ფულების და განსაცდელი სიმოვნების დაკარგვისა (ახლაც არ დაბრუნებიათ ბილეთების ფულები და საგზურების-ავიატუროპერატორები ეუბნებიან გაუფასურდაო და ახალ სეზონზე მოგცემმთო, აღგიდგენთო ბილეთას და საგზურსო) ემოციონალური სტრესისა-ეგონათ 2008 მეორდებოდა , ომი რიგით რუსს სულაც არ ეხატება გულზე, მაგრამ რომ დაუძახებენ , წავა და იომებს და ბევრი დაობლდება ! ასეთივე სტატისტიკა პოზნერის ვიზიტისას - რამდენ რუსს ქონდა აღებული ცნობა , რომ დატესტილია კორონაზე, მზად ქონდა ბარგიბარხანა და ბილეთები , სასტუმრო, ტური დაჯავშნილი არსებობს და ხოშტერიას მიხუილა აწვდის , მიზანი ამ "პატრიოტიზმის" გათვლილი პოლიტიკური და ეკონომიკური დარტყმაა საქართველოზე ამჟამად მიმდინარე რევოლუციური პროცესის დროს, დიახ რევოლუცია მიმდინარეობს და ჩვენ დოყლაპიები გამოვალთ, თუ ამათ ერთიანად არ ამოვშანთავთ ჩვენი ქვეყნიდან ! წითელი ბარათი ამათ , მიწითალო კი ქოცებს და ორთავეს ახალ და ძველ სატელიტებს ! ძირს ნაცქოცმოქკავშირი დამქაშებიანად , ოღონდ უსისხლოდ და საარჩევნო ბიულეტენებით, როცა მოგვიწევს ჩაყრა, არცერთი ხმა ამათ, არცერთი, შევცვალოთ, ამათზე უარესს, მერწმუნეთ ვერ აირჩევთ ! ვინც ასეთი დივერსიის ჯაჭვური რეაქციის ანაბანაში ვერ ერკვევით , გეტყვით, რომ ერთმა მილიონმა არჩამოსულმა რუსმა ტურისტმა ჩვენს სასტუმროებს ასი მილიონი ევრო არ გადუხადა თუ ორასი , ამით დამთავრდა გგონიათ ? მათ არ შეჭამეს ათი მილიონი 7 ლარიანი ხაჭაპური , არ ჩაუჯდენენ ათ მილიონჯერ ათ ლარად ტაქსისტს , არ აიყვანეს მილიონჯერ გიდი , არ დალიეს ათი მილიონი თხუთმეტ ლარიანი ღვინო და 5 ლარიანი ჭაჭა და ამდენივე ბორჯომი და წყაროს წყალი და ათ მილიონჯერ არ ივახშმეს, არ ისაუზმეს და არ ისადილეს ! ანუ, არ გაიყიდა ათი მილიონი კილოგრამი კიტრი, პამიდორი, მწვანე ლობიო და ფხალეულის მასალა, ყველი, კვერცხი, პრასა ლობიო ჭადი, არ დაიდო არსად აგური და არ დაიბარა არ დაითოხნა მილიონი საკარმიდამო ! თან არ წაიღეს ათი მილიონი ჩურჩხელა და ტყლაპი, სუვენირები და ტკბილი მოგონებები, ახალი საშვებულებო სიყვარული და არ ჩააგდეს ხურდა ფული აუზებში , უკან დასაბრუნებელი თილისმის სახით ! აი, ეს არამზადული, მზაკვრული გათვლაა აქ ლოგიკა და არა რუსი მოხუცებული კგბშნიკის გასაძევებელი პროტესტი ! გაგრძელება აქვს-გაუფასურდა ლარი, ბანკმა სესხები ვერ დაიბრუნა, ამიტომ გაზარდა პროცენტები, არავის აღარ აფინანსებს, ხალხის უმუშევრობა გაიზარდა, დაავადდა, წამლის ფული არ აქვს, წამალი გაძვირდა , ემიგრაციაში ასობით ათასი გარბის და არავინ ბრუნდება , ეს ყველაფერი კი პირღია ქოცს ბრალდება ! მაგრამ თქვენ გეუბნებით, ჩემო ხალხო , ეს ჩვენი ბრალია, რომ ნაცქოცმოქკავშირს სატელიტებიანად მისი ადგილი აქამდე არ მივუჩინეთ, ეს ვერაგი და ორგული ძალაა, კომკავშირია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები