"რუსეთის დუმა­ში ვინც ტაში დაუკრა რუ­სეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას, იმ დე­პუტატს უზარმაზარი ბიზნესი აქვს ბათუმში და არავინაა მისი ხელის­ მომკიდებელი" - კვირის პალიტრა

"რუსეთის დუმა­ში ვინც ტაში დაუკრა რუ­სეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას, იმ დე­პუტატს უზარმაზარი ბიზნესი აქვს ბათუმში და არავინაა მისი ხელის­ მომკიდებელი"

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ დახვდა სააკაშვილი ლარსზე რუს ტურისტებს. ვინ იყო იქ იმპერიულად მოაზროვნე და ვინ - დასასვენებლად ჩამოსული, კაცმა არ იცის"

ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტიც და აქციაც მესამე ძალის დაკვეთილი იყო და არ გამორიცხავს რუსეთის საპასუხო ნაბიჯებს.

- რაც იმ ღამით მოხდა, იყო პოლიტიკური დაკვეთა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოზნერი თურმე წლებია აქ ჩამოდის. სხვა არ ჩამოვიდოდა იმ ქვეყანაში, რომელზეც ასეთი გამონათქვამების უფლებას აძლევს თავს.

პოზნერს პირადად ვიცნობ და მას რომ ჰკითხოთ, რატომ თქვა ეს, იტყვის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგი ვიყავი და არა ქვეყნის და ხალხისო, რაც დემაგოგიაა. ეს იგივეა, რაც ნავალნიმ თქვა ქართველ ერზე, დღეს კი ამბობს, ასეთი რამ არ უნდა მეთქვაო.

ისეთი დონის პროფესიონალებს, როგორიცაა პოზნერი ან ნავალნი, ეს არ ეკადრებოდათ და რაც თქვეს, არ უნდა შერჩეთ. გარდა ამისა, პოზნერის ჩამოსვლის მთელი ცერემონიალი ისე იყო შეფუთული, რასაკვირველია, გამაღიზიანებელი იყო და მათ შორის ჩემთვისაც. პოზნერი თვითონ რატომ ჩამოვიდა, ეს არის საკითხავი.

- პროვოკაციის სუნი ხომ არ ასდის ამ ყველაფერს? - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. პოზნერი პირველად არ ჩამოსულა საქართველოში, 2008 წელს ვანო მერაბიშვილმაც ჩამოიყვანა, ომის დასრულებიდან 10 დღის შემდეგ, ის მერეც ბევრჯერ ჩამოსულა. შესაძლოა ეს ჩამოსვლა გააზრებული იყო, რათა ასეთი რეაქცია მოჰყოლოდა. პოზნერი მაღალი კლასის ჟურნალისტია, რომელიც მიღებულია ბევრ ქვეყანაში და მისი საჯარო ლექციები მახსოვს არა მარტო მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, ვენასა და სხვა დიდ ქალაქებში.

ის პოზიციონირებს როგორც ლიბერალი, მაგრამ სინამდვილეში, სადაც საჭიროა, იქაურ ქუდს იხურავს: სადაც სჭირდება, იქ იმპერიული იდეოლოგიის მქადაგებელია, სადაც სჭირდება, ლიბერალურის...

ეს აქცია იყო კლასიკური პოლიტიკური დაკვეთა. მონაწილეების დიდ უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, პოზნერის სახელი არც სმენიათ, ან თუ სმენიათ, არც იცოდნენ, რა თქვა მან. ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო, მაგრამ ესეც არ არის მნიშვნელოვანი, ხდება ხოლმე ასეთი რაღაც. ისინი, ვინც ამას აპროტესტებდნენ, ჩამოვთვლი, თავად რას აკეთებდნენ: პოზნერის კონტექსტში იმპერიული აზროვნება ვახსენე, მაგრამ გავიხსენოთ კლასიკური იმპერიული მოაზროვნე, პუტინის რეჟიმის ბურჯი ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც 2011 წელს საქართველოში ჰქონდა შვილის ქორწილი. სხვათა შორის, ქორწილში დაუპატიჟებლად მივიდა სააკაშვილი და იქ მყოფებს ძალიან კარგად ახსოვთ, როგორ გააჩუმა მიხალკოვმა ის, როცა თამადას ხელს უშლიდა. მიხალკოვს პუტინთან დაახლოებული პირიც არ ჰქვია, მისი ძმაკაცია და იმპერიული პოლიტიკის გამტარებელი. ის უდიდესი რეჟისორია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმპერიულად აზროვნებს, მისთვის რუსეთის იმპერიაა მთავარი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მას ისეთი რაღაცები აქვს საქართველოზე ნათქვამი, პოზნერს არც დაესიზმრება. საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, როგორ დახვდა სააკაშვილი ლარსზე რუს ტურისტებს. ვინ იყო იქ იმპერიულად მოაზროვნე და ვინ - დასასვენებლად ჩამოსული, კაცმა არ იცის. ამას თვითონ პრეზიდენტი აკეთებდა, მუდმივად თბილად ურთიერთობას ცდილობდა თბილისში ჩამოსულ რუსული ელიტის წარმომადგენლებთან.

