"ნიკა მელია საპატიმროში არ უნდა დატოვონ"
"ნიკა მელია საპატიმროში არ უნდა დატოვონ"
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს ფორმები, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას, ასევე "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გასათავისუფლებლად.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, თუ ხვალ ნიკა მელია საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს, ეს ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"უნდა მოიძებნოს ფორმები, როგორც ნიკა მელიას, ასევე რურუას გასათავისუფლებლად. ამ ლოგიკით, ხვალ ნიკა მელია საპატიმროში არ უნდა დატოვონ, მაგრამ მოკლებული ვარ უნარს, ბიძინა ივანიშვილის ტვინის
ხვეულებში დავინახო, როდის, რა გადაწყვეტილებას იღებს. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იღებდა და იღებს ბიძინა ივანიშვილი, უკვე 8 წელიწადია. არ ვიცი რა იქნება, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, ეს იყოს. ამას თუ მოაყოლებს მერე სალომე ზურაბიშვილი რურუას გათავისუფლების ინსტრუმენტად საკუთარი ხელმოწერის გამოყენებას, ჩავთვლი, რომ დიახ, ხელისუფლებამ მოლაპარაკებისკენ მნიშვნელოვანი
ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე ოპოზიცია.

"ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის კრიტიკა არ გამჭირვებია, არც მიჭირს და არ გამიჭირდება, მაგრამ ახლა ოპოზიცია კი არ ქმნის მთავარ პრობლემას, მთავარ პრობლემას ხელისუფლება ქმნის. ის მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე ოპოზიცია. ამიტომაც, ჩვენი ევროპარლამენტარები, სენატორები და კონგრესმენები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები და ასევე ოპოზიციამ. ხელისუფლება თუ დათმობაზე არ მოდის, ეს ულტიმატუმი მივიღოთ? ულტიმატუმით ვის ელაპარაკებიან, ბრიუსელს?!“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მედიატორის შუამავლობით ე.წ. ჩარჩო დოკუმენტს ხელი მიზანმიმართულად არ მოწერა და ამის გამო მას არც "ქართველი ოპოზიციონერები შეუქმნიან კომფორტს და არც დასავლეთი“.

"სხვადასხვანაირმა ოპოზიციამ თანამშრომლობა შეძლო. მაგალითად, ბოიკოტს ყველა კი არ მიესალმებოდა, მაგრამ რადგან ყველაზე ძლიერმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩათვალა, რომ ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, მას მარტო ალეკო ელისაშვილმა დაასწრო ბოიკოტის პარტიულად გამოცხადება, რომელმაც მერე შეცვალა. პირველი ალეკომ თქვა, ჩემი პარტია ბოიკოტის მომხრეა, ამ გაყალბებულ პარლამენტში როგორ შეიძლება შესვლაო, მერე თქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე პარტიის სახელით. ამიტომ, სხვადასხვა მიდგომები იყო. მე არ ვიყავი ბოიკოტის მომხრე. ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან სოლიდარულები ვიყავით და სწორედ მოვიქეცით. ოპოზიცია შეძლებისდაგვარად მუშაობს, რაღაც შეცდომებით, მაგრამ ჯამში, ნორმალურად. ჩვენ ვითარებას ადეკვატურად ვუყურებთ“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან IRI-ის კვლევის შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ "ქვეყანა შუაზეა გახერხილი“.

"ქვეყანა პოლიტიკურადაც შუაზეა გახერხილი. თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერები შესამჩნევად მეტია“,-აღნიშნა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები