"ამომრჩეველი, რაც არსებულ ოპოზიციას გამოაკლდა, არის მოლოდინის რეჟიმში" - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველი, რაც არსებულ ოპოზიციას გამოაკლდა, არის მოლოდინის რეჟიმში"

ვფიქრობ, რომ ამ კვლევით დასავლეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ოპოზიციას როგორმე უბიძგოს პარლამენტში შესვლისკენ და დაანახოს, თითქოსდა მათ რიგგარეშე არჩევნების დროს ნაკლები პერსპეტივა აქვთ, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი მაინც არის "თავისუფალი ფორვარდი" და შესაბამისად, სხვადასხვა პარტიებს აქვთ ამ 70 პროცენტის მიზიდვის რესურსი.

"ციფრები, საიდანაც უნდა ამოვიდეთ და მსჯელობა დავიწყოთ, ვფიქრობ, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" უარყოფითი რეიტინგებია - 27% და 26%, რომლებიც მათ არასდროს მისცემდა ხმას. შესაბამისად, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავის არჩევანში ერთგვარად თავისუფალია ანუ გამოდის, რომ სხვადასხვა გარემოებების შემთხვევაში ან ერთი ან მეორე ძალისთვის ხმის მიცემას არ გამორიცხავენ. მე ამ ამომრჩეველს ე.წ. თავისუფალ ფორვარდებს დავარქმევდი, რომელთაც თავისი, მყარად ჩამოყალიბებული ელექტორალური ანტიპატია არ აქვს და შეიძლება მათი სიმპატიები შეიცვალოს გარემოებების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით. "ნაციონალური მოძრაობის" 26%-იან უარყოფით რეიტინგთან უნისონში მოდის სააკაშვილის განცხადებაც, რომ საქართველოში რომ გამატარო, 24 საათის განმავლობაში ხალხის 70% -ს მოვაგროვებო, რადგან ეს სწორედ ის ციფრია, რომელიც უარყოფითი რეიტინგის მიღმა რჩება.

მეორე და ძალიან საინტერესო მონაცემია დათო ბაქრაძის ფენომენი. როგორც ჩანს, ბოლო წლების მანძილზე ასე ხედავს დასავლეთი მისთვის სასურველი ქართველი პოლიტიკოსის სახეს და შესაბამისად, მის ადგილს ამ კვლევებში, ვფიქრობ, დასავლეთის ეს სურვილი განსაზღვრავს. ამ გზით დასავლეთს სურს ქართველ ამომრჩეველში პოპულარიზაცია გაუწიოს მისთვის სასურველი ქართველი პოლიტიკოსის კრიტერიუმებს. თუმცა, არჩევნების შედეგები აჩვენებს ხოლმე, რომ დასავლეთის საზომი და ქართველი ამომრჩევლის განწყობა მნიშვნელოვნად აცდენილია ერთმანეთს", - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, კვლევაში ოპოზიციის რეიტინგის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, თუმცა ციფრების სიზუსტეზე ვერაფერს იტყვის.

