"კინკლაობა ისევ გაგრძელდება - საქართველოში დათმობა აღიქმება მარცხად" - კვირის პალიტრა

"კინკლაობა ისევ გაგრძელდება - საქართველოში დათმობა აღიქმება მარცხად"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბატონო თორნიკე, როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ევროპულის საბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს და მეორე მხრივ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ასეთ დროს, ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ასეთ დროს ასევე ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მეტია. ჩემი აზრით, ბოლო ჩაშლილი რაუნდის შემდეგ მმართველ პარტიას რომ მოეწერა ხელი ევროპული საბჭოს მიერ შეთავაზებულ ვარიანტზე, ალბათ მმართველი პარტია საბოლოოდ მოიგებდა ოპოზიციასთან ბრძოლას.

ოპოზიცია ამ დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა და დასავლეთის თვალში გამოჩნდებოდა რომ მმართველი პარტიაა მართალია და ამით დასრულდებოდა ყველაფერი. ალბათ, ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდოდა და მმართველ პარტიას შეთანხმებით გაწერილი პუნქტების შესრულება არ მოუწევდა. გითხრათ სიმართლე, მე გამიკვირდა ხელისუფლებამ დოკუმენტს რატომ არ მოაწერა ხელი.

როგორც ჩანს, კინკლაობა ისევ გაგრძელდება და ამ კინკლაობაში, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყველამ კარგად იცის, რომ "ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს არანაირი სანქციები არ ემუქრება, ეს რა თქმა უნდა, ზღაპარია.

ეუთოს დოკუმენტი დევს, რომელიც ამბობს რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში საბოლოო ჯამში ჩატარდა კონკურენტულად და ამ პირობებში რა უნდა უქნას ოპოზიციამ ხელისუფლებას, ამ პირობებში გაუგებარია.

მხარეები თავიანთი პოზიციებით გააგრძელებენ ბრძოლას. როგორც ჩანს, ოპოზიციას იმის იმედი აქვს, რომ ხელისუფლება რამე სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და თავად დაიღუპავს თავს. ამ ეტაპზე მე ოპოზიციისთვის სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

- "პალიტრანიუსის" ეთერში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა ისევ ევროპული საბჭოს მედიაციით მესამე რაუნდის გამართვა.

რა შანსები არსებოს რომ მესამე რაუნდი საერთოდ გაიმართოს და რა შანსები არსებობს იმისათვის, რომ მესამე რაუნდზე მაინც მოახერხონ მხარეებმა შეთანხმების მიღწევა?

- შესაძლოა მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ შემდეგ რაუნდზე მოხდება ოპოზიციის გახლეჩა, ერთი, ან ორი პარტია შევა პარლამენტში გარკვეული კომპრომისების სანაცვლოდ. ოპოზიცია გაიხლიჩება და შესაბამისად ოპოზიცია სერიოზულად დაკარგავს პოზიციებს და ამ ეტაპზე ოპოზიცია პოლიტიკურ ბრძოლას წააგებს.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ოპოზიციის გახლეჩის იმედზეა, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას კარგად ხვდებიან საქართველოში და საქართველოს გარეთაც.

მაშ შემდეგ რაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე ძლიერმა ოპოზიციურმა პარტიამ წითელი ხაზი გაავლო, ცხადია იყო, რომ კონსენსუსი მხარეებს შორის ვერ შედგებოდა, რადგან ეს ასევე წითელი ხაზი იყო მმართველი გუნდისთვის.

- შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ხელისუფლება ყურადღებას ყველაზე ხშირად იმაზე ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. ის, რაზეც ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისს უწოდებს, ხელოვნური კრიზისია.

რამდენად ხელოვნურია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს?

- რთული სათქმელია. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ქუჩაში ხალხის დიდი მასის გამოყვანა ვერ მოახერხა. ეს მას აძლევს საფუძველს თქვას, რომ ხალხი ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ეს ნაწილობრივ დასტურდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებითაც.

მეორე მხრივ, საზოგადოებაში არსებობს განწყობა, რომ არჩევნები მთლად სამართლიანად არ ჩატარებულა. როგორც ჩანს, სიმართლე სადღაც შუაშია. ერთი მხარე ძალიან ძაბავს სიტუაციას, ოღონდ ისე ვერა, რომ რამე მიზანს მიაღწიოს, ხოლო ხელისუფლება ცდილობს მიჩქმალოს არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები. გააგრძელეთ კითხვა