"ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევქმნით - ჯერჯერობით არ ჩანს ის ნათელი წერტილი, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ" - კვირის პალიტრა

"ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევქმნით - ჯერჯერობით არ ჩანს ის ნათელი წერტილი, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო პროცესისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ელოდება.

"ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევქმნით სასამართლო პროცესზე, იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ის ნათელი წერტილი, მის გათავისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ. ზემდეტ მოლოდინებს ნუ შევიქმნით, რომ ამ სასამართლო პროცესზე ხვალ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. მე არ მგონია, რომ შეთანხმების გარეშე ეს მოხდეს. ამიტომ არის შეთანხმება საჭირო, რომ შემდეგ ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბარს, ვაშაძე თვლის, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები შეთანხმებით დამთავრდეს.

"ქართული ოცნებაც" ხედავს, რომ მათთვის ყველას მოტყუება და დესტრუქციული როლის შენარჩუნება მსუბუქი არ იქნება", - მისივე თქმით, მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო.

"ვფიქრობ, რომ მესამე რაუნდი აუცილებლად უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე სერიოზული მომზადებაა საჭირო, რომ არ იყოს ისევ ფუჭი შეხვედრა - მოლაპარაკებები შედეგის გარეშე. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები შეთანხმებით დამთავრდეს. "ქართული ოცნებაც" ხედავს, რომ მსუბუქი არ იქნება მისთვის ყველას მოტყუება და დესტრუქციული როლის შენარჩუნება, რომელიც მათ აქვთ. სწორედ ამ დესტრუქციული პოზიციის მიზეზით ჩაიშალა შეთანხმება მეორე რაუნდის დროს. ცალსახაა, რომ ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ საერთაშორისო ფორმატის თვალსაზრისით. კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე შეთანხმებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციის გარეშე, ნულოვანი მაქვს ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ და რაც არ უნდა კარგი დოკუმენტი დადონ, მასზე ხელმოწერას ფასი არ ექნება", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან კომპრომისისთვის მზად არის, მაგრამ ხუთივე საკითხი, რომელიც მხარეებს შორის შარლ მიშელის ვიზიტისას შეთანხმდა, შეთანხმების დოკუმენტში უნდა იყოს მოცემული.

"სტრატეგია აღმაშენებელს" ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მოლაპარაკებებში და ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადეკვატურად ვაფასებთ ყველა პროცესს. "ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგი გზავნილი მიიღო ევროპარლამენტარებისგან, როდესაც მეორე რაუნდი ჩაშალა. განცხადება, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, არის გზავნილი ჩვენთვისაც და "ქართული ოცნებისთვისაც". მე კომპრომისისთვის მზად ვარ, მაგრამ ხუთივე საკითხი, რომელიც შეთანხმდა მხარეებს შორის, რომ უნდა იყოს ამ შეთანხმების დოკუმენტში, უნდა იყოს მოცემული - იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ იყო საბოლოო და ის შინაარსით ვერ ასახავს ყველა იმ საკითხს, რომელიც შარლ მიშელმა დადო საქართველოში.

საუბარი იყო შეხვედრის ბოლოს და კრისტიან დანიელსონმა თქვა, სამ საკითხზე მაინც შევთანხმდეთო: არჩევნებთან, სასამართლოსთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით. დანარჩენი საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით კი შემდეგ მოლაპარაკებებზე განვიხილოთო, რაზეც ასევე უარი განაცხადა "ქართულმა ოცნებამ". მედიაციის მხარეს ხუთივე საკითხზე ხელმოწერა არც კი შემოუთავაზებია, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე მუშაობა არ არის დასრულებული", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"