"იწყებ გვირაბის თხრას, რომლის ბოლოშიც 10 წლის შემდეგ სინათლის გამოჩენას აანონსებ" - კვირის პალიტრა

"იწყებ გვირაბის თხრას, რომლის ბოლოშიც 10 წლის შემდეგ სინათლის გამოჩენას აანონსებ"

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გეგმას ეხმაურება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დააანონსა:

"ღარიბაშვილის 10 წლიანი გეგმა - როცა არ იცი, როგორ გადაწყვიტო დღევანდელი პრობლემები, იწყებ გვირაბის თხრას, რომლის ბოლოშიც 10 წლის შემდეგ სინათლის გამოჩენას აანონსებ... #ანვირიმოკვდებაანმისიპატრონი", - წერს ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს.

საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.