"ნიკა მელია სამართლიანად გახდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია სამართლიანად გახდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო"

"ნაციონალური მორაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება იყო "სამარცხვინო პოლიტიკური ფარსი", დღესაც, თუ ის გათავისუფლდება, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. ამის შესახებ ბარამიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, ნიკა მელია რეჟიმის პოლიტპატიმარია და ის თავის პოზიციაზე პრინციპულად დგას.

"ნიკა მელია არ აპირებს შეეგუოს არც არჩევნების გაყალბებას, არც მასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას და მის საჯაროდ აბუჩად აგდებას, ასევე, აბუჩად აგდებას ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის მინიმუმ 52%-ის გადაწყვეტილების და არ აპირებს შეეგუოს რეჟიმის მიერ დაწესებულ პოლიტიკურ უსამართლო მართლმსაჯულებას. ამის გამოა საპატიმროში. ის დაკავებულია პოლიტიკური მოტივით, რადგან რეჟიმს გონია, რომ ამით ნიკას ან ვინმეს დააშინებს. ნიკა სამართლიანად გახდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.

რაც შეეხება დღეს მის გამოშვება - არგამოშვებას, როგორც მისი დაპატიმრება იყო თავიდან ბოლომდე სამარცხვინო პოლიტიკური ფარსი, დღესაც, თუ მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს, რაც არ მგონია, ესეც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.