"ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, ციხეში რომ კლავდნენ - ნიუტონის მესამე კანონია, მგონი, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, ციხეში რომ კლავდნენ - ნიუტონის მესამე კანონია, მგონი, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას"

"ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ - ქმედება იწვევს უკუქმედებას", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მისაღებია ბათუმში კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ცოცხების სროლა.

სუბარი აცხადებს, რომ ამ ქმედებას ის არ ახალისებს.

"ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, ციხეში რომ ადამიანებს კლავდნენ. ზოგადად, ნიუტონის მესამე კანონია თუ არ ვცდები, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას, მარტო ფიზიკაში და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. წახალისებული ჩვენგან არ არის. ცოცხი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებს..."- აცხადებს სუბარი.

დამაზუსტებელ კითხვაზე მისაღებია თუ არა აღნიშნული ქმედება მისთვის, სუბარი აცხადებს - "მე არ მითქვამს მისაღები და მიუღებელი, მე არ ვახალისებ".

"მე გითხარით, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას, თუ მოიქცევიან ადეკვატურად და ცივილიზებულად, პასუხიც ეგეთივე იქნება,"- განაცხადა სუბარმა.

სუბარი ოპონენტებს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, მართლაც სურთ თუ არა მანდატების შეწყვეტა.

"ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით რომ მოგვმართავენ, როგორც კი შეწყვეტის დღე ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო", - ასე პასუხობს საპარლამენტი უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ შესაძლოა, მათ პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.

"ჯერ ჩამოყალიბდენ, მართლა უნდათ თუ არა, რომ მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა. თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს - წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს," - განაცხადა სუბარმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იქნება მანდატების არშეწყვეტა კანონთან წინააღმდეგობაში.

"თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში ეწერებოდა, რომ ადამიანს, რომელიც მოითხოვს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო," - განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.

"თუკი ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის ჭკუაზე ივლის, რომელმაც ხმების 0,8%-იც ვერ დააგროვა ან თუ გიგა ბოკერიას დაუჯერებს, რომელმაც პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშინ კარგი დღე არ დაადგებათ", - მისივე თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, რომ იქნება კონსტრუქციული და რასაც ხელს მოაწერს, შესრულდება.

სუბარმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც მსჯელობა შეიძლება და ეს არის დოკუმენტი, რომლის მიღებაც შეიძლებოდა.

"თუ ოპოზიცია ამ დოკუმენტს დაეთანხმება, აზრი ექნება მოლაპარაკებების გაგრძელებას და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. არ იქნება არევა, რასაც ცდილობენ! პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ვართ კონსტრუქციულები და რასაც ხელს მოვაწერთ, შევასრულებთ! პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმაზე, რომ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერას და შემდეგ მის შესრულებას ძალით ვაიძულებთ. ეს არ არის დემოკრატიული. ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკურად არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ არის დისკრიმინაციული. თავიანთ გამონათქვამებს ვერ აკონტროლებენ. სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ და სხვაგან არიან. მზად ვართ, მოლაპარკებების გაგრძელებისთვის, თუ ოდნავ კონსტრუქციას მაინც დავინახავთ. არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი განცხადებები პარტნიორების მიმართ, მომლაპარაკებლის და იმ ჯგუფების მიმართ, ვინც შეიძლება შეურაცხყოფად და დისკიმინაციად აღიქვან ისეთი განცხადებები, როგორიც არის კოჭლი დოკუმენტი და ა.შ. ოპოზიციამ ის რეალობა უნდა მიიღოს, რაც პარტნიორებმა დააფიქსირეს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, დარღვევებმა გავლენა ვერ მოახდინა შედეგზე. ეს უნდა გაითავისონ და მაშინ ექნება აზრი მოლაპარაკების გაგრძელებას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"