რას ამბობს ვოლსკი, IRI-ს კვლევის მიხედვით გამოქვეყნებულ გიორგი გახარიას რეიტინგზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ვოლსკი, IRI-ს კვლევის მიხედვით გამოქვეყნებულ გიორგი გახარიას რეიტინგზე?

რეალობა არის ის, რომ გიორგი გახარიამ ხალხის საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება მაშინ მიიღო, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო - საზოგადოებივი აზრის კვლევაც სწორედ ამ პერიოდშია ჩატარებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევებში გიორგი გახარიასადმი მოწონების მაღალ მაჩვენებელს.

აქვე ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად მისი და "ქართული ოცნების" გუნდის დამოკიდებულება გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ მკვეთრად უარყოფითია.

"მას ჩემი პირადი სიმპატია და მთელი გუნდის მხარდაჭერა, გვერდში დგომა გარანტირებული ჰქონდა, რაც პრემიერ-მინისტრის წარმატებისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, თუმცა როცა საქმე პრინციპულ მომენტზე მიდგა, მისი ქცევა მისაღები არ არის. როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება, არ ვიცი, რადგან ამ პერიოდის კვლევა არ ჩატარებულა. გახარია თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ერთხელ, მოკლე კომენტარით გამოჩნდა და მას ასეთი რეიტინგი ეკრანზე ერთი გაელვებით არ მიუღია", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ "გახარია ელექტორატის ხმებს წაიღებს, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" ხმები იყოს".

"არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას მიესალმება", - დასძინა გია ვოლსკიმ.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გიორგი გახარია მოწონების რეიტინგში კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ მეორე ადგილზეა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს.

"ინტერპრესნიუსი"