"ყველაზე საინტერესო, რაც ამ კვლევაში შეიძლება დავინახოთ, ეს არის ნეგატიური არჩევნის ძალიან სახიფათო ნიშნული, როგორც "ნაც მოძრაობის", ასევე - "ოცნების" მიმართ" - კვირის პალიტრა

"ყველაზე საინტერესო, რაც ამ კვლევაში შეიძლება დავინახოთ, ეს არის ნეგატიური არჩევნის ძალიან სახიფათო ნიშნული, როგორც "ნაც მოძრაობის", ასევე - "ოცნების" მიმართ"

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, "რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 18% ხმას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, 3%-მა "ევროპული საქართველო" დაასახელა, 3%-მა კი - "სტრატეგია აღმაშენებელი". გამოკითხულთა 2%-მა "გირჩი მეტი თავისუფლება" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა: "ლეიბორისტული პარტია", "მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი" და "პატრიოტთა ალიანსი"; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია "ლელოს" მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10% ხმას არც ერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.

კითხვაზე - "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში", გამოკითხულთა 27% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 26% ხმას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" არ მისცემდა, 9%-მა "პატრიოტთა ალიანსი" დაასახელა, 8%-მა კი - "გირჩი". კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა პარტია "გაერთიანებულ საქართველოს", 5%-მა - "ლეიბორისტული პარტია" დაასახელა, 5-5%-მა - "მოქალაქეები" და "ევროპული საქართველო", 4%-მა - პარტია "სამართლიანობისთვის", 4%-მა - პარტია "ლელო", 2-2%-მა "სტრატეგია აღმაშენებელი" და "რესპუბლიკური პარტია", 1 %-მა დაასახელა სხვა პარტია, 6%-მა - არც ერთი, 26%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ იცის. რას აჩვენებს ბოლო კვლევის შედეგები და როგორ შეიცვალა მოსახლეობის განწყობა, აღნიშნულ საკითხებზე ანალიტიკოსები - ზურაბ ბატიაშვილი, გია ხუხაშვილი და ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრებიან.

ზურა ბატიაშვილი:

- "ქართული ოცნების" 35% და "ნაციონალური მოძრაობის" 18% იმის დასტურია, რომ საქართველოში მესამე ძალა ვერ ჩამოყალიბდა. თუ მესამე პოლიტიკური ძალა რეალურად გამოჩნდება და პოლიტიკურ ველს ამ ორი ძალისგან გაათავისუფლებს, მაშინ ამომრჩევლის განწყობაც შეიცვლება. ლაპარაკია გიორგი გახარიაზე. მაგრამ მას ჯერ ბევრი რამ აქვს სათქმელი, დასამტკიცებელი. ვნახოთ, რის დადებას შეძლებს პოლიტიკურ ველზე შემოსვლისას. იქნება თუ არა დამოუკიდებელი მოთამაშე, ჯერ ვერ ვიტყვით, ჯერ არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას საფლავი მოინახულა და სამეგრელოში ჩავიდა.

ვახტანგ ძაბირაძე: - ჩემი აზრით, "აირაის"კვლევები მოსახლეობის განწყობას რეალურად ასახავს. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური სპექტრი ამას რეალურად შეაფასებს და რეალურად დაინახავს, რა სჭირდება საზოგადოებას. ოპოზიცია გადაბრალებას კი ნუ დაიწყებს, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მოიქცეოდა და რას გააკეთებდა, არამედ - იმაზე იფიქროს, მათდამი დამოკიდებულება როგორ და რატომ არის შეცვლილი. კვლევა ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ამავეს ფიქრობს და ოპოზიციას ამავეს მოუწოდებს ჩვენი ყველა პარტნიორი. დიახ, ისიც ლოგიკურია, რომ "ქართულ ოცნებას" 35% მისცემდა ხმას და "ნაციონალურ მოძრაობას" - 18%. დაახლოებით, ისეთივე სიტუაციაა, როგორიც არჩევნებამდე იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნები იდეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ არც ისე მასობრივად გაყალბებულა, როგორც ბოიკოტის მომხრე ძალებს უნდათ წარმოაჩინონ.

ახლა რიგგარეშე არჩვენები არავის უნდა, ესეც ფაქტია. კი, მომხრეების და მოწინააღმდეგეების რაოდენობა პროცენტულად ერთი და იგივეა, მაგრამ აქაც, როგორც ერთი, ასევე - მეორე აზრის მხარდამჭერი, უბრალოდ, თვლის არა იმას, რომ აუცილებელია და მას ეს ძალიან აინტერესებს, არამედ, ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ამ კინკლაობის თუ დაპირისპირების მოგვარების გზა და ამიტომ, დაპირისპირებას ურჩევნია, რომ ჩატარდეს, ჯანდაბას მათი თავი.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, როდესაც ეს კვლევა ჩატარდა, გახარია ჯერ კიდევ პრემიერი იყო და მას თავისი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა. ახლაც აქვს. თუ გახარია თავის პოლიტიკურ პარტიას მართლა შექმნის, ეს აუცილებად იქონიებს გავლენას "ქართული ოცნების" დღევანდელ კონსოლიდირებულ ელექტორატზე. სხვათა შორის, იმ ელექტორატზეც, რომელიც მცირე პარტიებს უჭერდა მხარს. რა მასშტაბის იქნება ეს გავლენა, ახლა რთულია ამის თქმა, რადგან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გია ხუხაშვილი: - ჩემი აზრით, ეს კვლევა დღეს აქტუალური არ არის. კვლევა თებერვალშია ჩატარებული. მას შემდეგ კი ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. მას შემდეგ, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გადადგა, ნიკა მელია დააპატიმრეს, ლარის კურსი კი რეკორდულად გაუფასურდა.

გასაკვირია, ასეთი დაგვიანებით რატომ მოხდა ამ კვლევის გამოქვეყნება. შეიძლება იმიტომაც, რომ კვლევის დასრულება გახარიას გადადგომას დაემთხვა, ეტყობა, ძალიან დაიბნენ. ყველაზე საინტერესო, რაც ამ კვლევაში შეიძლება დავინახოთ, ეს არის ნეგატიური არჩევნის ძალიან სახიფათო ნიშნული, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე - "ქართული ოცნების" მიმართ, ანუ რადგან ჩვენ ვიმყოფებით ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლში, როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, არავის აქვს, რეიტინგებზე მნიშვნელოვანი ნეგატიური რეიტინგებია. ადამიანების რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას (და ასეთი ერთი პოლუსის შემთხვევაში არის 27% და მეორე შემთხვევაში - 26%), ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ყველაზე კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც ქვეყანაა შესული დღეს. პოლიტიკური კლასი, როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია, უფრო მეტად არის დისტანცირებული ხალხისგან.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)