"ტენდენცია არის ცხადი. ეს სრულიად რეალურია, რომ ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იყოს, აქ კითხვები არ მაქვს, თუმცა ვერაფერს გეტყვით ციფრებზე. ოპოზიცია მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიებიდან გამომდინარე ამომრჩეველთან ცოცხალ კომუნიკაციას მოწყდა და ტელევიზიის ჩარჩოებში ჩაიკეტა. მას ყურადღების მიღმა დარჩა ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი თემები. ოპოზიცია თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა და პარალელურ სამყაროებში არსებობენ თითქოს ამომრჩეველი და პოლიტიკური ელიტა. რა თქმა უნდა, სასიცოხლოდ აუცილებელია ის თემებიც, რა თემებზეც ახლა ოპოზიცია აქცენტს აკეთებს, სხვაგვარად ამ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდება და თუ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდა, ვერც იმ პრობლემების აღმოფხვრა მოხერხდება, რაშიც ქვეყანა იხრჩობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პრობლემებით ოპოზიცია არ უნდა იყოს დაკავებული. ამასთან, იმ ტენდენციას ვემხრობი, რომ ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა, ეს მნიშვნელოვანია. მე ოპოზიციის ამ შემცირებულ რეიტინგებში ერთგვარად დავინახე დასავლეთის სურვილი, მოტივაცია გაუჩინოს და უბიძგოს ოპოზიციას პარლამენტისკენ. აქაც გარკვეულწილად დასავლეთის სურვილი არის დომინანტური, რომ ოპოზიციას ამ კვლევით დაანახოს - თქვენ რა გელოდებათ რიგგარეშე არჩევების შემთხვევაში და თქვენთვისვე სჯობს პარლამენტში შეხვიდეთ. ზოგადად სოციოლოგიური კვლევების მონაცემებს გარდა საზოგადოების განწყობის ასახვისა, ასევე, იყენებენ იმისთვისაც, რომ საზოგადოებაში გაავრცელონ მათთვის სასურველი განწყობები და მესიჯები. ვფიქრობ, ამ კონკრეტული კვლევის დროსაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ამ კვლევით დასავლეთს სურდა თავისი მესიჯი მიაწოდებინა ოპოზიციისთვის, რომ როგორმე უბიძგოს და გაუღვივოს პარლამენტში შესვლის სურვილი, თითქოსდა რიგგარეშე არჩევნების დროს მათ წარმატების ნაკლები პერსპექტივა აქვთ", - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი, რაც ამ კვლევამ აჩვენა, არის როგორც ამომრჩევლებში იმედგაცრუება, ასევე მათში სიახლის, ახალი ენერგისაა და იდეების მოლოდინი.

"თავისთვად ოპოზიციური განწყობა არსად წასულა და ის, ამომრჩეველი, რაც არსებულ ოპოზიციას გამოაკლდა, არის მოლოდინის რეჟიმში. მიმაჩნია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის თავისუფალი ფორვარდი და შესაბამისად, თეორიულად ყველა პარტიას აქვს მათი მხარდაჭერის მიზიდვის რესურსი, ერთი კატეგორიული პირობით, რომ ისინი მოახდენენ სრულ რეინკარნაციას, გადახალისებას, საკუთარ იმიჯს ფუნდამენტურად შეცვლიან ახალი სახეების და ახალი იდეების წყალობით და მოქალაქეებს ახალ ენერგიასა და იდეებს შესთავაზებენ.

ამასთან, არსებული გარემო ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისთვისაც ხელსაყრელია. ერთი მხრივ, მზარდი ოპოზიციური განწყობა და მეორე მხრივ, სიახლის მოლოდინი, კარგი ნიადაგია ახალმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმაც რომ აკრიფონ პოლიტიკური წონა.

რაც შეეხება გახარიას ფაქტორს, ზოგადად საქართველს 30-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, ახალი პოლიტიკური ძალები ყოველთვის იბადებოდნენ არსებული სახელისუფლო ძალის წიაღში. ამ შემთხვევაშიც არ გამოვრიცხავ, რომ ამასთან გვქონდეს საქმე, მით უფრო ახალი პოლიტიკური მოთამაშეების მოლოდინი ან არსებულ პოლიტიკურ ძალებში ახალი პოლიტიკური ხედვების და ენერგიის მოლოდინი დასავლეთსაც აქვს. მისი ეს მოლოდინი უკავშირდება იმგვარ პოლიტიკურ ძალას და სუბიექტს, რომელიც შეძლებს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის სტაბილური განვითარება და რაც მნიშვნელოვანია, სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს და თავისთავად, დაიცვას ქვეყნის პროდასავლური კურსი", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც პარტიების რეიტინგებზეცაა საუბარი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% "ქართულ ოცნებას" ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, 26% კი ნაციონალურ მოძრაობას. ხოლო რაც შეეხება მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს, როგორი იქნებოდა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, გამოკითხულთა 35% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 18% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობს", 3%-მა "ევროპული საქართველო" დაასახელა, 3%-მა კი - "სტრატეგია აღმაშენებელი". კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. 5% სრულად ენდობა, 10% კი არ ენდობა. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობას, კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსწონს, მესამე ადგილზე კი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეა.

"ინტერპრესნიუსი"