"მინდა, ნიკა მელია გარეთ იყოს" - კვირის პალიტრა

"მინდა, ნიკა მელია გარეთ იყოს"

ნიკა მელიას გარეთ ყოფნა არის ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენი სურვილი და "ქართული ოცნების" საჭიროება ერთმანეთს ემთხვევა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გამოშვება- არ გამოშვების საკითხი არის "ქართული ოცნების" თავის ტკივილი.

"ქართული ოცნების" ხელში არანაირი მოლოდინი არ მაქვს. "ქართული ოცნების" ხელში უბრალოდ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. მე გეტყვით რისი სურვილი მაქვს - მინდა ნიკა მელია გარეთ იყოს, თუმცა, ეს არის ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენი სურვილი და "ქართული ოცნების" საჭიროება ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენი სურვილია, რომ ნიკა მელია გარეთ იყოს. "ქართული ოცნება" თუ მიხვდება, ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, მას დიდი თავის ტკივილი მოშორდება, ოღონდ არ ვიცი ამისთვის გონიერება რამდენად ეყოფა, თან "ქართულ ოცნებას" დღეს მდგომარეობა უდგას ასე- გაათავისუფლებს მელიას და შეუმსუბუქდება ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ გაუართულდება ქვეყნის შიგნით. ან პირიქით, ქვეყნის შიგნით მიანიჭებს მის მდგომარეობას ამ წუთში უპირატესობას და დარჩება ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან. ამიტომ დღეს ნიკა მელიას გამოშვება- არ გამოშვების საკითხი არის "ქართული ოცნების" თავის ტკივილი.

რაც შეეხება კომპრომისს, გარკვეულ კომპრომისად ნიკა მელიას გათავისუფლებას შევაფასებდი, მაგრამ ეს ვერ იქნება ის ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან, პირიქით, კომპრომისს უზრუნველყოფს. ოპოზიციისთვის რიგგარეშე არჩევნები ეს არის გარდაუვალი თემა. ნიკა მელიასთვის რომ არჩევნები არ ყოფილიყო მთავარი თემა, ის პარლამენტში შევიდოდა და გარეთ იქნებოდა. გარეთ ყოფნა ეს უნდა იყოს შედეგი და საფუძველი მომავალი პროცესებისა და არავითარ შემთხვევაში საბოლოო შედეგი, რომლითაც პროცესები დამთავრდება",- განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"