"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს"

"პირველ რიგში მინდა, შევეხო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც; შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში აშკარაა თითოეული ჩვენგანისგან მეტ ყურადღებას და მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს:, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი", - მთავრობის მეთაურმა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა.

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.