ამ აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გიგა მაქარაშვილი, ძალიან კარგად მახსოვს, მინდია გულუას გვერდით რომ იჯდა გაჭიმული, მისი პრესმდივანი იყო, გულუა კი იყო კლასიკური რუსული ძალის პროდუქტი. მან პოლიტიკური პარტია შექმნა და ეს ბიჭი იყო მისი პრესმდივანი. მერე ეს ხალხი "ნაციონალების" გვერდით დადგა. იმას აღარ მოვყვები, რა ობიექტები მიჰყიდეს რუსებს, რა ეკონომიკური ბერკეტები ჩაუგდეს ხელში, ენგურის ამბავიც გვახსოვს, კინაღამ რუსებს რომ მიჰყიდეს და კიდევ კარგი, აფხაზები ჩაერივნენ... ახლაც ცნობილ "ფანჩატურში" ზის ადამიანი, რომელიც პრორუსულ ძალად ითვლება. პლუს ამას, "ნაციონალებს" რუსეთის ორმაგი მოქალაქე ჰყავდათ პარტიის თავმჯდომარე და რა ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეს ყველაფერი მიბიძგებს ვიფიქრო, რომ ყოველივე ეს ხელოვნურად კეთდება და ზუსტად მესამე ძალის დაკვეთილი ღონისძიებებია. როცა ხელისუფლებამ იცის, რომ ასეთი პირების ვიზიტი ქვეყნისთვის წამგებიანია, ეს არ უნდა დაუშვას - ვინ ამბობს, რომ არ უნდა გაგვეპროტესტებინა? მაგრამ ნათქვამია, ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველებაო.

მაქარაშვილისთანა ტიპი რატომ უნდა ასწავლიდეს საზოგადოებას პატრიოტიზმს? იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მასთან არიან, მართლა შესტკივათ გული და ფიქრობენ, რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ.

- თქვენი აზრით, ვიზიტიორებს ექნებოდათ გარკვეული, კომენდანტის საათის დარღვევის გამო შეექმნებოდათ თუ არა პრობლემა ქვეყანაში და გარანტია ჰქონდათ თუ არა მიცემული ხელისუფლების რომელიმე ჯგუფისგან?

- არ მომეწონა ამ კომენდანტის საათის დროს მანქანის გაცილებები, ესკორტი... ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს სტუმრებისთვის უნდა აეხსნათ, რომ არ ღირდა ჩამოსვლა. იმდენი ჭკუა ხომ უნდა გქონდეს, დროის სატარებლად ამ კომენდანტის საათის რეჟიმში არ ჩამოხვიდე? ან თუ ჩამოდიხარ, ასეთ დროს რატომ არჩევ? პოზნერი იქნება თუ სხვა, როცა იცი, კომენდანტის საათია და მაინც ჩამოდიხარ, გამოდის, პროვოკაციაზე მიდიხარ. როცა ხელისუფლებამ იცის, რომ ასეთი პირების ვიზიტი ქვეყნისთვის წამგებიანია, ეს არ უნდა დაუშვას.

რომელიმე ჯგუფმა ეს ხომ წინასწარ იცოდა? ამაში ძალოვანი სტრუქტურებიც იყვნენ ჩართული, აბა, საპატრულო ეკიპაჟი როგორ აცილებდა? შეიძლებოდა ამის დელიკატურად აღკვეთა. ხომ არ უშვებდნენ აქ წლების განმავლობაში მაქსიმ შევჩენკოს? რა, პოზნერი მაგაზე დიდი ჟურნალისტი კი არ არის. მაგრამ მეორე საკითხია ამათი დემონსტრაციულად დაჯარიმება და სხვა.

