"დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება" - კვირის პალიტრა

"დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება"

დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება, - ასე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ტრაგიკული ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს.

"საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.