"ვიღებ თუ არა დეპუტატის ხელფასს? არ გავუგზავნე პარლამენტს ჩემი ანგარიშის რეკვიზიტები - მე მაგ ფულს ხელს არასდროს მოვკიდებ" - კვირის პალიტრა

"ვიღებ თუ არა დეპუტატის ხელფასს? არ გავუგზავნე პარლამენტს ჩემი ანგარიშის რეკვიზიტები - მე მაგ ფულს ხელს არასდროს მოვკიდებ"

"თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია რომ გავაკრიტიკოთ, საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ შეგვაზილოთ ვინმეს? მინდა ავუხსნა თქვენს მაყურებელს, რამდენი განსხვავება არსებობს ჩემსა და ალეკო ელისაშვილს შორის და თუ ეს დამაჯერებელი იქნება თქვენთვის, მინდა, რომ ბოდიში მოიხადოთ ჩემი შეზელვისთვის ალეკო ელისაშვილთან!" - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში", წამყვანის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმითაც, იმ ნარატივით, რომელიც დღეს "გირჩს" აქვს, ის ძალიან ახლოს არის პარტია "მოქალაქეებთან".

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მის პარტიას "მოქალაქეებისგან" მთელი რიგი საკითხები განასხვავებს, მათ შორის, ის რომ მისი პარტია პარლამენტში არ არის წარმოდგენილი და არც რომელიმე საპარლამენტო თანამდებობას იკავებს.

"როდესაც თქვენ მეუბნებით, რომ ალეკო ელისაშვილის რაღაცაში ზიხართო, უნდა მითხრათ, რას გულისხმობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია რომ გავაკრიტიკოთ, საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ შეგვაზილოთ ვინმეს? მინდა ავუხსნა თქვენს მაყურებელს, რამდენი განსხვავება არსებობს ჩემსა და ალეკო ელისაშვილს შორის და თუ ეს დამაჯერებელი იქნება თქვენთვის, მინდა, რომ ბოდიში მოიხადოთ ჩემი შეზელვისთვის ალეკო ელისაშვილთან! პირველი, მე ვარ თუ არა პარლამენტში ფიზიკურად? ეს ხომ განმასხვავებს ალეკო ელისაშვილისგან, რომ არ ვარ პარლამენტში. მეორე, მე ვიღებ თუ არა დეპუტატის ხელფასს? - არ მერიცხება, იმიტომ, რომ უარი განვაცხადე ამაზე და არ გავუგზავნე პარლამენტს ჩემი ანგარიშის რეკვიზიტები, მე მაგ ფულს ხელს არ მოვკიდებ არასდროს. "გირჩის" არც ერთი წევრი ამას არ იღებს. გინახივართ, რომ ვყოფილიყავი რომელიმე საპარლამენტო თანამდებობის პირი ? მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე- სპიკერი პარლამენტის, ხომ არ ვყოფილვარ ?! - ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელი არის. პარლამენტში რომც ვიყო, მე იქ არც ერთი თანამდებობის პირი არ ვიქნები,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე განცხადებით, ის ითხოვს ახალ არჩევნებს არა იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, არამედ იმ არგუმენტით, რომ პოლიტიკურ სპექტრში ვითარების რადიკალურმა ცვლილებამ ამომრჩეველი მოტყებული დატოვა. როგორც მან განმარტა, დღეს პარტიათა უმეტესობაში აღარ არიან დარჩენილი ლიდერები, რომლებსაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, მათ შორის არც "ქართულ ოცნებაში". ამიტომ, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამომრჩეველს აქვს სრულიად ლეგიტიმური უფლება, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვს.

"რიგგარეშე არჩევნებს ჩვენ სულ ვითხოვდით. დღესაც ვითხოვთ ოღონდ სხვა არგუმენტით, ოპოზიცია ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს იმ არგუმენტით, რომ არჩევნები გაყალბდა. ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, რომ არ გაყალბებულა. შესაბამისად, ამ მოთხოვნით არსებული ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, როცა მთავარი მტკიცებულება შენს სასარგებლოდ არ მოქმედებს? მე როგორც კი დავინახე, რომ ამ არგუმენტით ვერ მივიღებ ვადამდელ არჩევნებს, სხვა არგუმენტით ვითხოვ ვადამდელ არჩევნებს. არგუმენტი არის ის, რომ თურმე აღმოჩნდა, რომ არჩევნებამდე ადამიანები ცხოვრობდნენ სიცრუეში, ჩვენ, პოლიტიკური სპექტრი ადამიანებს სიცრუეში ვაცხოვრებდით. მე არ ვიცოდი, მაგალითად, ჩემი პარტიიდან ლიდერი თუ წავიდოდა, "ქართული ოცნებიდან" ბიძინა ივანიშვილი და გახარია რომ წავიდოდნენ იცოდით ? "ევროპული საქართველო" რომ დაიშლებოდა და ზოგადად 5 კაცი შეიყვანა პარტიამ პარლამენტში და არც ერთი არ არის "ევროპული საქართველოს" წევრი, იცოდა ეს ამომრჩეველმა? დღევანდელი მოცემულობით არჩევნებიდან ნახევარ წელიწადში აღმოჩნდა, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ არის იმ ფორმით, რა ფორმითაც ადამიანებმა მათ ხმა მისცეს. ვინაიდან პოლიტიკური სპექტრი იმდენად შეიცვალა არჩევნების შემდეგ, რომ საერთოდ სხვა სიტუაცი გვაქვს პოლიტიკურ სპექტრში, ადამიანები ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოქალაქეები სრულიად ლეგიტიმურად შეიძლება ითხოვდნენ ამ, უკვე თვალგახელილ რეალობაში ახალ არჩევნებს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და იმიტომ ჩაატარეთ, არამედ უბრალოდ მეათე მოწვევის პარლამენტის მიმდინარე პერიპეტიებმა თვალი აგვიხილა ქართველ ხალხს, ამიტომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომ თვალგახელილებმა ჩავატაროთ ახალი არჩევნები,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.