- ანტიქართული პროპაგანდა გაჩაღდა რუსეთში. როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ამბავი რუსეთმა? კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უმალვე განაცხადა, "საქართველო სახიფათო გახდა რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეს რეალობა რუსებმა უნდა გააცნობიერონო". როგორ ფიქრობთ, ეს ტურიზმს დაარტყამს?

- რუსეთი გადასარევად გამოიყენებს ამ ვითარებას, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ტურისტების რიცხვი. ეს ტურიზმის საწინააღმდეგოდ კი არ იყო, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ორივე მხრიდან ეს იყო მიმართული საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

პესკოვმა ისიც თქვა, პრემიერმა დაგმო ეს ამბავიო. ღარიბაშვილი რად უნდა, ამ აქციას მეც ვგმობ... რუსეთი ამ ამბავს გამოიყენებს და არა მხოლოდ ტურიზმისთვის ხელის შესაშლელად. სამწუხაროდ, ასეა - ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია არც ასეთი ტიპის აქციების აღკვეთა და არც ასეთი ტიპის სტუმრების ჩამოსვლის შეზღუდვა.

იცით, რას უნდა მიხედონ? რუსეთის დუმაში ვინც პირველი ადგა და ტაში დაუკრა რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას, იმ დეპუტატს უზარმაზარი ბიზნესი აქვს ბათუმში და კაციშვილი არ არის მისი ხელის მომკიდებელი, პირიქით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, იგივე ვარშალომიძე და დღევანდელი მაღალჩინოსნებიც მშვენივრად გრძნობენ მასთან თავს. გვარს არ ვიტყვი, მას სამი უზარმაზარი სასტუმრო აქვს და გადასარევად აქვს აწყობილი ბიზნესი. თუ პრინციპული ვართ, მაშინ ბოლომდე ვიყოთ. საზოგადოების გადამწყვეტი ნაწილისთვის გასაგებია ეს ორმაგი თამაშის წესი.

რუსეთში ბევრმა კარგად იცის რეალური სიტუაცია და ამის დამადასტურებელია ტელეკომპანია "დოჟდის" ხელმძღვანელის განცხადება, რომელმაც დაგმო პოზნერის ჩამოსვლა, თუმცა, რასაკვირველია, არ მოეწონა საპასუხო რეაქცია. რუსეთი სხვა ტიპის ქვეყანაა. თუ მოსკოვს მოუნდა, ვერც ერთი ტურისტი აქ ვერ ჩამოვა ვერც ლარსის გზით და ვერც თვითმფრინავით. შეუძლიათ ისეთი მეთოდოლოგია შექმნან, კაციშვილმა ვერ შეძლოს აქ ჩამოსვლა ისე, როგორც 2006 წელს, როცა ქართველები გამოყარეს იქიდან.

პოზნერის ჩამოსვლა არის ერთი ეპიზოდი, რომლის გათამაშებასაც დღეს საქართველოსა და საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიაში რუსეთი ცდილობს. ჩვენი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ საქართველოში პოლიტიკური კლიმატის შესაცვლელად. ეს იმიტომ სჭირდებათ, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ დასავლეთი ამოვარდნილია სამხრეთკავკასიური პოლიტიკიდან. დასავლეთს სჭირდება სერიოზული დაბრუნება და ამისთვის მყარი პლატფორმა, რომელიც მხოლოდ საქართველო შეიძლება იყოს. მათ არ აწყობთ აქ არასტაბილური ვითარება.

რუსეთის პოზიცია კი ის არის, რომ 2006 წელს სამხედრო თვალსაზრისით გაძევებული რუსეთი 2008 წელს უკან დავაბრუნეთ, 2020-ში კი აზერბაიჯანელებმაც დააბრუნეს - მათი სამხედრო წარმომადგენლობა ჩვენთანაც არის და იქაც. ახლა რუსეთი ცდილობს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური გავლენებიც გაავრცელოს. ამაში მხოლოდ პოზნერის ვიზიტს არ ვგულისხმობ, ავიღოთ თუნდაც აფხაზეთის ხელმძღვანელობის გაუთავებელი მოწოდებები საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ფაზის თაობაზე. იმას კი არ ვამბობ, ყველას გავებუტოთ-მეთქი, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ვის რა უნდა. შევქმნათ დიალოგის რეჟიმი აფხაზებთან, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ აფხაზებს ასეთი წინადადება დამოუკიდებლად არ მოსვლიათ თავში და გავთვალოთ, რა უნდა მათ უკან მდგომ რუსეთს...