"დაანთონ ცეცხლი და ნაცარში გაკოტრიალდნენ - ეს არის „ნაცმოძრაობის" და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესი - კვირის პალიტრა

"დაანთონ ცეცხლი და ნაცარში გაკოტრიალდნენ - ეს არის „ნაცმოძრაობის" და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესი

"აქციები რა თქმა უნდა, ეპიდვითარებას დაამძიმებს, მაგრამ როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია ის, რომ ყველა მიმართულებით დამძიმდეს მდგომარეობა ქვეყანაში, რომ დაანთონ ცეცხლი და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების თაობაზე ქუჩაში დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა საჭირო არ არის.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული თუ რა ვითარება იქნება ეპიდემიოლოგიურად და ამოქმედდება თუ არა მკაცრი შეზღუდვები.

"შეზღუდვების გამკაცრება თუ მისი შემსუბუქება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ ჩვენი ქცევა იქნება იმდაგვარი, რომ მინიმალურ მოთხოვნებს შევასრულებთ, რაც რთული არ არის: მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, შესაბამის დროს ჩავიტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემსუბუქდება, ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი და ამ დროს საჭირო არ იქნება შეზღუდვები. შეზღუდვებისთვის არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა ქუჩაში, არამედ საჭიროა დავიცვათ ის წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ მათ ვივიწყებთ", - განაცხადა ხუნდაძემ.

"ინტერპრესნიუსი"